BBC- ის რეპორტიორმა ბრიუსელიდან, ადამ ფლემინგმა, ბრექსიტის
შეთანხმების 585-გვერდიანი დოკუმენტი აუდიტორიას ASMR ტექნიკით
გააცნო. ვიდეო "ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის" ვებგვერდზე 27
მარტს გამოქვეყნდა.
ASMR-ი ავტონომიური სენსორულ მერიდიანული რეაგირებაა - რაც აუდიო და
ვიდეო მასალებში სხვადასხვა ნივთის გამოყენებითა და ჩურჩულით
სასიამოვნო ხმების შექმნას გულისხმობს. მსგავსი კონტენტი ბოლო წლების
განმავლობაში Youtube-ზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და
მილიონობით ნახვას აგროვებს.
ASMR ვიდეოები სტრესის შემცირებასა და ადამიანის დამშვიდებას უწყობს
ხელს.
ახალ ტრენდს BBC-მაც აუწყო ფეხი და მაყურებელს ბრექსიტის შეთანხმების
დოკუმენტი ჩურჩულითა და ხმაურით გააცნო. ადამ ფლემინგი ვიდეოში
დოკუმენტს ფურცლავს, მის შინაარსზე ჰყვება და რამდენიმე მონაკვეთს
კითხულობს. ბოლოს კი მიკროფონთან კრუასანს აგემოვნებს და მაყურებელს
ემშვიდობება.
BBC-ის ცნობით, ტერმინი ASMR-ი 2010 წელს ამერიკელმა ჯენიფერ ალენმა შემოიღო, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით Facebook ჯგუფი შექმნა. დღესდღეობით YouTube-ზე ASMR ჟანრის 12 მილიონზე მეტი ვიდეოა ატვირთული. როგორც წესი, თითოეულ ვიდეოში კონკრეტული პირი ხმაურის წარმოქმნისთვის მრავალფეროვან ნივთებს იყენებს და სხვადასხვა თემებზე ჩურჩულებს. თუმცა აქამდე ASMR ვიდეო ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც ბრექსიტია არავის შეუქმნია.