The New York Times-ის სტატიაში ბავშვების იდენტიფიცირება საკამათო გახდა
11.08.2017
The New York Times-მა ადვოკატებში ნარკოტიკული საშუალებების მომხარების მაღალი მაჩვენებლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. პრობლემა წარმოჩენლია ეილინ ზიმერმანის პირადი ისტორიის ფონზე, მისი მეუღლე წარმატებული ადვოკატი იყო, ის ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სტატიაში ნაჩვენებია ეილინის და პიტერის შვილების ფოტოები, თუმცა არსადაა ნახსენები მათი სახელები და გვარი. მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მკითხველთა ნაწილი სვამდა კითხვას, რა მოტივით გამოაქვეყნა გამოცემამ ბავშვების ფოტოები მაშინ, როცა მათი სახელები და გვარები არ უხსენებია.

მოგვიანებით The New York Times-მა ამგვარი გადაწყვეტილების მოტივები სარედაქციო წერილში განმარტა: „ჩვენ არ გვსურდა, ჩვენი სტატიის შემდეგ ამ ბავშვების სახელი და გვარები გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით მუდამ ყოფილიყო დაკავშირებული ამ ისტორიასთან. თუმცა, ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, მაშინ რატომ გამოვაქვეყნეთ მათი ფოტოები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ საკითხზე. მასალას შთამბეჭდავს სწორედ ეს ადამიანური, ოჯახური ისტორია ხდის. ბავშვებთან დაკავშირებული დეტალებით, ფოტოებით, მამისადმი მიწერილი წერილით გვსურდა გვეჩვენებინა ის ძლიერი ემოციური კავშირი, რაც მამასა და შვილებს შორის არსებობდა. რომ არა ეს დეტალები, სტატიაში მოთხრობილი პერსონალური ისტორია ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის. ბავშვები ახლა უკვე მოზარდები არიან, მათ იცოდნენ, რომ ამგვარი სტატია ქვეყნდებოდა, ასევე ჰქონდათ ინფორმაცია მათი ფოტოების გამოყენების შესახებ და ამაზე თანხმობა განაცხადეს".

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ