Fox News-მა სტუმრის მიერ გრეტა თუნბერგზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა
02.10.2019
Fox News-მა საღამოს ეთერში სტუმრის კომენტარის გამო შვედ აქტივისტს გრეტა თუნბერგსა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, Fox News-ზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას კონსერვატორმა სტუმარმა მაიკლ ნოულსმა ასპერგერის სინდრომის მქონე 16 წლის ეკოაქტივისტს "ფსიქიკურად ავადმყოფი" უწოდა. "კლიმატის შესახებ ისტერიული მოძრაობა მეცნიერებას არ ეხება. მეცნიერებას რომ უკავშირდებოდეს, მაშინ მას მეცნიერები უხელმძღვანელებდნენ და არა პოლიტიკოსები და ფსიქიკურად ავადმყოფი შვედი ბავშვი, რომელსაც თავისი მშობლები და საერთაშორისო მემარცხენეები თავიანთი სარგებლისთვის იყენებენ", - განაცხადა ნოულსმა.

კომენტარის ავტორი ტელევიზიის ეთერში გადაცემის სხვა სტუმარმა, კრისტოფერ ჰანმა გააკრიტიკა "სირცხვილი შენ, ზრდასრული ადამიანი ხარ და და ბავშვს თავს ესხმი", - მიმართა ჰანმა მაიკლ ნოულსს. მოგვიანებით, Fox News-მა თუნბერგსა და მაყურებლებს მოუბოდიშა.

"გადაცემა The Story-ის სტუმრის მაიკლ ნოულსის კომენტარი სამარცხვინო იყო - ბოდიშს ვუხდით გრეტა თუნბერგსა და ჩვენს მაყურებლებს", - განაცხადა არხის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ Fox News-ი ნოულსის მიწვევას ეთერში სამომავლოდ არ გეგმავს.

ფოტო: Kena Betancur / AFP - Getty Images

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ