04.03.2019
"დოიჩე ველეს" ცნობით, ხორვატიაში ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლოში 1,100-ზე მეტი სარჩელია შეტანილი. "ხორვატიელ ჟურნალისტთა ასოციაციის" განცხადებით კი, სარჩელები მედიის ცენზურისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობაა.
"ადგილობრივი სასამართლოები პოლიტიკოსებთან არიან გაერთიანებული და ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობენ. ჩვენს ნიუსრუმებში ამიტომაც იგრძნობა თვითცენზურის საჭიროება. მე აღარც კი ვწერ ჩემს სვეტს, რადგან თუ ისე დავწერ როგორც მინდა, სასამართლო სარჩელები და კომპენსაციის მოთხოვნა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამუშაო ადგილებს”, - განაცხადა "დოიჩე ველესთან" საუბარში გაზეთ Podravski-ის მთავარმა რედაქტორმა რობერტ მიჰაილევიჩმა.
ჟურნალისტების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორვატიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა HRT-მა სასამართლოში თავისივე ჟურნალისტების წინააღმდეგ 30-ზე მეტი სარჩელი შეიტანა. ხორვატიის საზოგადოებრივ მაუწყებელს კრიტიკოსები მმართველი პარტიის ინტერესების დაცვასა და მისი საზოგადოებრივი ფუნქციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ხორვატიელი ჟურნალისტები კორუფციასა და ორგანიზაციულ დანაშაულს იძიებენ, მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში ერევა. მედიის უფლებადამცველებმა აღნიშნეს ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მედია კონტენტის "დამცირება" 2013 წლიდან კრიმინალიზებულია.