ენტონი ბორდეინი - კულინარიის როკ-ვარსკვლავი
20.06.2018


„ყველა, ვისაც ცხოვრებაში ხვდები, რაღაც ისეთს ებრძვის, რის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვს. იყავი კეთილგანწყობილი. ყოველთვის ...“ - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა იტალიელი მსახიობი და რეჟისორი, აზია არჯენტო ენტონი ბორდეინს თავის ინსტაგრამის გვერდზე. ჟურნალისტი და მსახიობი ერთმანეთს 2016 წლის ბოლოდან ხვდებოდნენ, მას შემდეგ, რაც არჯენტომ მას რომში CNN-ის გადაცემის ჩაწერისას უმასპინძლა. მსახიობის ეს სევდიანი და მრავლისმეტყველი გამოთხოვება საყვარელ ადამიანთან განსაკუთრებით საგულისხმო იყო იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში დეპრესიისა თუ სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობის გამო არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. როგორც აღმოჩნდა, დეპრესია იყო ბორდეინის სუიციდის მიზეზიც. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დასავლური პრესა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებული სტიგმების დაძლევაზე.

ენტონი ბორდეინი ბოლო ოცწლეულის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მედია პერსონა იყო. მზარეული, ჟურნალისტი და მწერალი საინტერსო და სახალისო რეპორტაჟების, წიგნების თუ ტელეშოუების გამო ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავდა, როგორც ამერიკაში, ისე სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებული პოპულარობა ბორდეინს CNN-ის სამოგზაურო-კულინარიულმა შოუმ - Parts Unknown მოუტანა, რომელშიც ის მსოფლიოს გარშემო მოგზურობდა და დოკუმენტური ფილმების სახით სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და კულინარიას გვაცნობდა. ამას ისე ახერხებდა, რომ ტელევიზიის სპეციფიკაც გაეთვალისწინებინა და ის სიღრმე და ავთენტურობაც არ დაეკარგა, რაც ყოველთვის იგრძნობოდა მის ხელწერაში.

8 ივნისს, ყველასთვის მოულოდნელად 61 წლის ბორდეინი საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. სტრასბურგთან მდებარე პატარა დასახლება, კაიზერსბერგში ის Parts Unknown-ის მორიგი სერიის გადასაღებად იმყოფებოდა, სადაც მეგზურობას ფრანგი მეგობარი და კოლეგა, ერიკ რიპერი უწევდა. სწორედ რიპერმა შეატყობინა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ, მას შემდეგ, რაც მეგობარი არც საუზმეზე გამოჩნდა და არც ტელეფონის ზარებს პასუხობდა. ბორდეინის სიკვდილის მიზეზმა საზოგადოება გაოგნებული დატოვა. დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანს, რომელსაც ერთი შეხედვით ბევრისთვის საოცნებო ცხოვრება ჰქონდა, ეკრანს მიღმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება უჭირდა. როგორც მისი და აზია არჯენტოს ახლო მეგობარი, მსახიობი როუზ მაკგოვანი წერს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბორდეინმა დეპრესიის გამო დახმარებისთვის ექიმსაც მიმართა, თუმცა, შემდეგ მისი რჩევები არ გაითვალისწინა.

ენტონი, იგივე ტონი ბორდეინი 1956 წლის 25 ივნისს, ნიუ იორკში ფრანგი დედისა და ამერიკელი მამის ოჯახში დაიბადა. მედიასთან და სახელოვნებო ინდუსტრიასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება, რადგან დედა Ney York Times- ის ერთ-ერთი რედაქტორი იყო, მამა კი ხმის ჩამწერი სტუდიის, Columbia Records-ის მენეჯერი. სკოლის დამთავრების შემდეგ ტონიმ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, თუმცა, არასათანადო ინტერესისა და ნარცისულ/დესტრუქციული მიდრეკილებების გამო 2 წელიწადში გარიცხეს. იმ პერიოდში მან ნარკოტიკების აქტიური მოხმარება დაიწყო და მალე ჰეროინ-დამოკიდებული გახდა, რასაც შემდეგ დიდი ხანი ებრძოდა. მოგვიანებით ბორდეინი არაერთხელ ისაუბრებს ამ თემაზე თავის რეპორტაჟებსა და წიგნებში.

კოლეჯში სწავლისას ტონიმ პარალელურად ზღვის პროდუქტების რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ მიხვდა, რომ კულინარია ძალიან აინტერესებდა და ამ მიმართულებით  უნდოდა კარიერის გაგრძელება. ამიტომ, კოლეჯიდან გაგდებულს, ბევრი არ უდარდია და იმავე წელს ამერიკის კულინარიულ ინსტიტუტში ჩააბარა. 3-წლიანი სწავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, ნიუ იორკის რესტორნებში დაიწყო მუშობა.



1985 წელს სკოლის დროინდელ შეყვარებულზე, ნენსი პუტკოსკიზე დაქორწინდა, რომელთანაც 2005 წლამდე ცხოვრობდა. 80-90- იან წლებში ბორდეინმა უამრავი  სამუშაო ადგილი გამოიცვალა. იმუშავა ნიუ იორკის არაერთ რესტორანსა თუ კაფეში, შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოები. 1998 წელს, უკვე გამოცდილი და პროფესიულ წრეში პოპულარული კულინარი, მანჰეტენზე მდებარე პოპულარულ ფრანგულ რესტორნის, Brasserie Les Halles-ის მთავარი მზარეული გახდა. ეს იყო ადგილი, სადაც ტონიმ ყველაზე დიდხანს იმუშავა და სადაც მიხვდა, რომ მისი კიდევ ერთი მოწოდება წერა იყო. სწორედ ამ რესტორნის ინსპირაციით დაწერა 2000 წელს მემუარის ჟანრის წიგნი Kitchen Confidential , რომელიც მალევე გახდა კულინარიული ჰიტი და New York Times-ის ბესტსელერი. წიგნში ის Brasserie Les Halles -სთან ერთად სხვა რესტორნებში მუშაობის გამოცდილებას იგონებს და იმასაც ჰყვება, როგორ მუშაობდნენ ახალგაზრდობაში ის და მისი მეგობრები კოკაინის, LSD-ის, კანაფის და სხვა ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ: „გამუდმებით კაიფში ვიყავით, საწყობ-მაცივარში ვიპარებოდით „კონცეპტუალიზებისთვის“. ნარკოტიების გარეშე იშვიათად ვიღებდით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას" - იხსენებს ბორდეინი.




წიგნის პოპულარობიდან გამომდინარე მისით მალე ტელევიზიებიც დაინტერესდნენ. 2002 წელს ბორდეინი Food Network-ის სახე გახდა და ერთი წლის განმავლობაში მიჰყავდა კულინარიული გადაცემა A Cook's Tour. 2005 წლიდან Discovery -ის მფლობელობაში მყოფ ტელეარხ Travel Channel -ზე გადავიდა და 2012 წლამდე გადაცემა No Reservations -ის ავტორი იყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობითა და კულინარიული გამოცდილებების გაზიარებით, ბორდეინის შოუმ მალევე მოიპოვა პოპულარობა.

2007 წელს ჟურნალისტი იტალიელ სპორტსმენზე, ოტავია ბუსიაზე დაქორწინდა და იმავე წელს, 51 წლის ასაკში პირველი და ერთადერთი შვილი, არიანი გაუჩნდა. 2013 წლიდან ბორდეინი უკვე CNN-ზე მიიწვიეს ასევე სამოგზაურო-კულინარიული სტილის გადაცემის, Parts Unknown-ის მოსამზადებლად. ეს გადაწყვეტილება როგორც ტელევიზიის, ისე ავტორის მხრიდან საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი იყო, რადგან მანადმე CNN მხოლოდ ახალ ამბებთან ასოცირდებოდა. თუმცა, შოუმ გაამართლა. ნიჭიერმა და ქარიზმატულმა ბორდეინმა მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და მისი ექსკლუზიური რეპორტაჟები ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა ტელეარხზე. თავად ავტორი კი პოპულარობის ზენიტში აიყვანა. 2000-იან წლებში ბორდეინმა კიდევ არაერთი წიგნი გამოსცა კულინარიის თემაზე. მათ შორის ბესტსელერები - "No Reservation" და "Medium Raw". 

2014 წელს Smithsonian-ის ინსტიტუტმა მას კულინარიული სამყაროს როკ-ვარსკვლავიც კი უწოდა. ეს შეფასება შემთხვევითი არ იყო - ბორდეინს თინეიჯერობიდან განსაკუთრებულად უყვარდა როკ-მუსიკა და მეგობრობდა კიდეც მუსიკოსებთან. მათ შორის იყვნენ იგი პოპი, მარკი რემონი (Ramones), ელის კუპერი და სხვებთან.

მარკი რემონმა მისი გარდაცვალების შემდეგ ვრცელი კომენტარი მისცა ჟურნალ Rolling Stone-ს, სადაც ბორდეინს როგორც უბრალო, გულწრფელ ადამიანს, ისე იხსენებს, რომელიც ზუსტად ისეთივე იყო კამერის მიღმა, როგორც კამერის წინ. მუსიკოსი მეგობრის იშვიათ უნარზეც ამახვილებს ყურდღებას, რის გამოც მან შეძლო მასობრივი პოპულარობის ფონზე საკუთარი იდენტობა არ დაეკარგა : „ის ნამდვილი პანკი იყო. მიუხედვად იმ ნაგავისა, რაც მის სისტემაში იყო, ცდილობდა საკუთარი ცხოვრების სტილი შეენარჩუნებინა, რაც ძალიან რთული იყო“.

ბორდეინმა სატელევიზიო კარიერის განმავლობაში 100-მდე ქვეყანაში იმოგზაურა. მათ შორის, საქართველოშიც. CNN-ის Parts Unknown-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს 2016 წლის გაზაფხულზე ეწვია. საჭმელით მოხიბლულმა კულინარმა საინტერესო რეპორტაჟი მიუძღვნა ქვეყანას. ის აღფრთოვანებით საუბრობს ადგილობრივების მეგობრულ დამოკიდებულებებსა და ურთიერთობებზე და აღნიშნავს, რომ ძალიან მოხიბლულია ამ ადგილით. ჟურნალისტის განსაკუთრებული გაოცება საქართველოში დალევის კულტურამ გამოიწვია: „არ ვიცი, რას ამბობს ეს ამ ადგილზე, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, რაც აქ ჩამოვედი, ან ვსვამ, ან ნაბახუსევი ვარ“,- წერდა ბორდეინი თბილისში ყოფნისას.




შედარებით გვიანდელ ასაკში მიღწეული წარმატების გამო ენტონი ბორდეინი ხშირად ხუმრობდა ხოლმე საკუთარ თავზე და ამბობდა, რომ წესით 20-ან წლებში უნდა მომკვდარიყო, არადა, პოპულარული 40-ის მერე გახდა, შვილი კი 50-ის მერე გაუჩნდა. ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა საკუთარ პოპულარობას და ცხოვრების ასე განვითარებას: „44 წლამდე შემნახველი ანგარშიც კი არ მქონია... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მანქანა მოვიპარე, ძალიან კარგი მანქანა და გამუდმებით უკან ვიყურები პოლიციის ანთებული ფარების მოლოდინში“- უთხრა მან 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში გამოცემა biography.com-ის ჟურნალისტს.

თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ