ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა
11.06.2019
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მედუზას" ჟურნალისტის ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. "მედუზას" ცნობით, საქმე საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო შეწყდა. გოლუნოვს შინაპატიმრობიდან 11 ივნისს გაათავისუფლებენ.

"მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი რუსმა სამართალდამცველებმა 6 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. თავად გოლუნოვი წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მიერ მისთვის აღმოჩენილი შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტის დაკავებას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დაკავებული ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობა რუსეთში არაერთმა ადამიანმა გამოხატა, მათ შორის იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც, რომლებიც კრემლთან ასოცირდებიან და მათი პოლიტიკის გამტარებლებად მოიაზრებიან. მათ გოლუნოვის მიმართ მხარდაჭერა საერთო ღია წერილით გამოხატეს, სადაც მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტა მოითხოვეს.

ჟურნალისტის დაკავების გამო, შეშფოთება კრემილსადმი ლოიალურმა ტელევიზიამ NTV-მაც გამოხატა. „ეს ერთგვარი ტესტია ჩვენთვის“, - განაცხადა არხის წამყვანმა ირადა ზეინალოვამ და იქვე დასძინა - „ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ქვეყანა იქნება რუსეთი“.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ