ჟურნალისტიკის გარდაქმნა - ალან რუსბრიჯერის წიგნის Breaking News-ის მიმოხილვა
05.09.2018
გასულ კვირას The Guardian-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალან რუსბრიჯერმა გამოსცა წიგნი - Breaking News: The Remaking of Journalism and Why It Matters Now. იგი დეტალურად აღწერს არამხოლოდ იმ ისტორიულ მასალებს, რომლებიც მისი რედაქტორობის დროს გამოაქვეყნა გამოცემამ (ედვარდ სნოუდენის ისტორია, რუპერტ მერდოკთან, ბილ და მელინდა გეითსებთან დაკავშირებული სკანდალები და ა.შ.), არამედ, როგორ უწევდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ გამოცემას თვითგადარჩენისათვის ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების პირობებსა და შეცვლილ მედიაგარემოში.

მედიაჩეკერი გთავაზობთ, The Guardian-ის რეპორტიორის იან ჯეკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მიმოხილვას რუსბრიჯერის წიგნისა და საქმიანობის შესახებ.

ალან რუსბრიჯერი გამოცემა The Guardian-ის მთავარ რედაქტორად 1995 წელს დაინიშნა. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანულ გამოცემას იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი რედაქტორობის პერიოდს დაემთხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მედიაგარემოში, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა, ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობიდან დაწყებული, ბეჭდური პრესის დაღმავლობითა და სოციალურ მედიის, როგორც ახალი ამბების წყაროებთან კონკურენციით დამთავრებული. რუსბირჯისში თანამდებობიდან 2015 წელს გადადგა. იგი კეტრინ ვაინერმა ჩაანაცვლა.

Guardian-ის ყოფილი რედაქტორი დეტალურად აღწერს რევოლუციას ჟურნალისტიკაში. კვლავაც შესწევს თუ არა მას ძალა, შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა - სიმართლის თქმა?

სიმართლე პატარა, თუმცა გადაჭარბებული გამოყენებისა და ფილოსოფიური დებატებისადმი მიდრეკილი სიტყვაა. ხოლო თუკი ამ სიტყვას მისი ყველაზე მოკრძალებული მნიშვნელობით, ზუსტ და გადამოწმებად ინფორმაციად გავიგებთ, მაშინ ჩვენ ხშირად გვგონია, რომ სიმართლეს ვფლობთ, როდესაც ვხედავთ ამას. ალან რუსბრიჯერის აზრით კი, ჟურნალისტიკა უნდა იყოს სიმართლის უმთავრეს მომწოდებლებს შორის: საზოგადოებები დამოკიდებულები არიან კარგ ჟურნალისტიკაზე, რათა გაარჩიონ ფაქტი გამონაგონისგან, რათა ჩამოუყალიბდეთ თავიანთი პრობლემებისა და მომავლის რეალისტური ხედვა.

ამასთან დაკავშირებით, ოდნავ იმედისმომცემად, იგი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა სინამდვილეში შესაძლოა ჟურნალისტიკას სასიკეთო საქმეც კი გაუკეთა. სიმართლისადმი მისი უცერემონიო უპატივცემულობით, ტრამპმა ჩვენ ყველას შეგვახსენა თუ რატომ გვჭირდება ის. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა შექმნა „სამყაროში ჯერარნახული შესაძლებლობა ტყუილების გასავრცელებლად“, მაშინ როდესაც სიმართლის მაძიებელი ჟურნალისტიკის მხარდამჭერი ეკონომიები ჯერაც არასდროს ყოფილან ასეთი სუსტები. რუსბრიჯერის ერთ-ერთი წინამორბედიის აზრი რომ გადავაკეთოთ ოდნავ: ცუდი ფაქტები უხვადაა, კარგები კი ძვირი ღირს.

1995-2015 წლებში, რედაქტორობისას, რუსბრიჯერმა გამოაქვეყნა გამოძიებები და კამპანიები, რომლებიც ჟურნალისტიკის ისტორიის ნებისმიერ მომენტში უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებდა. ამათგან ზოგიერთს რუსბრიჯერი კვლავაც უბრუნდება თავის წიგნში: ნიკ დაივის ხანგრძლივი და უზარმაზარი ძალისხმევის მომთხოვნი კვლევა ტაბლოიდური პრესის მიერ ტელეფონების დაჰაკვის კრიმინალური ჩვეულების შესახებ, ედვარდ სნოუდენის მიერ მოქალაქეებზე მასობრივი სამთავრობო თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, „Keep it in the Ground” კამპანია, რომელიც ინსტიტუციებს წიაღისეული საწვავის მოპოვებაში დეინვესტირებისაკენ მოუწოდებდა. მათი შედეგები კი შორსმიმავალია, დაწყებული რუპერტ მერდოკის მიერ უჩვეულო თავმდაბლობის დემონსტრირებიდან, დასრულებული BP-ში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ჰოლდინგის გაყიდვით. შედეგად, Guardian-ის რეპუტაცია გაიზარდა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და ავსტრალია, სადაც გამოცემის ონლაინ ფილიალები დაარსდა. ონლაინ გამოცემების ახალ ერაში Guardian-მა დაიწყო საკუთარი თავის გლობალურ ბრენდად აღქმა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლებიდან ბევრმა შესაძლოა თავი შეიკავოს ამაზე ლაპარაკისაგან.

თუმცა, სიმართლისთვის მუშაობა თანხებთან არის დაკავშირებული - ხელფასები, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ხელობა ციფრულ ეპოქამდე ისწავლეს, მოგებასა და დანაკარგზე ბევრი არაფერი იცოდნენ. როგორც რუსბრიჯერი წერს, ფრაზა „ბიზნეს მოდელს“ არასდროს არავინ ახსენებდა (1980-იანებში კი პირველად გაჟღერდა რედაქტორების შეხვედრაზე სიტყვა „ბიუჯეტი“). თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. წარსულის გახსენებისას რთული დასაჯერებელი ჩანს, რომ როდესაც ჩვენი კარიერა დავიწყეთ 1960-იან და 70-იან წლებში, სამუშაო იარაღებად ნახშირის ქაღალდებს, მაკრატლებსა და წებოს ვიყენებდით, მაშინ როდესაც იმავე შენობის სხვა ნაწილში მდნარი ტყვია ბრწყინავდა ლინოტიპური საბეჭდი მანქანების პატარა ყალიბებში, კლაქსონები კი როტაციული პრესის დაწყებას აცხადებდნენ. ზღვაოსნობიდან ორთქლის მანქანებზე, ცხენშებმული კარეტებიდან ლოკომოტივებზე, თეატრიდან კინოზე გადასვლა გაცილებით უფრო მსუბუქი იყო.

რუსბრიჯერი თავის პირველ გაზეთს the Cambridge Evening News-ს 1976 წელს შეუერთდა. იგი აღწერს, რამდენიმე ხნის წინ, როგორ შეეცადა გადმოეცა ბეჭდური გაზეთის წარმოების პროცესი ციფრულ ერამდე, 18 წლის სტუდენტებთან თეთრ დაფაზე დახატული ფიგურებით. ფიგურა 1 არის რეპორტიორი თავისი საბეჭდი მანქანით, ფიგურა 2 არის ახალი ამბების დესქი ე.წ. „copy taster”, ფიგურა 3 არის ახალი ამბების რედაქტორი, ფიგურა 4 არის გაზეთის შაბლონის ქვერედაქტორი და ა.შ. აწყობის ოთახიდან მოყოლებული, პრესის ოთახისა და გაზეთების დამტარებელი მიკროავტობუსის ჩათვლით, ვიდრე მივაღწევთ ფიგურა 19-ს, რომელიც აღნიშნავს ფოსტალიონ გოგოს ან ბჭს, რომელიც საფოსტო ყუთებში ტენის გაზეთებს. დაახლოებით 20 წყვილი ხელი იყო საჭირო, რათა ახალი ამბები მწარმოებლიდან მომხმარებლამდე მისულიყო. დღეს კი საჭირო არის მხოლოდ სმარტფონი.

რუსბრიჯერი გაზეთ Cambridge-ის 70-კაციან ჟურნალისტთა გუნდს შეუერთდა. ვინ და რა უხდიდა მათ ან დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასს? თანხის ნაწილი მოდიოდა გაზეთების გაყიდვიდან - დაახლოებით 50 000 ცალი გაზეთი იყიდებოდა მაშინ (დღესდღეობით კი კვირაში 15 000-ზე ნაკლები იყიდება). თუმცა, უდიდესი ნაწილი შემოსავლებისა მოდიოდა რეკლამიდან. თუკი ვინმეს უნდოდა რომ გაეყიდა მანქანა ან სახლი, გამოცხადებინა დაბადების, ქორწილისა თუ გარდაცვალების შესახებ, ისინი იხდიდნენ ფულს რეკლამის განსათავსებლად. ასევე იქცეოდნენ ფირმები, რომლებიც აცხადებდნენ ვაკანსიას, კინოთეატრები, რომლებიც იზიდავდნენ მაყურებლებს ანდა საბჭოები, რომლებსაც სურდათ გზის დახურვის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება. ადგილობრივი გაზეთები როგორიც არის Cambridge Evening News, საქონელბრუნვაზე 40%-მდე მოგებას ნახულობდნენ. გამოცემებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიოდნენ, მაგალითად, Sunday Times და რომლებსაც უამრავი ფერადი რეკლამა ჰქონდათ ჟურნალებში, შეეძლო გაეგზავნა თანამშრომელი კატმანდუში (ამ შემთხვევაში - მე) და არც კი ედარდა იმაზე, რომ არ გაეშვა ნომერში მისი რეპორტაჟი, ვინაიდან უკეთესი მასლა ჰქონდათ გაზეთის შესავსებად.

არაფერი ახალი ამაში არ იყო. რეკლამა ყოველთვის კვებავდა რეპორტინგს. რუსბრიჯერი ციტირებს ამერიკელ ისტორიკოსს პოლ სტარს: „გასული 300 წლის მანძილზე, გაზეთებმა შეძლეს განვითარება და აყვავება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მკითხველს არასდროს უწევდა პროდუქციის სრული საფასურის გადახდა“. ჯორჯ ორუელი კი შენიშნავდა, რომ რეკლამა ცდილობდა სარედაქციო მასალების ირიბ ცენზურას, თუმცა მისი გავლენა გაცილებით უფრო ჩახლართული იყო ვიდრე მას ესმოდა. მდიდარი მკითხველებიც იმავე ფასს იხდიდნენ გაზეთებში, რასაც ღარიბები. თუმცა მდიდარი მკითხველები გაცილებით უფრო ძვირფასები იყვნენ გაზეთისთვის, ვინაიდან მათი დიდი შემოსავლის მიყიდვა იყო შესაძლებელი რეკლამის დამკვეთებზე. მცირე მასშტაბზე გავრცელებული, მაგრამ უფრო მდიდარი მკითხველების მქონე გაზეთს შეეძლო უფრო ძვირი რეკლამის დამკვეთების მოზიდვა, რასაც მოჰყვებოდა გაზეთების მიერ პოლიტიკური ტონალობის შერბილება ანდა მცდელობები, რომ ფორდის მანქანებთან ერთად, გზებზე გამოეცადათ ასტონ მარტინის მანქანებიც.

ეს წინააღმდეგობები და მათ უკან მდგარი ფაქტები გაზეთების ყოველდღიურობის ნაწილი იყო. The Guardian შესაძლოა წუხდეს, რომ მისი მკითხველების შემოსავალი, 24 000 ფუნტი სტრელინგი 2016 წლისთვის  გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე Financial Times-ის, რომელიც გაცილებით მცირე ტირაჟით გამოდის, თუმცა მისი დანაკარგებიც შემოსავლის მსგავსად შედარებით მცირე აღმოჩნდა. მისი გამოცემის ცირკულაციის ზენიტში, გაზეთს შეეძლო ფურცლების შევსება საჯარო სერვისების რეკლამებით და ამასთან, იგი მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა ჟურნალ Autotrader-დან, რომელიც Guardian Media Group-მა მდიდარი და უფრო ლოიალური მომხმარებლებისთვის შექმნა. “ის ისეთი ფულის საჭრელი მანქანა იყო,“ - იხსენებს რუსბრიჯერი - „რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, Guardian-ში შეხვედრები ყოველ დილით მეორადი მანქანების ვაჭრების ღმერთისათვის ჩუმი ლოცვის აღვლენით უნდა დაგვეწყო“.



ციფრულმა რევოლუციამ ჩაყლაპა პრესის ტრადიციები თითქმის ყველა გაგებით, არა მხოლოდ ფილოსოფიურად. თუკი ყველას ხმა თანასწორი იქნება, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს რედაქტორის არსებობას? თუმცა, გაცილებით უფრო ფუნდამენტური საკითხი იყო ფინანსური საკითხი. რუსბრიჯერის სიტყვებით, „ინფორმაციის წარმოების მთელი ეკონომიკური მოდელი ჩამოშლის პირას იყო“ და არავინ იცოდა რა უნდა ექანა. ბეჭდური გაზეთის მომავლისადმი რწმენა ურყევი იყო, მიუხედავად ყველა ნიშანის არსებობისა, რაც მიუთითებდა მოკლედან საშუალომდე პერიოდში ბეჭდური პრესის გარდაცვალებაზე. 2005 წელს, მხოლოდ ერთ უქმეებზე, 20 მილიონამდე უფასო DVD გასცეს ქვეყნის მასშტაბით გამომავალმა გაზეთებმა, რათა გადაერჩინათ გაყიდვებში დეფიციტი. 2006 წელს Daily Mail-ის ჯგუფმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რომ 1 მილიარდად გაეყიდა მისი კუთვნილი ადგილობრივი გაზეთები. მხოლოდ და მხოლოდ 6 წელის შემდეგ კი, მან ეს გაზეთები სიხარულით გაყიდა 53 მილიონისა და სხვა, ასევე დაღმავლობისკენ წასული საგაზეთო ქსელში მოკრძალებული წილის სანაცვლოდ.

ამ პროცესების საპასუხოდ არც Guardian-ს ჰქონდა იმუნიტეტი. Fleet Street-ზე არც ერთი სხვა რედაქტორი არ მოჰკიდებია ონლაინ გამოცემის მიერ შექმნილ შესაძლებლობებს ისეთი ენთუზიაზმით როგორც რუსბრიჯერი. თუმცა, 2005 წლის სექტემბერში მან მაინც განაახლა Guardian-ის ბეჭდვა ახალი Berliner-ის ფორმატით საკმაოდ დიდი დანახარჯებით, მიუხედავად იმ შეგრძნებისა რომ, როგორც ის თავად წერს, „ბეჭდური გაზეთის საბოლოო გაქრობისაკენ ლტოლვა უკვე შეუქცევადი იყო: ზედმეტად მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი.“

ეს იყო შეცდომა, რომელიც ძვირი დაჯდა - თავად რუსბრიჯერი საკმაოდ მოკრძალებულად საუბრობს ამ თემაზე - თუმცა, სასიამოვნო შესახედაობის. The Berliner გაზეთებისათვის იყო ის, რაც QE2 იყო North Atlantic-ის ლაინერებისთვის: კვდომის ფორმის უკიდურესი განვითარება. ამასობაში გაზეთი ონლაინ სივრცეში გაფართოვდა. „ჯერ წვდომა, შემდეგ შემოსავალი“ იყო რწმენა, რომელიც ნიშნავდა, რომ თავდაპირველად ონლაინ აუდიტორიამდე მიღწევა იყო მოსაგვარებელი საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ფულის შოვნის გზებზე ფიქრი. როგორ მოვახერხოთ „კონტენტის მონეტიზირება“ იქცა ჟურნალისტური საუბრების მთავარ საგნად, მაშინ როდესაც ბეჭდვის ხანაში, სარეკლამო შემოსავლები იშვიათად ხდებოდა მათი წუხილის მიზეზი.

The Guardian-მა უარი თქვა ფასიანი კონტენტის (ე.წ.paywall-ების) წარმოებაზე - მკითხველებისთვის ფულის გადახდის იძულებაზე - თუმცა არა მორალური პასუხისმგებლობის გამო. ონლაინ აუდიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობდა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, რაც ართულებდა მარტივად გადახდას, კომპანიას კი ეშინოდა რომ განსაკუთრებულად მცირე მკითხველთა წრე რეკლამიდან მიღებული შემოსავლების განსაკუთრებულად შემცირებასაც ნიშნავდა. (Times-ის შემთხვევაში კი, რომელმაც ასევე შემოიღო ფასიანი კონტენტი, ეს პროცესი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, ვინაიდან მას კვლავაც მდიდარი აუდიტორია ჰყავდა.) The Guardian-ის სტრატეგიის არსი იყო შემდეგი: კონტენტზე უფასო წვდომით მას უნდა შეექმნა იმდენად დიდი აუდიტორია, რომ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დაფარავდა ყველაფრის საფასურს. თუმცა ის, რაც ვერავინ გათვალა - ანდა ვერავინ კალიფორნიის მიღმა - იყო ის, რომ ციფრული რეკლამების უმეტესობას Facebook და Google წაიღებდა, რომლებმაც შექმნეს პროგრამები, რითაც თითოეული ონლაინ მომხმარებლის გემოვნებისა და შესყიდვების ისტორიის იდენტიფიცირების საშუალება ჰქონდათ.

გაზეთები არ იყვნენ მზად ასეთი ტექნოლოგიურ ძალაუფლებასა თუ სიმდიდრესთან შესახვედრად. Twitter-მა 2 მლრდ დოლარი დახარჯა, ვიდრე პირველ მოგებას მიიღებდა ინტერნეტში გაშვებიდან 12 წელში. კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანიების ქრონიკულ ინოვაციურობას კი რუსბრიჯი ხის რკილის (Xestobium rufovillosum) მუშაობას ამსგავსებს: იგი უჩინარია, ვიდრე მთელი სახლი არ ჩამოინგრევა. „ჩვენ დამოკიდებულები ვიყავით 5000 მილით დაშორებული ერთი მუჭა ტექნო გიგანტების წყალობაზე. ჩვენ აღმოვჩნდით გლობალიზაციის ძალების პირისპირ, რისი გააზრების არც ძალაუფლება აღმოგვაჩნდა და არც შესაძლებლობა.“

შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიცნობ და თაყვანს ვცემ ალან რუსბრიჯერსს და მისი რედაქტორობისას რეგულარულად ვწერდი Guardian-ში. ხოლო წიგნი, რომელიც მან დაწერა, არის არამხოლოდ ყოველმხრივ გამართული არგუმენტაცია წყაროებით მდიდარი ჟურნალისტიკის დასაცავად, არამედ კარგად მოთხრობილი ამბავიც იმის შესახებ, რა ტანჯვის გავლა მოუხდა ამ ძირძველ პროფესიას ახალი ტექნოლოგიების პირისპირ, რომელიც მას გაქრობით ემუქრებოდა და რომლის თავიდან არიდებაც, Guardian-ის შემთხვევაში, მკითხველების სულგრძელობითა და თავდადებით მოხერხდა.

ავტორი: იაჯ ჯეკი
გამოქვეყნდა The Guardian-ში

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ