პალესტინის შესახებ განცხადების გამო CNN-მა კომენტატორთან თანამშრომლობა შეწყვიტა
05.12.2018
CNN-მა პალესტინის შესახებ გამოხატული პოზიციის გამო საკუთარ კომენტატორთან მარკ ლამონტ ჰილთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ჰილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე განაცხადა, რომ მდინარე იორდანიიდან ხმელთაშუა ზღვამდე მონაკვეთი თავისუფალი პალესტინის უნდა იყოს.

ბევრმა ჰილის განცხადება რამდენიმე პალესტინური დაჯგუფების, მათ შორის ჰამასის მხარდამჭერად და მის მიერ დასახელებული ტერიტორიის ისრაელისგან გათავისუფლების მოწოდებად აღიქვა. ამ ეტაპზე მდინარე იორდანიიდან ხმელთაშუა ზღვამდე საზღვრის მონაკვეთს სწორედ ისრაელი აკონტროლებს.

ჰილის პოზიციის მიმართ უკმაყოფილება რამდენიმე ებრაულ გაერთიანებაშიც გამოხატეს და აღნიშნეს, რომ განცხადება ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტისა და სანქციების დაწესების მხარდამჭერ განწყობას ახალისებდა. CNN-მა ჰილთან კონტრაქტი მისი განცხადებიდან მალევე გაწყვიტა.

თავად ჰილმა twitter-ზე დაწერა, რომ ის განცხადებისას ისრაელის “განადგურებისკენ” არავის მოუწოდებდა.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ