01.03.2019
თემამ აქტუალობა არც მიმდინარე წელს დაკარგა. მსგავსი თამაშების შესახებ მომზადებული მასალები და მშობლებისადმი გაფრთხილებები მედიაში კვლავ გამოჩნდა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი მასალა გამოცემებმა info9.ge-მ და imedinews.ge-მ მოამზადეს. მასალებში მოზარდებისთვის ახალ ინტერნეტთამაშზეა საუბარი, რომლის სამიზნეც, როგორც მასალებში ვკითხულობთ, ახალგაზრდები არიან და თამაშის საბოლოო მიზანი მათი თვითმკვლელობამდე მიყვანაა. ორივე სააგენტომ მასალა ბრიტანულ გამოცემა the Independent-ზე დაყრდნობით მოამზადა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ე.წ. “მორალური პანიკაა”, რომლის გავრცელებასაც ხელს ზრდასრული ადამიანები უწყობენ. სინამდვილეში მსგავსი ინტერნეტგამოწვევა არ არსებობს და ის მხოლოდ მოგონილი ამბავია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა the Guardian წერს.
Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ინტერნეტის უსაფრთხოების ცენტრმა ე.წ. მომოების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს “ყალბი ამბები” უწოდა. ამასთან youtube-ში (ინტერნეტპლატფორმა, რომლითაც ინტერნეტში ვიდეომასალა ვრცელდება), განმარტეს, რომ ისეთი ვიდეოს გავრცელების კვალი, სადაც მსგავსი გამოწვევა ან ვინმეს თვითმკვლელობისკენ წახალისება ჩანს, მათ პლატფორმაზე არ იძებნება.
მსგავსი ფაქტს ვერც ბრიტანეთის ბავშვთა ძალადობის პრევენციის საზოგადოებაში მიაკვლიეს (The NSPCC). მათი განმარტებით, ორგანიზაციაში შესული ზარების უმეტესობა, ძირითადად საკითხით დაინტერესებული ჟურნალისტების იყო და არა ამბით შეშფოთებული მშობლების.
“ამ მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს არცერთი ხელშესახები მტკიცებულება იმისა, რომელიც მოზარდის თვითმკვლელობას ე.წ. ინტერნეტმომოსთან დააკავშირებდა”, - აცხადებენ NSPCC-ში და განმარტავენ, რომ “ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლებისა და ბავშვეთან მომუშავე პირების მხრიდან ინტერნეტ უსაფრთხოების წესების დაცვაა და სხვა არაფერი”.
სპეციალისტები მედიასაშუალებებს ამბის გაშუქების წინ გზამკვლევების წაკითხვას ურჩევენ, რადგან, შესაძლოა, “გაშუქება უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს”. მათი განცხადებით, საზოგადოებაში პანიკის დათესვის რისკი მაღალია.
“მიუხედავად კეთილი მიზნებისა, მსგავსი ამბების გავრცელება, მხოლოდ ინტერესს აღძრავს მოზარდ თაობაში, მათში შიშებს აღვივებს და სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს”, - ამბობენ ბრიტანეთის ინტერნეტის უსაფრთხოების ცენტრში. “ეს სიმართლედ აღქმული მითია”, - განმარტავენ იქვე.
მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავს პანიკას ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რომელიც ინტერნეტსივრცეში ბავშვების უსაფრთხოების, გაუფილტრავი ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა რისკებიდან მომდინარეობს.