ჯონ სტიუარტი - პოლიტიკური სატირის ტელესახე
28.11.2019
ჯონ სტიუარტი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გამორჩეული სატელევიზიო სახეა. ტელეწამყვანი, პროდიუსერი, კომიკოსი, მწერალი - ამ რეგალიებით იცნობენ სტიუარტს ამერიკაში. მიუხედავად სხვადასხვა სფეროში მუშაობისა ჯონ სტიუარტის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს სატირული სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემა The Daily Show წარმოადგენს, რომელიც მას Comedy Central-ის ეთერში 1999-დან 2015 წლამდე მიჰყავდა.
კარიერის დასაწყისი

ჯონ სტიუარტი ( ჯონათან სტუარტ ლიბოვიცი) 1962 წლის 28 ნოემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა. თუმცა, მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში გადავიდა და ამიტომ სტიუარტს ახალგაზრდობის წლების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ შტატში აქვს გატარებული. 1984 წელს ვირჯინიის შტატში, უილიამსბურგის "უილიამისა და მერის" კოლეჯში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1986 წელს კი ნიუ-იორკში დაბრუნდა და ჯონ სტიუარტის სახელით კლუბებში კომიკოსად გამოსვლები დაიწყო. სტიუარტმა კომედიის ამ ჟანრში პოპულარობა მალევე მოიპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან კი ის უკვე ტელევიზიაში რეგულარულად ჩანდა.

1990 წლიდან Comedy Central-ის არხზე კომედიური შოუ Short Attention Span Theater-ი 1992 წლიდან კი MTV -ის კომედიური სკეჩების სერიები You Wrote It, You Watch It-ი მიჰყავდა.



მომდევნო წელს MTV-ის ეთერში ჯონ სტიუარტს უკვე საკუთარი თოქ-შოუ The Jon Stewart Show ჰქონდა. გადაცემა ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებსა და კომედიური ჟანრის სკეტჩებს მოიცავდა. მიუხედავად გადაცემის დადებითი შეფასებებისა, "ჯონ სტიუარტის შოუმ" მხოლოდ 2 წელს იარსება.



altკადრი The Jon Stewart Show-დან


სტიუარტმა თავი მსახიობობაშიც გამოსცადა. მისი დებიუტი დიდ ეკრანზე 1994 წელს ფილმ Mixed Nuts-ში შედგა. სტიუარტი მონაწილეობდა ფილმებში Half Baked-ი (1998), The Faculty -სა (1998) და Big Daddy-ი(1999) და სხვ. 


alt
ჯონ სტიუარტი და ადამ სნდლერი ფილმში Big Daddy

The Daily Show - სატირული ახალი ამბების წამყვანი
 
ჯონ სტიუარტი წამყვანობას 1999 წელს დაუბრუნდა, როცა The Daily Show-ში ქრეიგ კილბორნი ჩაანაცვლა. მან ამავე დროს შოუს ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის როლიც შეითავსა. The Daily Show - ახალი ამბების პროგრამაა, რომელიც მედიის, პოლიტიკისა და პოპკულტურის სატირას წარმოადგენს.



alt
ჯონ სტიუარტი The Daily Show-ს სტუდიაში 1999წ. Comedy Central/Everett


მას შემდეგ რაც ჯონ სტიუარტი გადაცემის წამყვანი გახდა, The Daily Show-ს მაყურებელთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. აშშ-ის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე The Daily Show-ს მომზადებული მასალა იმდენად რეიტინგული გახდა, რომ არჩევნების ღამეს ზოგიერთ ტრადიციული ახალი ამბების გამოშვებას მეტოქეობას უწევდა. ჯონ სტიუარტს გადაცემაში ცნობილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები სტუმრობდნენ.


alt
ბარაკ ობამა სტუმრად The Daily Show-ში 2010 წ. Jim Watson—AFP/Getty Images


The Daily Show-ში წარმატებული კარიერის დასაწყისი გახდა დღესდღეობით ცნობილი მსახიობებისა და სატელევიზიო სახეებისთვის, მათ შორისაა სტეფან კოლბერტი, სტივ ქარელი და ლუის ბლეკი, რომლებიც მაშინ სატირული ახალი ამბების "კორესპონდენტებად" მუშაობდნენ.



alt
The Daily Show-ს გუნდი. 2000 წ. COMEDY CENTRAL


მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტს „ფსევდო ახალი ამბების“ გამოშვება მიჰყავდა, მის გადაცემები პოლიტიკურ დღის წესრიგზე გარკვეულწილად გავლენას ახდენდა. მაგალითად, CNN-ის გადაცემა Crossfire-ი მას შემდეგ დახურეს, რაც სტიუარტმა განაცხადა, რომ შოუ ამერიკელებს შორის უთანხმოების გაღვივებას უწყობდა ხელს. The Daily Show სატირას წარმოადგენდა, თუმცა ამავე დროს მის ეთერში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, რომელსაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე ამერიკელების დიდი აუდიტორია უყურებდა. The Daily Show-ს მიღებული აქვს "პიბოდისა" და "ემის" არაერთი ჯილდო.

alt
ჯონ სტიუარტი და The Daily Show-ს გუნდი ემის ჯილდოებით 200წ. Chris Weeks—FilmMagic/Getty Images


2015 წელს ჯონ სტიუარტმა შოუს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადაცემა დღეს ტრევორ ნოას მიჰყავს.

 

ჯილდოები, წიგნები და კარიერა The Daily Show-ს შემდეგ
 
ჯონ სტიუარტს ხშირად იწვევდნენ მნიშვნელოვანი ღონისძიების წამყვანად. 2001 და 2002 წლებში გრემის დაჯილდოების ცერემონიის, 2006 და 2008 წლებში კი "ოსკარების დაჯილდოების" წამყვანი იყო. გარდა სატელევიზიო საქმიანობისა, სტიუარტი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა Naked Pictures of Famous People (1998), America (the Book): A Citizen’s Guide to Democracy Inaction (2004) და Earth (the Book): A Visitor’s Guide to the Human Race (2010). ბოლო ორი წიგნის აუდიოვერსიებმა 2005 და 2011 წლებში სტიუარტსა და The Daily Show-ს გუნდს "გრემის" ჯილდოები მოუტანა.


alt
ჯონ სტიუარტი ოსკარების 78-ე დაჯიდლოებაზე. 2006 წ. Academy of Motion Picture Arts—WireImage/Getty Images

ჯონ სტიუარტის სარეჟისორო დებიუტი კი 2014 წელს ფილმ Rosewater-ით შედგა. ფილმი ჟურნალისტ მაზირ ბაჰარის მემუარებს ეფუძნება. ის ირანში ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წელს არჩევნებთან დაკავშირებული პროტესტის გაშუქების დროს დააკავეს.




alt
ჯონ სტიუარტი Rosewater-ის გადაღებებისას 2014 წ. Open Road Films


The Daily Show-დან წამოსვლის შემდეგ ჯონ სტიუარტმა HBO-სთან თანამშრომლობა დაიწყო. 2017 წლის ნოემბერში მას საქველმოქმედო ტელემარათონი Night of Too Many Stars-ი მიჰყავდა, რომელიც მიზნად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და თანხის შეგროვებას ისახავდა. სტიუარტი დღესდღეობით ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩანს, თუმცა კომედიური ჟანრის „სთენდაფ შოუებში“ მონაწილეობას ისევ განაგრძობს.

alt
ჯონ სტიუარტი Stand Up For Heroes-ის ღონისძიებაზე. 2019 წ. MIKE COPPOLA / GETTY IMAGES

თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ