27 ქალ პატიმარ ჟურნალისტს გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა
09.03.2019
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) იმ ქალი ჟურნალისტების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში არიან დაკავებული. ზოგიერთი მათგანი წამებისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და მძიმე პირობებში უწევს ყოფნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დროთა განმავლობაში უფრო მეტი ქალი ჟურნალისტი ხდება ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლი. 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 334 ჟურნალისტია ციხეში, მათგან 27 (8%) ქალია. 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 3% იყო.

27 ქალი ჟურნალისტი საერთო ჯამში 9 ქვეყანაშია დაკავებული. ყველაზე ბევრი მათგანი ირანისა და ჩინეთის ციხეებში იხდის სასჯელს (თითოეულ ქვეყანაში 7-7 ქალი ჟურნალისტი), ამ ქვეყნებს თურქეთი მოსდევს 4 დაკავებული ჟურნალისტით, საუდის არაბეთში სასჯელს 3 ქალი ჟურნალისტი, ვიეტნამში - 2, ეგვიპტეში, ბაჰრეინში, სირიასა და ნიკარაგუაში კი ერთი ქალი ჟურნალისტი იხდის სასჯელს.

დევნა სტატიების გამო და მძიმე ბრალდებები

ქალ ჟურნალისტებს თავიანთი სტატიებისა თუ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო ძირითადად ბრალს ისეთი მძიმე დანაშაულისთვის უყენებენ, როგორებიცაა "ტერორიზმის პროპაგანდა", "ტერორისტული ჯგუფის წევრობა" ან "საეჭვო კავშირები უცხო პირებთან". ეს ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ბრალდებები კი მათი გრძელვადიანი პატიმრობისთვის საფუძველი ხდება.

ირანში ჟურნალისტ და უფლებადამცველ ნარგის მოჰამადსა და რედაქტორ ჰენგამა შაჰიდს "ეროვნული უსაფრთხოებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებისა" და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის "შეურაცხყოფის" ბრალდებით 10 და 12 წელი პატიმრობა მიესაჯათ. როია საბერი ნეგად ნობახტს, რომელსაც ირანისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 2014 წელს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით 5 წლამდე ვადით შეუმცირეს.

სამუდამო პატიმრობები

ჟურნალისტთა გასაჩუმებლად ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო უწყებები სამუდამო პატიმრობასაც მიმართავენ. მათ შორისაა, ჩინეთიც. 2010 წელს ახალი ამბების ვებგვერდ Salkin-ის რედაქტორს გალმირა აიმინს "სეპარატიზმისა" და "სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების" ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იგივე განაჩენი გამოუტანეს თურქეთში 74 წლის ჟურნალისტს ნაზლი ილისაკს და მის ორ მამაკაც კოლეგას, ძმებ ალთანებს, რომელებმაც 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე სატელევიზიო გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა. სამივე მათგანს სამუდამო პატიმრობის "დამამძიმებელი" ფორმა მიუსაჯეს, რაც შეწყალებას არ ითვალისწინებს.
alt
"არაადამიანური" პირობები

ქალ ჟურნალისტებსაც, ისევე, როგორც მათ მამაკაც კოლეგებს ციხეში მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. ნიკარაგუის სატელევიზიო არხის, 100% Noticias-ის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელს ლუსია პინეიდა იუბაუს ქალთა კოლონიაში გადაყვანამდე მანაგუას ელ ჩიპოტეს გაძლიერებული უსაფრთხოების ციხეში 41 დღე მოუწია ყოფნა, პორტუგალიელმა ევროპარლამენტარმა ხოსე ინასიო ფარიამ, რომელმაც პინეიდა ელ ჩიპოტეში პირადად მოინახულა, განაცხადა, რომ ციხეში "არაადამიანური" პირობებია. ვიეტნამელ ბლოგერს ტრან ტი ნას, რომელმაც მიგრანტი მუშები დაიცვა "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის" ბრალდებით 2017 წლის 25 ივლისს ერთ-დღიან სასამართლო პროცესზე 9-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს. მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა სატელოფონო ზარების განხორციელება და ციხეში ვიზიტორების მიღება, რადგან "უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე."

RSF-ის ცნობით, ირანში პატიმრობაში მყოფი პირებს სათანადო სამედიცინო დახმარებით არ უზრუნველყოფენ. ერთერთ ყველაზე ცუდი პირობების მქონე ციხე გერჩაკში სამი ჟურნალისტი ქალი - საფიდა მორადი, ავიშა ჯალალედინი და შიმა ენტესარი 5-წლიან სასჯელს იხდის. ირანში დაკავებული ქალი ჟურნალისტები ციხეში არსებული შეუსაბამო პირობების, მათ შორის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გასაპროტესტებლად ხშირად მიმართავენ საშიმშილო გაფიცვებს.

წამება, დამცირება და სექსუალური შევიწროება

ჩინეთში გილმირა აიმინი აწამეს და იძულეს ადვოკატის ნახვის გარეშე მოეწერა ხელი დოკუმენტებზე.

2018 წლის 25 აპრილს ეგვიპტეში დაკავებული ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტის, შუროქ ამჯად აჰმედ ალ საიედის, ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, სანამ მათთვის სასურველი ჩვენება არ მისცა, კერძოდ, ის, რომ მან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით შექმნა ვებგვერდი, რომელიც უკანონო ორგანიზაცია"მუსლიმთა საძმოს" ეკუთვნოდა.

საუდის არაბეთის ადამიანთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის Al-Qst-ის ინფორმაციით, ორი არაბი ჟურნალისტი - იმან ალ ნაფჯანი და ნაუფ აბდულაზიზ ალ ჯერავი იმ ქალთა უფლებადამცველებს შორის მოხვდნენ, რომლებიც 2018 წელის გაზაფხულში დაკავების შემდეგ აწამეს, მათ შორის ზოგიერთი მათგანი აიძულეს გაშიშვლებულიყვნენ, რათა მათთვის ფოტოები გადაეღოთ.

გაუჩინარება პატიმრობისას

საუდის არაბეთის მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ის ბრალდებები, რაც არაბ ჟურნალისტებს, ნაფჯანსა და ჯერავის წაუყენეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ 6 ქალი ჟურნალისტია დაპატიმრებული სასამართლო პროცესის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტების ოჯახებმა კავშირი დაკარგეს მათთან. მაგალითად, ჩინეთში არავინ იცის რა დაემართა სამ ჟურნალისტს - ჩან ჯიშინს, ჩინ ჩაოსა და ლი ჟაშუს - რომლებიც 2015-16 და 2017 წლებში დააკავეს.

სირიელი ბლოგერი თალ ალ-მალუჰიც პატიმრობისას გაუჩინარდა. 2011 წელს მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამიტომ ის უკვე დიდი ხნის გათავისუფლებული უნდა იყოს. თუმცა, ბოლოს ალ-მალუჰი 2016 წელს ნახეს, როდესაც დამასკოს ციხეში გადაჰყავდათ. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი კი 18 წლის ასაკში 2009 წლის დეკემბერში დააკავეს. ის უკვე წლებია გისოსებს მიღმაა დარჩენილი.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 27-ვე ქალი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და გაეროს ამ საქმეების გადახედვისკენ მოუწოდებს.

წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ