ავღანეთში ყოფილი ტელეწამყვანი - მინა მანგალი მოკლეს
13.05.2019
ავღანეთში, ქალაქ ქაბულში პოლიტიკოსი, ქალთა უფლებების დამცველი და ყოფილი ტელეწამყვანი მინა მანგალი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავღანეთის სამართალდამცველი ორგანოები აცხადებენ, რომ მკვლელს აუცილებლად დაიჭერენ და შესაბამისად დასჯიან. უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ყოფილ ქმართან უთანხმოება განიხილება. ის მეუღლეს ორი წლის წინ, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დაშორდა.

მინა მანგალის მკვლელობამ ავღანეთში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა. ავღანეთში ქალები შიშობენ, რომ დიდი ბრძოლის შედეგად მიღებულ უფლებებს, შესაძლოა, თალიბანის მებრძოლებთან ნებისმიერმა მოლაპარაკებამ კვლავ საფრთხე შეუქმნას. ცნობილია, რომ თალიბანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა აქვთ აღწერილი. აქედან უმეტესობა სწორედ იმ ადგილებში ფიქსირდება, სადაც თალიბანი დომინირებს.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მანგალმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მან მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის შესახებ შეტყობინებები მიიღო. თუმცა, მას მუქარის ავტორის ვინაობა არ დაუსახელებია.

წყარო: bbc.com

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ