ბრიტანული რადიოს წამყვანის დისკრიმინაციულმა შეფასებამ აზიელებზე მსმენელები გაანაწყენა
13.04.2019
ბრიტანული რადიოს Talk Sport-ის წამყვანმა ალან ბრაზილმა დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო მსმენელი გააბრაზა. მან ერთ-ერთი ეთერის დროს თქვა, რომ აზიელები “ვირუსული ინფექციის” წყაროები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საკვებს სათანადოდ არ ინახავენ.

“არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ნაცნობთან ვსაუბრობდი, რომელიც გლაზგოს იმ ნაწილიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი სკოლა მდებარეობდა. მან მითხრა, რომ წლებთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქები შეიცვალა, იმიტომ, რომ უმარავი განსხვავებული ადამიანი გადმოვიდა საცხოვრებლად. მაგალითად აზიელები, რომლებიც საკვებს სათანადოდ არ ასაწყობებენ. ჩემმა ნაცნობმა მაგალითად მისი ერთ-ერთი აზიელი მეზობელი დაასახელა”, - განაცხადა ბრაზილმა ეთერში საუბრისას.

Talk Sport-ში წამყვანის ტექსტის გამო განმარტება მოუხდათ. მათ აღნიშნეს, რომ წამყვანი “წინდაუხედავი” და “მოუმზადებელი” იყო. მათივე განმარტებით, ბრაზილის სიტყვები - “არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა”, - მისი პროდიუსერისადმი ერთგვარი ნიშანი იყო და ის მის პასუხს ელოდა, თუმცა სამწუხაროდ პროდიუსერი იმ დღეს არ მუშაობდა.

კომენტარი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის მიერაც გაკეთდა (Ofcom) “გარდა იმისა, რომ წამყვანის კომენტარი სტანდარტებს ეწინააღმდეგება და მას გამართლება არ აქვს, ჩვენი შეფასებით, ეს კომენტარი დაავადებას უმცირესობის ერთ კონკრეტულ ჯგუფთან აკავშირებს, აზიელი ხალხის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ახალისებს და მათ მოუწესრიგებელ და არაჰიგიენურ ადამიანებად წარმოაჩენს. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი კომენტარები საფრთხის შემცველია და მათ, შესაძლოა, უმცირესობების მიმართ ძალადობა წაახალონ”, - აღნიშნეს მარეგულირებელში.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ