27.11.2018
NLP მიზნის მისაღწევად არაერთ პროექტს ახორციელებს და მათ შორის, ყველაზე ცნობილია Checkology - ესაა ვირტუალური, ინტერაქციული საკლასო ოთახი სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტი მოსწავლეებს ყალბი ამბების მარტივად და სწრაფად ამოცნობისა და გადამოწმების შესახებ ონლაინ კურსს სთავაზობს. ეს პროექტი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, სხვადასხვა სკოლასა თუ უნივერსიტეტის მედიაწიგნიერების კურსში, დამხმარე რესურსის სახით გამოიყენება. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: რა არის ახალი ამბავი, რა არის ყალბი ამბები, რას ნიშნავს მედიის „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქცია, როგორ უნდა გავარჩიოთ სარედაქციო და სრეკლამო მასალები, ყალბი და ნამდვილი ამბები, ფაქტები და მოსაზრებები და ა.შ. საბაზისო სალექციო კურსის გავლა უფასოდაა შესაძლებელი. ხოლო „პრემიუმ კურსი“, რომელიც სტუდენტს ყველა არსებულ რესურსზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, 3-დან 5-დოლარამდე ღირს.
სალექციო კურსს New York Times-ის, Wall Street Journal-ის და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები უძღვებიან.
ალან მილერი, პულიტცერის პრიზის მფლობელი ჟურნალისტია. 10 წლის წინ სწორედ მან დააფუძნა ორგანიზაცია NLP, რომელიც პროექტ Checkology-ს ახორციელებს.
„ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ინფორმაციის მოცულობა ჩვენს პლანეტაზე ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. ყოველწამიერად უზარმაზარი რაოდენობის ტექსტური, ვიდეო და ფოტომასალა იქმნება ჩვენ გარშემო. ამ მოცემულობამ გზა გაუხსნა ყალბ ინფორმაციასაც და აუდიტორიისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება სწორი ინფორმაციის არასწორისგან გარჩევა“, -ამბობს მილერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური პრესის დეპარტამენტის (FPC) -ს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას. ის ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზას მედიაწიგნიერებაში ხედავს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა NLP-ის დაარსება - ორგანიზაციისა, რომელიც ამ მხრივ შტატების განათლების სისტემაში არსებულ სიცარიელეს ამოავსებდა და ახალგაზრდბს ციფრულ სამყაროში ორიენტირებისთვის საჭირო უნარების შეძენაში დაეხმარებოდა.
გარდა მოსწავლეებსა, NLP-ის მთავარ სამიზნე აუდიტორიას მასწავლებლებიც წარმოადგენენ: „ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ინფორმაცია. ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებლებთან, ვასწავლით მათ კონკრეტული რესურსების გამოყენებას, ისე რომ შემდგომში თავადვე შეძლონ თავიანი მოსწავლეებისთვის ამ ცოდნის გაზიარება“, - ამბობს მილერი.