ეთიკურია თუ არა რესპონდენტის პირადი საუბრის მოსმენა
19.02.2019

როდესაც რესტორანში ან სასტუმროს ბარში იმყოფებით ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თქვენი პირადი საუბარი მომდევნო დღეს მთელ მედიაში გაშუქდეს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ ხართ და რას წარმოადგენთ - სწორედ ასე იწყება მედიაპლატფორმა The Conversation-ზე პროფესორ დეივ პორტერის გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ჟურნალისტების მიერ რესპოდენტების პირად საუბრებზე მიყურადებას ეხება.

პორტერის თქმით, საზოგადოებაში მიყურადება მიუღებელ ქმედებადაა მიჩნეული, თუმცა ჟურნალისტის შემთხვევაში სხვისი პირადი საუბრების მოსმენა შესაძლოა ITV-ის ახალი ამბების რეპორტიორის, ენგუს უოლკერის, ამბის მსგავსად დასრულდეს.

ბრიტანული მედიასაშუალების ITV-ის რეპორტიორი 2019 წლის 11 თებერვალს ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში ფრანგი პოლიტიკოსის მიშელ ბარნიესა და "ბრექსიტის" საკითხებში სახელმწიფო მდივნის სტივენ ბარკლის შეხვედრას აშუქებდა. პოლიტოკოსებს ვახშამზე დიდი ბრიტანეთის "ბრექსიტის" მთავარი მომლაპარაკებელი ოლი რობინსიც შეუერთდა.

მაშინ, როცა ოლი რობინსმა ვახშამი დატოვა და ტაქსიში ჩასაჯდომად გაემართა, ITV-ის რეპორტიორი და ოპერატორი შენობის გარეთ პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდნენ. 


alt

ITV-ის ჟურნალისტი, ენგუს უოლკერი პირდაპირი ჩართვისას


როგორც ჟურნალისტი ყვება, პირდაპირი ჩართვის დასრულების შემდეგ ის და მისი ოპერატორი თავიანთ სასტუმროში დაბრუნდნენ და დასალევად ბარში დასხდნენ. რეპორტიორმა სწორედ ბარში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ოლი რობინსიც იმავე სასტუმროში იყო გაჩერებული და ისიც თავის ორ კოლეგასთან ერთად სვამდა. ენგუს უოლკერის თქმით, რობენსი ისეთი მანერით საუბრობდა, სულაც არ იყო დაჟინებით მოსმენა საჭირო, იმის გასარკვევად, თუ რას ამბობდა ის „ბრექსიტის“, მთავრობისა და პარლამენტის შესახებ.

მომდევნო დღეს რობინსის ნათქვამი იმის შესახებ, რომ თუ პარლამენტის წევრები ტერეზა მეის „ბრექსიტის“ ბოლო შეთანხმებას უარყოფდნენ, მაშინ მომდევნო ვარიანტი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება იქნებოდა, ბრიტანულ მედიაში გაშუქდა. ჟურნალისტის აზრით, რობინსის ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტერეზა მეი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებდა და ის გამოსვლის პროცესის შეყოვნებაზე დისკუსიაში არ ჩაერთვებოდა.

გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე მთავრობის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სტატიაში გამოყენებული ინფორმაცია "პირადი საუბრის" ნაწილს წარმოადგენდა.

⇒   არის თუ არა პირადი საუბრების გაშუქება ეთიკურად გამართლებული?

ამ კითხვაზე საპასუხოდ დეივ პორტერს მაგალითად ერთი შემთხვევა მოჰყავს, რომელიც ამჯერად ჟურნალისტის მიყურადებას ეხება.

2016 წლის ოქტომბერში ერთერთ რესტორანში BBC-ისა და Channel 4-ის ახალი ამბების ჟურნალისტს პოლ მეისონს პირადი საუბარი ჰქონდა. ის ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ჯერემი კორბინს, აკრიტიკებდა. პოლ მეისონის პოლიტიკოსისადმი მიმართული დამამცირებელი სიტყვები მის გვერდით მდგომმა ე.წ ფრილანსერმა ჟურნალისტმა ჩაიწერა და მასალა საუბრის ამსახველ ფოტოებთან ერთად ცნობილ ტაბლოიდს The Sun- ს გადასცა.



პოლ მეისონმა ტაბლოიდის წინააღმდეგ ბრიტანეთის პრესის საბჭოს ( IPSO-ს) მიმართა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მისი კონფიდენციალობა დაირღვა და ჩანაწერი უკანონოდ იქნა მოპოვებული.

IPSO-ს რედაქტორთა კოდექსის თანახმად, "მიუღებელია პირისთვის ფოტოს გადაღება მისი ნებართვის გარეშე საჯარო ან კერძო სივრცეში, სადაც კონფიდენციალობის დაცვის გონივრული მოლოდინი არსებობს." ამავე კოდექსის თანახმად, პრესამ გამოსაქვეყნებელი მასალის მოსაპოვებლად არ უნდა გამოიყენოს ფარული მოწყობილობები, როგორებიცაა ფარული კამერა ან ხმის ჩამწერი საშუალებები. ამ შემთხვევაში IPSO-მ მეისონის საჩივარი The Sun-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ერთერთი არგუმენტი იყო ის, რომ ე.წ ფრილანსერმა ჟურნალისტმა მასალები მობილურით მარტივად მოიპოვა და ეს საიდუმლო ან ფარულ მოწყობილობად არ ჩაითვალა.

IPSO-მ შემთხვევა შემდეგნაირად განმარტა: " მომჩივანი, პოლიტიკური მიმომხილველი, პროფესიულ კონტაქტთან ერთად განიხილავდა პოლიტიკურ საკითხს, მას არ უსაუბრია პირადულ თემებზე." შესაძლოა, რესტორანი კერძო სივრცედ მიჩნეულიყო, თუმცა საუბრის დრო და გარემოება, ფაქტი, რომ ის რესტორანი სწორედ იმ ადგილის გვერდით იყო, სადაც მეისონი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, მისი ახლო კავშირი ლეიბორისტულ პარტიასთან და ის ფაქტიც, რომ თვითონვე ჟურნალისტია, ნიშნავდა, რომ "საუბრის გამოქვეყნება მომჩივანის პირად ცხოვრებაში შეჭრას არ წარმოადგენდა".

  საჯარო ინტერესი

სტატიის ავტორის ცნობით, რედაქტორთა ამ ეთიკურ კოდექსის ხელმომწერი ბრიტანეთის ბეჭდური და ონლაინ მედია გამოცემების ძირითადი ნაწილია. მაუწყებელთათვის კი მარეგულირებელი ორგანო Ofcom-ია. ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტებს უფლება აქვთ დაარღვიონ ეს კოდექსი თუ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. მიუხედავად ამისა, IPSO -ს არ დაუკონკრეტებია ის, რომ პოლ მეისონის კომენტარების შინაარსი საჯარო ინტერესს წარმოადგენდა. ხოლო ITV-ისა და „ბრექსიტის“ თემის შემთხვევაში კი საჯარო ინტერესი ეჭვგარეშეა.

გარდა ამისა, "ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის" (The NUJ) ეთიკის კოდექსიც ამბობს, რომ "ჟურნალისტებმა მასალების მოპოვებისას უნდა გამოიყენონ კეთილსინდისიერი, პირდაპირი და ღია გზები", თუმცა მათ უფლება აქვთ გასცდნენ ამ წესებს, თუ არსებობს "აბსოლუტური" საზოგადოებრივი ინტერესი.

დეივ პორტერის თქმით, ამ ყოველივედან გამომდინარე რესპოდენტების საუბარზე მიყურადება ერთერთი ჟურნალისტური ხერხი გამოდის, რომლის გამოყენებაც პროფესიული ეთიკის დარღვევის გარეშე მხოლოდ კონკრეტულ და შეზღუდულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

წყარო: theconversation.com


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ