ფეისბუკი და მედიასაშუალებები შლიან ახალ ზელანდიაში თავდამსხმელის მიერ გადაღებულ კადრებს
15.03.2019
ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმა, რომელმაც 49 ადამიანი იმსხვერპლა, Facebook-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.  ინციდენტის ამსახველ კადრებს თავად თავდამსხმელი იღებდა, მოგვიანებით 17-წუთიანი ვიდეო Youtube-ზე, Twitter-სა და რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზეც გავრცელდა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში Facebook-მა თავდამსხმელის მიერ განხორციელებული პირდაპირი ეთერი და მისი Facebook ანგარიში ქსელიდან წაშალა, რათა ხელი არ შეეწყო ტირაჟირებისთვის.

როგორც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის Facebook-ის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მია გარლიკმა, INSIDER-ს განუცხადა, კომპანიაში თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება ახალი ზელანდიის პოლიციისგან მიიღეს.

"ახალი ზელანდიის პოლიციამ შეგვატყობინა ვიდეოს შესახებ, მალევე, როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ჩვენ დაუყოვნებლივ წავშალეთ თავდამსხმელის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები და უშუალოდ მომხდარის ამსახველი ვიდეო. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი მასალის წაშლას, რომელიც ამ კრიმინალურ აქტს და თავდამსხმელს უჭერს მხარს", - განაცხადა გარლიკმა.

Facebook-ი თავდამსხმელის ვიდეოს ასლების ქსელში ძებნას განაგრძობს და შლის ყველა მათგანს მათი აღმოჩენისთანავე. ამ შემთხვევაში კომპანია კონტენტის მოძიებისა და წაშლისთვის ტექნოლოგიურ და ადამიანურ რესურსებს ერთობლივად იყენებს.

Independent-ის ცნობით, მედიასაშუალებების ნაწილმა უკვე წაშალა თავდამსხმელის მიერ გადაღებული ვიდეო. თუმცა, რამდენიმე საინფორმაციო გვერდზე, მათ შორის, The Mirror-სა და MailOnline-ზე მაინც იძებნება ვიდეოს ფრაგმენტები. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამჟამად Google და Twitter-იც მუშაობენ, რათა მათ პლატფორმებზე თავდასხმის ამსახველი ყველა მასალა წაიშალოს.

მედიის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ტერორიზმის გაშუქებისას მედიას აკისრია პასუხისმგებლობა უნებურად არ გახდეს ხელშემწყობი ტერორისტული შინაარსის მიმართვების თუ მოწოდებების ტირაჟირებისა.

თავდასმა ახალი ზალანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში 15 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ორ მეჩეთში გახსნეს. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 49 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ