ხადიჯა ისმაილოვას "ბრძოლა"
29.01.2019

აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა ხადიჯა ისმაილოვამ მიმდინარე, 2019 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოუგო. ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. 

ამ გადაწყვეტილებამდე ხადიჯამ რთული, გამუდმებული ბრალდებებისა და დევნის გზა გაიარა. ჟურნალისტური კარიერის დაწყებიდან ხადიჯა აზერბაიჯანის ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის მხილებისთვის, ხელისუფლება კი მისი გაჩუმებისთვის იბრძოდა. 

♦  ბიოგრაფიული დეტალები

ხადიჯა ისმაილოვა 1976 წლის 27 მაისს, ბაქოში დაიბადა. 1997 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახდა. მისი ჟურნალისტური საქმიანობა აქედან იწყება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, იგი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშაულებასთან თანამშრომლობდა.

♦  გზა საგამოძიებო ჟურნალისტიკამდე

alt2008-2010 წლებში ხადიჯა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2010 წლიდან მუშაობა რიგითი რეპორტიორის რანგში განაგრძო. 2010 წლიდან ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში არსებული კორუფციის მამხილებელი სტატიების სერიის ავტორი გახდა. მისი ყველა სტატია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდა, რამდენადაც ის ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, მისი მეუღლისა და შვილების კორუფციულ გარიგებებში ჩართულობას ასახავდა. მათგან ორი სტატია წლის საგამოძიებო ნაშრომადაც დასახელდა.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობის მიერ სრულად კონტროლდება, ამგვარი ტიპის სტატიების გამოქვეყნება ადგილობრივი მედიისა და ჟურნალისტებისგან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ხადიჯა ისმაილოვას მიერ მომზადებულ სტატიებზე დაყრდნობით, ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ არაერთმა უცხოურმა სოლიდურმა გამოცემამაც დაწერა. მათ შორის იყო the Washington Post-იც.

♦  მუქარა და შანტაჟი პროფესიული საქმიანობის გამო

საგამოძიებო სტატიების გამოქვეყნებიდან მალევე ხადიჯამ მუქარისა და შანტაჟის შემცველი შინაარსის შეტყობინებებისა და იმეილების მიღება დაიწყო. დაემუქრნენ პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელებითაც, თუ მსგავსი ტიპის მასალების წერას არ შეწყვეტდა. მალევე ავტორებმა მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე მისი პირადი ცხოვრების კადრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ვიდეოს გავრცელებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. ხადიჯა ისმაილოვას მიმართ მხარდაჭერა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოხატა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქმის სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდა.

2013 წელს ხადიჯა ისმაილოვა ბაქოში მიმდინარე მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდა. მაშინ, სხვა პროტესტანტებთან ერთად, ხადიჯა კანონის დარღვევისთვის დააკავეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს. იგი დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ არანაირი კანონი არ დაურღვევია. აზერბაიჯანულმა სასამართლომ, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით 220 საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, კერძოდ კი ქუჩების დასუფთავება დააკისრა. სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ისმაილოვამ განაცხადა, რომ “დაკისრებული “სასჯელით” კმაყოფილია, რადგანაც “ქვეყნის ნაგვისგან გაწმენდა” სწორედ ის საქმიანობაა, რაზეც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს”. ამას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე ბრალდება მოჰყვა. თუმცა არ დაუკავებიათ.

♦  პატიმრობა და აზერბაიჯანული სასამართლოს განაჩენი

ერთ-ერთი ბოლო ბრალი ხადიჯა ისმაილოვას 2014 წელს წაუყენეს. აზერბაიჯანული მართლმსაჯულება მას ერთ-ერთი მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ედავებოდა. ისმაილოვას სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალევე მას ბრალი წაუყენეს, რაც გადასახადების თავიდან არიდებას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა.

2015 წელს მამაკაცმა, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაც ბრალად ისმაილოვას ედებოდა, ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა. თუმცა მის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებები ძალაში დარჩა და 2015 წელს აზეირბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტს 7.5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

alt


სასამართლოს განაჩენს საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი რეაქცია და აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი მთავრობას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის შედეგად, აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ხადიჯა ისმაილოვა გაეთავისუფლებინა. 2016 წელს იგი ციხიდან გამოუშვეს, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აკრძალული აქვს.

♦  დავა ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანის სასამართლოს განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დავა დაიწყო. ევროპულ სასამართლოში მისი უფლებების ერთ-ერთი დამცველი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ კლუნი იყო. მან ჟურნალისტის დაცვის სურვილი თავად გამოთქვა.

♦  ევროპული სასამართლოს განაჩენი

საქმეზე გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ჟურნალისტის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლომ ხადიჯას მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-8 მუხლების (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დარღვევა დაადგინა.

“მათ [აზერბაჯანის ხელისუფლებას] ეგონათ, რომ მე გამანადგურებდნენ, არადა ისინი საკუთარ თავებს ანადგურებენ. ამიერიდან მსოფლიოს ეცოდინება როგორ ძალადობენ თავისუფალ ჟურნალისტებზე აზერბაიჯანში”, - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.


თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ