2019 წლის ტექნოლოგიური ტრენდები მედიისთვის
24.12.2018

რა იქნება აქტუალური 2019 წელს მედია ტექნოლოგიების სფეროში და რა სიახლეებთან მოუწევთ ადაპტაცია გამოცემებს, - მედიაჩეკერი Future Today Institute-ის ჟურნალისტიკის, მედიისა და ტექნოლოგიების 2019 წლის ანგარიშიდან მედიისთვის საინტერესო რამდენიმე ტრენდს გაგაცნობთ, რომლებიც წელს პირველად მოხვდა კვლევაში.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Future Today Institute მეთორმეტე წელია ტექნოლოგიურ და მედია ინოვაციებს იკვლევს. 2006 წელს ამერიკაში რამდენიმე ენთუზიასტის მიერ დაარსებული კომპანია დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციაა, რომელიც მედიის, მარკეტინგის, ტექნლოგიებისა და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანებს უახლეს ტრენდებს აცნობს და სამომავლო ნაბიჯებს კარნახობს. ორგანიზაცია ყოველწიურად აქვეყნებს ანგარიშს, თუ რა იქნება აქტუალური და რა სიახლეებთან მოუწევთ ადაპტაცია კომპანიებს, რომ გლობალურ ბაზარზე სტატუს-კვო შეინარჩუნონ.

ჩატ-ბოტ ჟურნალისტიკის მონეტიზირება 

თანამედროვე რეალობაში ბოტი მეინსტრიმ ლექსიკონის ნაწილი გახდა. ჯერჯერობით ბოტების უმეტესობა აპლიკაციებია, რომლებიც კონკრეტულ დავალებას ასრულებენ. თუმცა, მალე ბოტი ჟურნალისტიკის კონტექსტშიც აქტუალური გახდება. მკვლევარები მედია ბოტებს ორ ნაწილად ყოფენ: ახალი ამბების ბოტები და პროდუქტიულობის ბოტები. ახალი ამბების ბოტებს შეუძლიათ მომხმარებლებს მათთვის მნიშვნელოვანი სიახლეები ოპერატიულად აცნობონ, პროდუქტულობის ბოტები კი მედია ორგანიზაციებს ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზებასა და სტრუქტურირებაში დაეხმარებიან.

ჩატბოტების გამოყენება ექსპერიმენტის სახით უკვე დაიწყეს ისეთმა გამოცემებმა, როგორებიც არიან: BuzzFeed, TexasTribune, Quartz, Los Angeles Times. თუმცა, უახლოეს მომავალში სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს ფინანსურ სარგებელის მიღებაც შეეძლებათ.

მაგალითად, ჩინეთში არსებობს პლატფორმა Wechat, რომელიც ერთდროულად ტრანზაქციული არხიცაა და კომუნიკაციის საშუალებაც. ის მრავალმხრივ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ეტაპზე Wechat ავითარებს პროგრამას, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება გარკვეული ფულადი გადასახადის შემდეგ ჩატის საშუალებით მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია და სერვისები მიიღოს.

ასეთი შესაძლებლობა ჟურნალისტებს უბიძგებს, ტრადიციული ნიუსრუმებიდან საკუთარ, ინდივიდუალურ აუდიტორიაზე და მიმდევრებზე გადაინაცვლონ. მრავალფეროვან და სეგმენტირებულ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. დღესათვის წამყვანი პლატფორმები (Facebook massanger, Imassage, Snapchat, Gmail, Whatsup, Google assistant) უკვე ავითრებენ ამ მოდელს, რომელიც პერსონალიზებულ ტრანზაქციებსა და კომუნიკაციაზე იქნება დამყარებული. ასეთ დროს ჟურნალისტები უკვე ერთი-ერთზე გავლენ საკუთარ მკითხველთან და მეტ ჩართულობას მიიღებენ მათგან. სეგმენტაცია და ტარგეტირებული კონტენტი მათ საშუალებას მისცემთ დროული, საჭირო და ექსპერტული ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს, რაშიც ისინი ფულს გადაიხდიან.

ტოკონომიკა

ბლოკჩეინის ერთ-ერთი მთავარ მახასიათებელი ისაა, რომ ის ბიზნესებს მონეტის შექმნის საშუალებას აძლევს. ტოკონომიკას შეძლია რევოლუცია მოახდინოს მედია კომპანიების მონეტიზაციისა და დისტრიბუციისადმი მიდგომებში. ისტორიულად, მედია ორგანიზაციები დამოკიდებულები იყვნენ სარეკლამო და გამომწერებზე დაფუძნებულ შემოსავლების მოდელზე. გაზეთები იმის კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება განადგურდეს ეს მოდელი ციფრული კონკურენტების გამოჩენით. ბლოკჩეინს შეუძლია მიკროგადახდების საშუალებით სრულიად ახლებური სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს, რაც უფრო მარტივიც იქნება და ორმხრივად მომგებიანიც.

ბლოკჩეინის დახმარებით მედიას შეეძლება მდგრადი მოდელები შექმნას და შემოსავლების ტრადიციული სისტემიდან ახალ მოდელზე გადაერთოს, სადაც მომხმარებლების რეგისტრირებული ანგარიშების საშუალებით შეძლებს ფინანსური სარგებლის მიღებას.

ერთ-ერთი პირველი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მედია პროექტი Steemit 2016 წელს შეიქმნა ვირჯინიაში. Steemit სოცლური მედიისა და ბლოგების პლატფორმაა, რომელიც ავტორებს ჰონორარს მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გადარიცხული თანხით უხდის. ეს ყველაფერი კი ბლოკჩეინის საშუალებით ხდება.

საავტორო უფლებებისა და ფრილანსერობისგან მიღებული სარგებელი

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა მაგალითად ეთერიუმი (თავისუფალი, კომპიუტერული ონლაინ სადისტრიბუციო პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინზეა დაფუძნებული), საშუალებას იძლევა მიკრო გადახდის საშუალებით წვდომა გვქონდეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მათ შორის ახალ ამბებზე, მუსიკაზე, ფოტოებზე და აშ. პლატფორმა ამას ე.წ. Smart კონტრაქტების საშუალებით აკეთებს.

მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე რომელიმე სიმღერას უსმენს, თანხის მცირე ოდენობა მსმენელისგან პირდაპირ არტისტთან მიდის და არ გადის შუამავალ არხებს. უახლოეს მომავალში მსგავსი პლატფორმები სულ უფრო აქტუალური გახდება. ავტორები თავად მიიღებენ შემოსავლის დიდ ნაწილს, მაშინ, როცა არსებული სისტემით საავტორო უფლებებით ყველაზე მეტად სადისტრიბუციო პლატფორმები სარგებლობენ. ამავე დროს, შემქმნელები შეინარჩუნებენ საკუთრების უფლებას და ექნებათ პირდაპირი ინტერაქცია აუდიტორიასთან.

ეთერიუმის მსგავსი პლატფორმების საშუალებით ადამიანებს პირადად ექნებათ ინტელექტუალურ საკუთრების დაცვის საშუალება, ეს შეეხება როგორც მწერლებს და არტისტებს, ისე ჟურნალისტებს, რომლებიც საავტორო მასალებზე მუშაობენ. მსგავსი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით აისახება ფოტოგრაფიის ინდუსტრიაზე, რადგანაც ციფრული ერის ფოტოგრაფები იძულებული ხდებიან, საავტორო უფლება მათ დაუთმონ, ვინც მათ ნამუშევარს იყიდის.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, 2019 წლიდან გაიზრდება მოთხოვნა ისეთ პლატფორმებზე, რომლებიც ნებას რთავენ ავტორებს საკუთარ პროდუქტზე მესაკუთრეობა შეინარჩუნონ და მისი მოხმარებისა და გავრცელებისგან ყველაზე დიდი სარგებელი თავად ნახონ.

უცვლელი ( მარადიული, მდგრადი) ჟურნალისტიკა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ინფორმაციის სამუდამო შენახვის ფუნქციაა. აქ ინახება ჩანაწერი, რომელიც ვერასდროს წაიშლება და შესწორდება. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა მედიაში გაართულებს ინფორმაციის ცენზურას და შეზუდვას. კონტენტის შემქმნელებს შეეძლებათ გამოიყენონ დისტრიბუცის არხები, რომლებიც მათ გარანტიას მისცემს, რომ ეს ინფორმაცია ვერასდროს გაიფილტრება ან დაიბლოკება მესამე მხარის მიერ.

გამომცემლები მალე დანერგავენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმებს, რაც უზურუნველყოფს, რომ მათი კონტენტი არ იქნება მოდიფიცირებული და დაცენზურებული. ეს ტრენდი დაეხმარება მედიებს მეტი ნდობა მოიპოვონ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელების კონტექსტში. მსგავსი დეცენტრალიზებული პლატფორმები ყველას მისცემს საშუალებას შექმნას და გაავრცელოს ინფორმაცია თავისუფლად.

საარქივო და დისტრიბუციის კომპანიები, როგორიცაა მაგალითად ვიკილიქსი ან Internet Archive, ასევე გაიადვილებენ საქმეს. ბლოკჩეინზე ინფორმაციის ჩაწერა უზრნველყოფს მასზე ხელმისაწვდომობის გარანტიას, მაშინაც კი, თუ host სერვერები გამოირთვება ან დაზიანდება.


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ