22.10.2019
გაზეთების პირველ გვერდებზე ნაჩვენებია სამთავრობო დოკუმენტი, რომლის ტექსტის ძირითადი ნაწილი შავადაა რედაქტირებული. გაზეთების გვერდებზე დატანილი წარწერებით კი ავსტრალიელი ჟურნალისტები იმ კანონების შეცვლას მოითხოვენ, რომლითაც ჟურნალისტიკა კრიმინალიზებულია, მამხილებლობა კი ჯარიმდება.
კამპანია სახელწოდებით "შენი უფლებაა, იცოდე" 19-მა მედია ორგანიზაციამ და ჟურნალისტთა გაერთიანებებმა მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლის გასაპროტესტებლად დაიწყეს. ამ კამპანიას წინ უძღოდა ივნისში, გაჟონილი სამთავრობო დოკუმენტაციის მოსაძებნად პოლიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისსა და ერთ-ერთი რეპორტიორის სახლში შემოწმების ჩატარება. მაშინ ინფორმაციის გაჟონვის გამო ბრალი წაუყენეს არმიის ყოფილ ადვოკატს, იგივე ემუქრება რამდენიმე ჟურნალისტსაც.
"ყოველ ჯერზე, როცა მთავრობა აწესებს ახალ შეზღუდვებს იმაზე, თუ რისი გაშუქება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ავსტრალიელებმა უნდა დასვან კითხვა: რის დამალვას ცდილობენ ჩემგან?" - აცხადებს კომპანია News Corp Australasia-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე მაიკლ მილერი.
ავსტრალიური მედია ორგანიზაციების კოალიციის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვისა და მამხილებლობაზე სანქციების დაკისრების მიზნით 60-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი გამოიცა.