ისლამური სახელმწიფო და მედიაპროპაგანდა
21.07.2016
ისლამური სახელმწიფო და მედია

ისლამურ სახელმწიფოს კარგად აწყობილი მედიასისტემა აქვს. დიდი ფულისა და პროფესონალების წყალობით კი შთამბეჭდავი ხარისხისა და რაოდენობის მედიაპროდუქტს აწარმოებს.

ისლამური სახელმწიფოს მედიაგანვითარება სირიაში 2014 წლის იანვრიდან, ქალაქ რაქაზე კონტროლის დამყარებისას იწყება. ტერორისტულმა ორგანიზაციამ სირიის თავისუფალ არმიაზე გაიმარჯვა და 200.000-იანი ქალაქის დე ფაქტო მმართველი გახდა. ჯიჰადისტებმა მალევე აკრძალეს ადგილობრივი მედიასაშუალებები, დააკავეს აქტივისტები, მათ შორის მუჰამედ ნოურ მატარი, რომელმაც 2013 წლის 13 აგვისტოს, რაქაში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართული აქცია გააშუქა. მალევე დააარსეს საკუთარი რადიო, რომელიც ჯიჰადის დოქტრინის შესახებ ამზადებდა გადაცემებს და მებრძოლთა ლიდერების გამოსვლას პირდაპირ ეთერში უშვებდა.

მოჰამედ აზოუზი, რაქას მკვიდრი რეჟისორი და აქტივისტი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, ინკა კოვენინთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს რადიო არამუსლიმური დაჯგუფებებისა და დასავლეთის მიმართ სიძულვილის ენას ავრცელებს. მისი ძირითადი მსმენელები კი ტაქსის მძღოლები და მაღაზიების მფლობელები არიან.

ამ ეტაპისათვის რადიოსადგურს ონლაინ ვერსიაც აქვს „Al-Bayan“, რომელზეც დღეში საშუალოდ ათ ახალ ამბავს დებს. ამბები, ძირითადად, ისლამური სახელმწიფოს „მიღწევებს“ და უპირატესობას ეხება.

ისლამურ სახელმწიფოს რამდენიმე პროპაგანდისტული ორგანიზაცია აქვს. მათ შორისაა „The Al-Furqan Institute for Media Production“, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ძველი მედიაგანყოფილებაა და მეწტილად ვიდეოებს აწარმოებს. „The Al-I’tisam Media Foundation“ კი ბოლო რამდენიმე წელია, ISIS-ისათვის იღებს ვიდეოებს. რაც შეეხება „The Alhayat Media Center-ს“, მისი ძირითადი სამიზნე დასავლური აუდიენციაა. ისლამურ სახელმწიფოში თავისი მუსიკალური არხიცაა. მაგალითად, „The Ajnad Media Foundation-ი“ ეთერში 2014 წლის იანვრიდან გადის და ჯიჰადისტურ სიმღერებსა და ისლამურ ვოკალურ მუსიკას გადასცემს.

ტელე და რადიომაუწყებლობის გარდა, ისლამურ სახელმწიფოს ონლაინ გამოცემებიც აქვს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „Dabaq“ - ინგლისურენოვანი ონლაინ გამოცემა, რომლის პირველი ნომერი 2014 წლის 5 ივლისს გამოჩნდა სათაურით „ხალიფატის დაბრუნება“. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. ნომრები, ძირითადად, ძალადობისაკენ მოწოდებით გამოირჩეოდა. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის შესახებაც იყო საუბარი, რომელიც იეზიდების დამონებით უნდა მომხდარიყო. ონლაინ ჟურნალში ასევე იბეჭდება ე.წ. მოწოდება ჯვაროსნების მოკვლის შესახებაც, მათში ის დასავლელი მოქალაქეები იგულისხმებიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ალიანსში არიან გაწევრიანებულები. სააგენტო ისლამური სახელმწიფოს ახალი ამბების (ISN) ძირითად სამიზნე ჯგუფს სირიისა და ერაყის მოქალაქეები წარმოადგენენ. ამავე გვერდზე იდება ISIS-ის ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ღონისძიებათა და სამომავლო გეგმების შესახებ. გამოცემების გარდა არსებობს ინტერნეტფორუმებიც, სადაც პოსტებსა და ფოტოებთან ერთად სტატიები და ვიდეოებიც იტვირთება.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს დასავლეთში მცხოვრები მუსლიმი თემი წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯიჰადისტები მაღალ დონეზე ფლობენ სოციალურ მედიას და იციან, თუ როგორ შეიძლება მათი გაგზავნილი მესიჯი ზუსტად სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს, ეს ერთიორად ართულებს დასავლეთის მუშაობას. ინტენსიური პროპაგანდის მიზანი აუდიტორიის თვალში დასავლეთის დისკრედიტაცია და ისლამური სახელმწიფოს სიძლიერის ჩვენებაა. ISIS-ის ჯიჰადისტური იდეოლოგიის გავრცელება დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმურ საზოგადოებაში ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი მებრძოლი შეუერთდეს მათ რიგებს. პროპაგანდის მასალებად იყენებენ ფოტოებს, ვიდეოებს, ჩანაწერებსა თუ აუდიო შეტყობინებებს. სტრატეგია დღემდე წარმატებით მუშაობს.

ისლამური სახელმწიფო და სოციალური მედია

დღეს მკვლევრები ხშირად ამბობენ, რომ ვიეტნამის ომი პირველი სატელევიზიო ომი იყო, სირიის კონფლიქტი კი პირველი Youtube ომი გახდა. მიზეზი სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ სოციალური ქსელების მაღალპროფესიულ დონეზე გამოყენებაა. აქ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს თავისი მედიასაშუალება აქვს, რომელსაც პროპაგანდის მანქანად იყენებს. ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში შესვლა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაჯდეს, მედიასაშუალებები უარს ამბობდნენ საკუთარი ჟურნალისტების გაშვებაზე და სოციალური ქსელებისა და მოქალაქე ჟურნალისტების იმედად არიან.

სოციალური მედია, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკურ მოვლენებში, რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ირანში, არჩევნების შემდგომი გამოსვლების დროს, მთავრობამ ინფორმაცია ჩაახშო და თეირანის ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს მოქალაქე აქტივისტები დასავლურ სამყაროს ტვიტერის საშუალებით აწვდიდნენ. თუმცა ეს საწყისი ეტაპი იყო. სოციალურ მედიას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა არაბული გაზაფხულის დროსაც, მაგალითად, Facebook-ი, ინფორმაციის გავრცელების გარდა, მომიტინგეთა შეკრების ფუნქციასაც ითავსებდა. სწორედ ამიტომ კონფლიქტის დასაწყისში, იმ პატარა ქალაქებში, სადაც აჯანყების პირველი ნიშნები გამოჩნდა, ასადის მთავრობამ პირველ რიგში სოციალურ ქსელებსა და მობილურ კავშირგაბმულობაზე წვდომა შეზღუდა.

სოციალურ მედიას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს: თუკი სირიიდან რაიმე ვრცელდება, აქტივისტები პირველად Youbute-სა და Twitter-ზე დებენ, ხალხიც ახალ ამბებს აქ ელოდება.

კარგი მაგალითია 2013 წლის 21 აგვისტოს შემთხვევა. ქიმიური ნივთიერება ზარინით მოწამლული ხალხის შესახებ ინფორმაცია სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, თუმცა, მეორე მხრივ, ჟურნალისტებსა და ექსპერტებს უჭირდათ გადამოწმება, იყო თუ არა რეალური ფაქტების ამსახველი ეს ვიდეოები. მოგვიანებით არამხოლოდ მედია, არამედ ამერიკის ადმინისტრაცია და სადაზვერვო სისტემებიც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებზე გახდნენ დამოკიდებულნი.

სოციალური მედიის მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ შეცდომებისაგან დაზღვევა შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ სანდოობა დაბალია, ახალი ამბების გავრცელების სიჩქარე ინტერნეტში შეცდომების გავრცელების ალბათობასაც ზრდის. ამიტომაც, თუ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და სასწრაფო არ ხდება, წყაროდ მის გამოყნებას ჟურნალისტთა დიდი ნაწილი ერიდება.

ინფორმაციის წყაროდ ტრადიციული მედია იყენებს სირიაში მყოფ აქტივისტებსაც, რომელთა შორისაც პროფესიონალი ჟურნალისტები ხშირად არიან. მეტიც, არსებობს საინფორმციო ოფისიც. მას ადამიანის უფლებათა სირიელი დამკვირვებელი (SOHR) ჰქვია და ბრიტანეთში სირიიდან გაძევებულმა რამი აბდელ რაჰმანიმ დააარსა. ორგანიზაციაში თავს იყრის უამრავი ინფორმაცია მთელი სირიიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად წყაროს აქტივისტები წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ ის ოპოზიციასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, SOHR-ის ინფორმაციას არამხოლოდ მედია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად იყენებენ.

სოციალური ქსელებიდან მომდინარე ინფორმაციის გადამოწმების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ონლაინ-გადამოწმების რამდენიმე ხერხი (გუგლის ძიება, რუკა და ა.შ.), ტექნიკური ხარვეზები ბევრია. მაგალითად, გუგლის რუკა ხშირად არ ახლდება და ამიტომ ვიდეოს გადაღების ადგილის მოძებნა, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.

ISIS-ის პროპაგანდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს Facebook და Twitter, რომელთა საშუალებითაც არამხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ, არამედ ახდენენ ISIS-ის დემონიზებას, რაც უფრო მეტად აფრთხობს მოსახლეობას აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში. ბუნებრივია, დაჯგუფების მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული, ძალადობის შემცველი ვიდეოები იშლება და ანგარიშებიც იბლოკება, თუმცა ისინი მაინც ნახულობენ ახალ-ახალ გზებს პროპაგანდის გასავრცელებლად. მაგალითად, იყენებენ ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა VK და DIASPORA. ორივე სოციალური ქსელი ფეისბუკის კონკურენტად მიიჩნევა და მომხმარებლის მოსაზიდად ნაკლებად მკაცრი წესები აქვს.

მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წლის ზაფხულში არნახულ წარმატებას მიაღწია და ხალიფატიც გამოაცხადა, მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერების მობილიზაციისათვის მედიაკამპანია დაიწყო. ერთ-ერთ ასეთი 2014 წლის 19 ივნისს გამოცხადდა, სახელწოდებით მილიარდი მუსლიმი ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად. კამპანიის მიზანი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს ეჩვენებინათ სოლიდარობა ISIS-ისათვის და გამოეყენებინათ ტვიტერის ანგარიშები. მოგვიანებით ჯიჰადისტებმა Youtube-ზე დადეს ვიდეო, სადაც ასახული იყო ის ტვიტები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მთლი მსოფლიოდან იგზავნებოდა მათთან.

რა არის ისლამური სახელმწიფო

ისლამური სახელმწიფოს ისტორია 2003 წლიდან იწყება. იმ დროიდან, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის გადაგდება და ერაყის დაკავება შეძლეს. მაშინ ერაყის სამოქალაქო და სამხედრო სამსახურში დასაქმებული, სადამ ჰუსეინის ერთგული ათასობით სუნიტი სამსახურის გარეშე დარჩა. ალ-ყაიდამ კი ამერიკისადმი მათი განწყობა გამოიყენა და ასე დაარსდა ალ ყაიდა ერაყში (AQI), რომელსაც სათავეში იორდანელი მებრძოლი, აბუ მუსაბ ალ-ზარქავი ჩაუდგა. დაჯგუფების მთავარი მიზანი იყო, განეხორციელებინათ ამბოხებები როგორც შიიტების, ასევე ერაყში განთავსებული აშშ-ს სამხედრო ძალების წინააღმდეგ.

შიიტი ძალების წინააღმდეგ თავდაპირველად ისინი ცენტრალურ ერაყში აწყობდნენ შეთქმულებებს, ასევე აფეთქებდნენ სასტუმროებს მეზობელ იორდანიაში. ერაყული ალ-ყაიდას წევრების უმეტესობა მაშინ აშშ-ს ბანაკ Camp Bucca-ში იყვნენ დაპატიმრებულები, სადაც პრაქტიკულად, რადიკალებად ჩამოყალიბდნენ.

ახალი დაჯგუფების სათავეში მოსვლის შემდეგ ზირქავიმ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წარმომადგენლებთან არსებული კავშირები მალევე დაივიწყა და ახალი დაჯგუფება ორ ძირითად საფუძველზე, სამხედრო ჯიჰადსა და სუნიტური ერაყის ნაციონალიზმზე ჩამოაყალიბა.

შექმნიდან მცირე ხანში ჯგუფი ისეთი გახმაურებული ტერორისტული აქტის ინიციატორი აღმოჩნდა, როგორიც იყო 2003 წელს ბაღდადში მდებარე გაეროს ოფისის აფეთქება, რომელსაც ელჩისა და მისი 20 თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, ამერიკელებთან დაუნდობელი ბრძოლის შედეგად, ზარქავიმ უსამა ბინ ლადენთან ერთგულების ფიცი დადო და მისი დაჯგუფება ოფიციალურად გახდა ალ-ყაიდას განშტოება ერაყში. ზირქავი 2006 წელს საჰაერო დაბომბვების შედეგად დაიღუპა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მისმა შემცვლელმა ისლამური სახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა. მალე ISIS-ისა და ალ ყაიდას ლიდერები ერაყის ამერიკული არმიის მიერ იქნნენ ლიკვიდირებულები, დაჯგუფებამ კი თავი სუნიტური ერაყის ერთ-ერთ კუთხეს შეაფარა. ამავე პერიოდში ორივე დაჯგუფების ლიდერები ერთმა კაცმა შეცვალა, რომლის შესახებაც დღემდე ცოტა რამ ვიცით. მისი სახელი იბრაჯიმ ავარდ ალ-ბადრია, თუმცა უფრო მეტად ფსევდონიმით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადით არის ცნობილი.

ბაღდადის შესახებ არსებული მწირი ცნობებიდან ვიცით, რომ დაიბადა ჩრდილოეთ ბაღდადში და ფსევდონიმი „ბაღდადიც“ აქედან მოდის. რაც შეეხება „აბუ ბაქრს“ - ეს არის წინასწარმეტყველი მუჰამედის შემცვლელის, მისი მამინაცვლის სახელი. როგორც მისი ადრეული ნაცნობები იხსენებენ, ის იყო წყნარი, ისლამის სწავლების მოყვარული სტუდენტი და ბაღდადის დოქტურანტურაში სწავლობდა. აშშ-ს მიერ ერაყის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ალ-ბაღდადი სუნიტი მებრძოლების რიგებში აღმოჩნდა, სადაც ისლამური სამართლის, შარიათის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამერიკელებმა შეიპყრეს და ბუკას ბანაკში განამწესეს. ეს ადგილი ისლამისტებისათვის ძალიან კარგი შესაძლებლობა გახდა, შიგნითვე გაევრცელებინათ რადიკალური იდეოლოგია, დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კონტაქტები და ჩამოეყალიბებინათ ქსელები. ეს ყველაფერი კი ამერიკელების ცხვირწინ, მათი დაცვის ქვეშ ხდებოდა. თავად ალ-ბაღდადმა მოახერხა ბანაკში რამდენიმე სამხედრო ყოფილ კომანდერთან შეხვედრა და მათთან პარტნიორობა. საბოლოოდ კი კარგი ყოფაქცევის გამო ამერიკელმა სამხედროებმა ალ-ბაღდადი დაბალი რისკის მქონედ მიიჩნიეს და ციხიდანაც გაუშვეს.

2010 წელს, ტერორისტული დაჯგუფების სათავეში ალ-ბაღდადის მოსვლისას, ჯიჰადისტების საქმიანობა ერაყში ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა მეორე ფრონტი იხსნებოდა სირიაში. რელიგიური მიმდინარეობა აქაც მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ოპოზიციურ ძალებს სუნიტი მუსლიმები შეუერთდნენ, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კი რელიგიური უმცირესობის, შიიტთა წარმომადგენელია.

პირველად ალ-ბაღდადმა დამასკოში თავისი კაცი 2011 წლის დეკემბერში გაგზავნა. მანქანის აფეთქებასთან დამასკოს ცენტრში მაშინ დაჯგუფება ალ-ნუსრა იქნა გაიგივებული, რომლის თავკაცი სირიელი ჯიჰადისტი, აბუ მოჰამედ ალ-ჯულიანი, ბაღდადის მიერ იყო ხელდასხმული.

ალ-ნუსრამ მალე შეძლო სირიის მიწაზე მხარდამჭერების მოგროვება, ერთ-ერთი მიზეზი მათი ბრძოლის უნარები, ფინანსები, უცხოელი მებრძოლები და ალ ყაიდას მხარდაჭერა იყო. ის მალე გავიდა ბაღდადის კონტროლიდან, რაც ამ უკანასკნელს არ მოსწონდა. 2013 წლის აპრილში მათი უკან დაბრუნება სცადა და გამოაცხადა, რომ ალ-ნუსრა მისი განკარგულების ქვეშ მყოფ, ერაყისა და ალ-შამის (სირიის, იგივე ლევანტის) ახალ ისლამურ სახელმწიფოში შედიოდა.

ტერორისტულ ორგანიზაციას რამდენიმე სახელი აქვს. მას შემდეგ, რაც ერაყიდან სირიაში გადაინაცვლეს, IS-სს კიდევ ერთი IS დაემატა, როგორც ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო. დასავლეთში ხშირად იყენებენ სახელწოდება დაეშსაც, რომელსაც არაბულად მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ, ცუდად გამოითქმის და ამიტომ არ მოსწონთ თავად ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

ტერორისტულ დაჯგუფებას სირიაში გამუდმებული ბრძოლა ჰქონდა როგორც ოპოზიციურ და სამთავრობო ძალებთან, ასევე სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მათ შორის, ალ-ნუსრასთანაც, რომელმაც 2011 წლის ბოლოსვე კვლავ ალ ყაიდას მიმართ დადო ერთგულების ფიცი. 2013 წელს ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, რაქა დაიკავა და საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა. ამავე პერიოდიდან ISIS-ის რიგებში გადასვლას იწყებენ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის, ალ-ნუსრას ჯიჰადისტებიც. მთავარი მომხიბვლელობა დაჯგუფების რადიკალიზმი იყო.

2014 წლის 10 ივნისს ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქი მოსული დაიკავა. მასთან ერთად ხელში ჩაიგდო ადგილობრივ ბანკებში არსებული, ნახევარ მილიარდზე მეტი აშშ დოლარი და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ერაყის სამხედროებმა ბაზების მიტოვებისას ქალაქში დარჩა. 29 ივნისს ხალიფატი ოფიციალურად იქნა გამოცხადებული. ხალიფად კი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აღიარეს.

ალ-ბაღდადის თამამ გადაწყვეტილებას თავად მუსლიმურ წრეებშიც გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად სიძლიერისა, თავად უსამა ბინ ლადენი და ალ-ყაიდა, დამარცხების შიშით, ვერ ბედავდნენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. ალ-ბაღდადმა კი, ხალიფატის შექმნასთან ერთად, გლობალური ჯიჰადის შესახებაც განაცხადა. გამოქვეყნდა რუკაც, სადაც ის ქვეყნებია მონიშნული, რომელიც ხალიფატის მორჩილებაში უნდა შედიოდეს.

გარდა ბრუტალური ხერხებით ადამიანების მკვლელობისა, ისლამურმა სახელმწიფომ სახელი ძველი, ანტიკური და ისტორიული ძეგლების განადგურებითაც გაითქვა. მათ მიერ ჩადენილ ვანდალიზმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პალმირაში განადგურებული, 2000 წლის ტაძარი ბელი, მუზეუმში დაცული არტეფაქტები და ანტიკური ნიმუშები იყო. სწორედ ამ უძველესი საგანძურის დაცვას შეეწირა სირიელი ისტორიკოსი ხალედ ალ-ასადი. 82 წლის მეცნიერმა უარი განუცხადა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს, პალმირას გადამალული საგანძური ეჩვენებინა მათთვის, მეცნიერს თავი მოჰკვეთეს და გვამი ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დაჰკიდეს.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი კოზირი კარგად ამუშავებული ჯაშუშური ქსელებია. იდეოლოგიის გასავრცელებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. BBC-სთან ინტერვიუში მოსულიდან წამოსული ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ პირველი, რაც ISIS-ის ჯიჰადისტებმა ქალაქის აღების შემდეგ შეცვალეს, მეჩეთების მქადაგებლები იყვნენ. დაპყრობილ ქალაქებში დააწესეს კონტროლი ტანსაცმლის ტიპზე, სიგარეტის, საღეჭი რეზინების გაყიდვაზე, მუსიკის მოსმენასა თუ კაფე-ბარებზე. ასევე სატელიტურ ანტენებზე, ტელევიზიასა და მობილურ ტელეფონებზე.

ისლამურმა სახელმწიფომ სკოლებში სასწავლო გეგმა შეცვალა. მათ მიერ დაპყრობილ ქალაქებში სპეციალური სასამართლოა მოწყობილი, რომელიც შარიათის კანონით განსჯის.

ISIS-ის გახმაურებულ დანაშაულებს შორის არის ერაყის ქურთებით დასახლებულ ქალაქ ირბილში იეზიდების გენოციდი. ტყვეთა თავის მოკვეთის, ვიდეოების გადაღებისა და გავრცელების ფაქტები, რომელთა შორის ყველაზე შოკისმომგვრელი იორდანელი პილოტის მოაზ ალ-კასასბეჰის ცოცხლად დაწვა იყო.

2016 წლის დასაწყისამდე არსებული მონაცემებით, ისლამურმა სახელმწიფომ ჩაიდინა 70 ტერორისტული აქტი 20 ქვეყანაში - კალიფორნიიდან სიდნეიმდე. მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 1200 კაცია.

მასშტაბურ ტერორისტულ აქტებს შორის ერთ-ერთია 31 ოქტომბერს რუსული ავიალაინერის აფეთქება სინაის ნახევარკუნძულთან და პარიზის ცენტრისა და ბატაკლანის თეატრის, ასევე ბრიუსელისა და ათათურქის აეროპორტების ტერაქტები.

თეგები : პროპაგანდა;
ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ