ტრამპი და Fox News-ის წამყვანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
12.09.2019
"ახალი მედიასაშუალება უნდა გამოვძებნოთ, Fox News-ი ჩვენთვის აღარ მუშაობს", - ასე შეაფასა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტელეკომპანია Fox News-ი, რომელიც წლებია ტრამპს ძირითადად დადებით კონტექსტში აშუქებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტსა და მის ფავორიტ ტელევიზიას შორის ურთიერთობა ტრამპის მიერ Twitter-ზე გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიძაბა. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია დემოკრატიული პარტიის წევრების პოპულარიზებასა და მის მიმართ უსამართლოდ მოპყრობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტის კრიტიკას Fox News-ის წამყვანი ნილ ქავუტო კრიტიკითვე დაუპირისპირდა. ქავუტომ ტრამპის განცხადებას პირდაპირ ეთერში თითქმის 4-წუთიანი მონოლოგით უპასუხა. "პირველრიგში, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთვის არ ვმუშაობთ, მე თქვენთვის არ ვმუშაობ. ჩემი მოვალეობა თქვენი გაშუქებაა და არა ქება-დიდება", - განაცხადა ქავუტომ.

წამყვანმა გადაცემის მიმდინარეობისას ტელეკომპანიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებების საპასუხოდ ტრამპის ცრუ განცხადებები მოიყვანა მაგალითად.

“მე არ მითქვამს, რომ ტარიფები კარგია, თქვენ თქვით. ისევე, როგორც მე არ მითქვამს, რომ კედლის აშენებისთვის მექსიკა გადაიხდიდა, ეს თქვენ თქვით. მე არ მითქვამს, რომ რუსეთი არ ჩარეულა 2016 წლის არჩევნებში, ესეც თქვენ თქვით. ვწუხვარ, თუ არ მოგწონთ ამ ფაქტების წინ წამოწევა. სიყალბე იქნებოდა მათზე არასდროს რომ არ მესაუბრა",- აღნიშნა წამყვანმა.



მანამდე პრეზიდენტ ტრამპს არხის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბრიტ ჰიუმი დაუპირისპირდა და Twitter-ის საშუალებით შეახსენა, რომ Fox News-ი ვალდებული არაა მისთვის მუშაობდეს.

მიუხედავად რამდენიმე წამყვანის მიერ ღიად დაფიქსირებული კრიტიკისა, ტრამპის მიმართ დადებითად განწყობილი ტელევიზიის სხვა სახეები კვლავ პრეზიდენტის ერთგული რჩებიან.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ