გამოცემა The Washington Post-მა გასულ წელს თურქეთში, საუდის
არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის პატივსაცემად მისი
სახელობის სასტიპენდიო პროგრამა დააარსა.
გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამა
ჟურნალისტებსა და მწერლებს დამოუკიდებელი პლატფორმით უზრუნველყოფს,
რათა მათ თავიანთი ხედვა მსოფლიოს იმ ადგილებიდან წარმოადგინონ, სადაც
გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია.
The Washington Post-მა ჯამალ ხაშოგის სახელობის პროგრამის პირველ
სტიპენდიანტად საუდის არაბეთის წარმომადგენელი, აქტივისტი და მწერალი
ჰალა ალ-დოსარი დაასახელა.
“ჩვენ პატივს მივაგებთ ჯამალის ცხოვრებას, მუშაობასა და იმ
ღირებულებებს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის
ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენთვის დიდი
პატივია ის, რომ ჰალა დათანხმდა ყოფილიყო პირველი სტიპენდიანტი.
მოუთმენლად ველით, როდის შეუერთდება ის იმ კონტრიბუტორებს, რომლებიც
მოგვაწოდებენ ინფორმაციულ და განსხვავებულ ხედვებს, რომლის გამოხატვის
საშუალებაც შესაძლოა თავიანთ ქვეყანაში ან რეგიონში არ ჰქონდეთ",-
განაცხადა The Washington Post-ის ერთერთმა რედაქტორმა ფრედ
ჰაიატმა.
ჯამალ ხაშოგის სახელობის პროგრამის პირველი სტიპენდიანტი ძირითადად
შუა აღმოსავლეთში დღესდღეობით არსებულ ყველაზე აქტუალურ თემებზე
დაწერს. ჰალა ალ-დოსარის სვეტები კი გამოცემის "მოსაზრებების" გვერდზე
არაბულ ენაზეც გადაითარგმნება.