17.12.2015
მედიაში ისლამოფობიის მომძლავრებაზე საუბარი აქტუალური ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გახდა, თუმცა პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავე ბოლო პერიოდში უმძლავრესი ტერორისტული დაჯგუფების ISIS-ის გააქტიურების შემდეგ შეიძინა.
მედიის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ისლამოფობიას ახალ ამბებში რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს:
- სტერეოტიპიული დამოკიდებულება - ყველა ტერორისტული აქტის უკან ისლამური კვალის ძებნა;
- არასათანადო ტერმინოლოგია
- კონკრეტული რადიკალური ქმედებების განზოგადება. მაგალითად, ყველა მუსლიმის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, ისლამის ძალადობრივ რელიგიად მიჩნევა და ა.შ.
პარიზში 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, CNN-ის ერთ-ერთმა წამყვანმა ფრანგ მუსლიმ აქტივისტს ჰკითხა, “როგორ მოხდა, რომ საფრანგეთის მუსლიმ თემში არავინ იცოდა ეს ადამიანები რას გეგმავდნენ?”
ამის პასუხად გადაცემის სტუმარმა წამყვანს უპასუხა, რომ მსოფლიოში მცხოვრები 1.6 მილიარდი მუსლიმი ვერ იქნება იმ ადამიანთა ქმედებაზე პასუხისმგებელი, რომლებიც საკუთარ თავს მუსლიმებს უწოდებენ.
“თუმცა ჯერ არ მოგვისმენია მუსლიმი თემისგან ამ ფაქტის დაგმობა, ვნახოთ, დაველოდოთ” - ასეთი რეპლიკა დაურთო CNN-ის წამყვანმა სტუმრის კომენტარს.
როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიაში, რადიკალ ისლამისტთა ჩადენილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მედია ყოველთვის მიმართავს მუსლიმ ლიდერებს, ასევე, მუსლიმთა თემის სხვა წარმომადგენლებს ტერორისტული აქტის დასაგმობად. პარიზის ტერაქტების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა მუსლიმებმა სოციალური ქსელით კამპანიაც კი წამოიწყეს, რა დროსაც საკუთარ ფოტოებს აწერდნენ, რომ ისინი არიან მუსლიმები და გმობენ ტერორიზმს. ყველა სხვა მუსლიმის მიერ კონკრეტულ რადიკალთა ქმედების დაგმობა ყოველდღიურობის აუცილებელ ნაწილად იქცა, რადგან თუ მუსლიმმა არ დაგმო ტერორისტული აქტი, მაშინ ის ამ იდეების პოტენციურ გამზიარებლად მიიჩნევა.
The Huffington Post-ის რედაქტორი გაბრიელ არანა წერს, რომ ანტიმუსლიმური ისტერია ამერიკულ მეინსტრიმ მედიაში, მაგალითად, FOX news-სა და CNN-ზე, განსაკუთრებით იმ დროს ძლიერდება, როცა სადმე ტერორისტული აქტი ხდება.
“როდესაც პროდიუსერები გეგმავენ დებატებს თემაზე, არის თუ არა ისლამი ძალადობრივი რელიგია, ისინი არ სვამენ უბრალოდ კითხვას: ამით ისინი ამყარებენ, აკანონებენ უარყოფით, ცუდ წინასწარგანწყობას. დიახ, ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენი, როგორც მედიის დანიშნულება მსგავსი მითების გაფანტვაა და არა - ლეგალიზება. საბოლოოდ, დაბალანსებულ დებატებში ტოლერანტობისა და ფანატიზმის ორ, თანაბარ მხარედ წარმოჩენა მთავრდება ფანატიზმის გაღვივებით” - წერს გაბრიელ არანა და მაგალითად მოყავს FOX news-ის ერთ-ერთი დებატი, სადაც ტელეარხმა მაყურებელს განსახილველი თემა სწორედ ამ ფორმულირებით შესთავაზა.
გაბრიელ არანას თქმით, უკვე წლებია ამ მიმართულებით მედიაში სიტუაცია არ უმჯობესდება, რადგან ჟურნალისტები სვამენ ზედაპირულ კითხვებს, ავრცელებენ გადაუმოწმებელ, ხშირად უსაფუძვლო ინფორმაციას და ეს მეორდება დაუსრულებლად.
დიდი ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს გენერალური მდივნის ასისტენტი და The Guardian-ის კონტრიბუტორი მიქდაად ვერსი მიიჩნევს, რომ კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მედიის მიერ კრიმინალის გაშუქებისას ისლამზე ან ისლამის მიმდევრობაზე აქცენტირება მაშინ, როცა კონკრეტულ დანაშაულთან დანაშაულის ჩამდენის რელიგიურ მრწამსს არანაირი კავშირი არ აქვს. ის იხსენებს ფაქტს, როცა ბრტიანულმა მაღალტირაჟიანმა გაზეთმა The Mail on Sunday-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მუსლიმთა ბანდამ საემიგრაციო სამსახურის მანქანას საბურავები დაუჭრა”. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მუსლიმებს ამ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონიათ და გაზეთს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
ანტიმუსლიმურ კამპანიაში უფრო შორს წავიდა ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail. გაზეთმა თავის ვებგვერდზე მიმდინრე წლის სექტემბერში მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში ამწეს ჩამონგრევის შედეგად 100-მდე ადამიანის დაღუპვის ფაქტს მიუძღვნა სტატია სათაურით: “11 სექტემბრის წლისთავზე მექაში ბინ ლადენის კომპანიის კუთვნილი ამწეს ჩამონგრევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა”. მოგვიანებით გამოცემამ აღნიშნული სათაური შეცვალა, თუმცა მასალა ამ სათაურით ინტერნეტში ვირუსივით გავრცელდა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ამერიკული კულტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეველინ ალსულთანი თავის ერთ-ერთ კვლევაში დეტალურად მიმოიხილავს თუ როგორ აისახა ამერიკულ ახალ ამბებსა და მხატვრულ ფილმებში 2001 წლის 11 სექტემბერი. როგორც პროფესორი წერს, 11 სექტემბრის შემდეგ მუსლიმთა შევიწროებისა და მათზე რელიგიური ნიშნით თავდასხმის ფაქტები გახშირდა, რაც, ერთი მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რადგან 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ალქაიდამ აიღო. ამის პარალელურად, ამერიკულ მხატვრულ ფილმებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ამერიკელი ან არაბი მუსლიმები, რომლებიც ტეორორიზმის ისეთივე მსხვერპლები იყვნენ, როგორიც დანარჩენი ამერიკელები. ეველინ ალსულთანის დაკვირვებით, ფილმებში აქცენტი კეთდებოდა მსგავსი მოქალაქეების გმირობასა და თავგანწირვაზე აშშ-სა და მსოფლიო უსაფრთხოების გადასარჩენად. თუმცა, როგორც მკვლვარი აღნიშნავს, ტერორიზმთან დაკავშირებით გადაღებულ მხატვრულ ფილმებში მოქმედება მაინც ისე ვითარდება, რომ გაკვეულწილად, გამართლებულია მუსლიმთა მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაცია.
როგორც ალსულთანი წერს, 11 სექტემბრის შემდეგ მედიის მხრიდან განსაკუთრებული დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი მუსლიმი ქალები აღმოჩნდნენ, რომელთა თავსაბურავები მუდამ უარყოფით კონტექსტში იყო ნახსენები. მაგალითად, როდესაც ჟურნალისტები წერდნენ სტატიებს ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით, სადაც ავლენდნენ რაღაც დაფარულსა და საშიშის, ჟურნალისტურ მასალებს სათაურად არქმევდნენ “თავსაბურავს მიღმა”, “გაშიშვლებული საფრთხე”, “თავსაბურავის ჩამოხსნა(ნიღბის ჩამოხსნის კონტექსტში) და ა.შ. მსგავსი პარალელების გავლების დროს ამერიკულ მედიას არ უფიქრია იმაზე, რომ ისლამურ კულტურაში ყველაზე მეტად სწორედ ქალები იჩაგრებიან, საუდის არაბეთში გაუპატიურების მსხვერპლი ქალები გაროზგვით არაერთხელ დაუსჯიათ, ზოგ მუსლიმურ სახელმწიფოში გოგონებს კუსტარული ოპერაციით ადრეულ ასაკშივე უმახინჯებენ სასქესო ორგანოებს, რათა მათ სექსუალური კავშირით სიამოვნება ვერ მიიღონ და ა.შ.
უახლესი ფაქტებიც რომ გავიხსენოთ, ISIS-ის სისასტიკის უპირველესი მსხვერპლები სწორედ სირიასა და ერაყში მცხოვრები ის მუსლიმი მოქალაქეები არიან, რომელთათვისაც მიუღებელია ტერორისტული დაჯგუფების მიერ დამყარებული რეჟიმი. სწორედ ამიტომ დაუშვებელია მედიამ ხელი შეუწყოს და რაიმე ფორმით წაახალისოს მუსლიმთა სტიგმატიზაცია და მათი დისკრიმინაცია.
დიდი ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს გენერალური მდივნის ასისტენტი და გარდიანის კონტრიბუტორი მიქდაად ვერსი მედიას გამოსავლის სახით სამ რამეს სთავაზობს:
- ცნობიერების ამაღლება, მეტი განათლება, რაც გულისხმობს მედიის მხრიდან ტერმინების სწორ გამოყენებასა და ფაქტების ადეკვატურ ანალიზს;
- უმცირესობების ჯგუფების უფრო მეტად ჩართვა, თუნდაც სარედაქციო საქმიანობასა და გადაწყვეტილები მიღების პროცესში;
- მედიის თვითრეგულირების გაძლიერება. მაგალითად, ბრიტანეთის თვითრეგულირების ორგანოს, იგივე პრესის სტანდარტების დამოუკიდებელი ორგანიზაციის(IPSO) მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს ინდივიდის რასის, კანის ფერისა და რელიგიის აღმნიშვნელი სიტყვები თავის ნაშრომში, თუ კონკრეტულად ეს დეტალები საქმეს პირდაპირ არ უკავშირდება.
მსგავსი მუხლი აქვს ქართული თვითრეგულირების ორგანოს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომლის მე-7 მუხლში წერია: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ფოტო: http://www.zmescience.com