05.04.2019
გასული წლის დეკემბრიდან საფრანგეთი სოციალურ მედიაში წარმოებული პოლიტიკური კამპანიების დროს, მისი დამფინანსებლისა და გაღებული ხარჯების შესახებ ინფორმაციის დასაბუთებასა და დეკლარირებას ითხოვს.
ამჯერად, ახალმა კანონმა უხერხულობა თავად საფრანგეთის ხელისუფლებასვე შეუქმნა. Twitter-მა კანონის გვერდის ავლა ვერ შეძლო და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მიერ წამოწყებული კამპანია დაბლოკა.
იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური კამპანიის დამკვეთი საფრანგეთის ხელისუფლება იყო, დასპონსორებული tweet-ებისთვის თანხაც სწორედ მას უნდა გადაეხადა. Twitter-მა კი, ამაზე უარი განაცხადა. კომპანიის უარმა, რომ საფრანგეთის მთავრობისგან ფული აეღო, საფრანგეთში ბევრი გააკვირვა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა Twitter-ზე ისიც კი დაწერა, რომ მას ეს საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა.
Twitter-ზე საკუთარი მოსაზრება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანტერმაც გამოთქვა. „Twitter-ის პრიორიტეტი ისეთ მასალებთან ბრძოლა უნდა იყოს, რომელიც მაგალითად ტერორიზმს ადიდებს და არა ისეთი კამპანიების დაბლოკვა, როგორიც ამომრჩეველთა რეგისტრაციაა“, - დაწერა მან.
ახალი კანონი, რომელიც ძალაში 2018 წლის დეკემბერში შევიდა, ანონიმურ პოლიტიკურ გზავნილებთან ბრძოლას და იმის გამოვლენას ისახავს მიზნად, თუ ვინ გადაიხადა მასში ფული. კანონი ონლაინ-პლატფორმებისგან ითხოვს, რომ დამკვეთის შესახებ ინფორმაცია და გადახდილი თანხის მოცულობა „ღია და ტრანსფარენტული“ გახადოს.
მთავრობის საინფორმაციო სამსახურში ახალი ამბების სააგენტოებს განუცხადეს, რომ „Twitter-ში არ იცოდნენ რა გაკეთებინათ, ამიტომ მკაცრი პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც ე.წ. პოლიტიკური კამპანიების სრულად მოხსნას გულისხმობს“.
მათივე მტკიცებით, მოსახლეობისადმი გზავნილი, რომ ისინი ხმის მიცემისთვის დარეგისტრირდნენ, პოლიტიკური კამპანიების კატეგორიაში არ გადის.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონმა ჩვენ წინააღმდეგ იმუშავა, არამედ, კონკრეტულმა პლატფორმამ ვერ გამონახა სათანადო ფორმა“, - აცხადებენ საფრანგეთი მთავრობაში.
Twitter-ის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, პოლიტიკური კამპანიის რეკლამის განმთავსებლებმა სპეციალური სერტიფიცირების პროცესი უნდა გაიარონ. ამავე წესების მიხედვით, რომელიმე თემის ადვოკატირებისთვის განკუთვნილ რეკლამებს, რომელიც კონკრეტული პირის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მათზე არ არის გათვლილი, როგორც წესი შეზღუდვები არ ეხება.
ამასთანავე, ახალი კანონის მიხედვით, ისიც მკაფიოა, რომ მსგავსი ტიპის გზავნილები საფრანგეთში ნებადართული არ არის.
წყარო: bbc.com