ჟურნალისტ პელინ უნკერს თურქეთის სასამართლომ წელიწადზე მეტი
მიუსაჯა ე.წ. „სამოთხის ქაღალდების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში
მონაწილეობის გამო. გამოძიება ოფშორულ ზონებში გადასახადებისგან თავის
არიდებაში მონაწილე არაერთ მაღალი წრის პოლიტიკოსსა და ცნობილ სახეს,
მათ შორის თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი შვილების
ბიზნეს საქმიანობას შეეხებოდა.
უნკერი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის
(ICIJ) წევრია, სტამბულის სასამართლომ დამნაშავედ სცნო „დეფამაციისა
და ღირსების შემლახავი“ ინფორმაციის გავრცელებაში და მას 13-თვიანი
პატიმრობა მიესაჯა. ჟურნალისტი გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში
მალტაში, ბინალი ილდირიმისა და მისი შვილების საკუთრებაში არსებული
კომპანიების შესახებ წერდა.
უნკერმა ICIJ-თან საუბარში თქვა, რომ მას სხვა მოლოდინი არც ჰქონია
თურქეთის სასამართლოსგან, ვინაიდან თავიდანვე ცხადი იყო რა შედეგითაც
დასრულდებოდა პროცესი. მიუხედავად ამისა, იგი გადაწყვეტილების
გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან, ჟურნალისტის თქმით, ილდირიმმა და
მისმა ოჯახის წევრებმა უკვე აღიარეს, რომ მისი სტატია ილდირიმების
მალტური ბიზნესის შესახებ არავითარ სიცრუეს არ შეიცავდა.
გამოცემა the Guardian-ის ცნობით, ICIJ-ის დირექტორმა ჯერარდ რაილმა
განაცხადა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება სამართლიანი და ზუსტი
რეპორტინგის გაჩუმების მცდელობაა თურქეთში.
„ICIJ ამაყობს პელინ უნკერის გაბედული და სამართლიანი რეპორტინგის
გამო და გმობს თურქეთში ჟურნალისტების თავისუფლებაზე განხორციელებულ
იერიშს, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ავტოკრატიული მმართველობის
პირობებში,“ - განაცხადა რაილმა.
სამოთხის ქაღალდები ეწოდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გამოცემა
Guardian-მა და 90-მდე სხვა მედიასაშუალებამ ჩაატარეს კონსორციუმის
ფარგლებში, მას შემდეგ რაც ოფშორებში არსებული ორი სერვისის
მიმწოდებლისა და 19 „საგადასახადო სამოთხის“ კომპანიის 13 მილიონზე
მეტი დოკუმენტი გაიჟონა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი პირველ ადგილზეა გასულ წელს ციხეში მყოფი
ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით. 2019 წლის დასაწყისისთვის 68
თურქი რეპორტიორი იყო დაპატიმრებული.
მომზადებულია the Guardian-ის მიხედვით