რუსეთის მთავრობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს „უცხოელ აგენტებად“ დაარეგისტრირებს
05.12.2019
რუსეთის მთავრობა დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების "უცხოელ აგენტებად" გამოცხადებას შეძლებს. შესაბამის კანონპროექტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

NPR-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით 2012 წელს რუსეთის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოელ აგენტებად" შეფასების კანონი ფართოვდება. 2017 წელს ამავე კანონში შეიტანეს შესწორება, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან დაფინანსებული მედიებიც, მათ შორის "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა", "უცხოელ აგენტებად" გამოცხადდნენ. მაშინ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ Russia Today America-სთან დაკავშირებული კომპანიის "უცხოელ აგენტად" დარეგისტრირებას მოჰყვა.

2 დეკემბერს პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი არამხოლოდ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. კანონი შეეხება ყველას, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება და "უცხოელ აგენტად" რეგისტრირებული მედიის გამოქვეყნებულ კონტენტს გაავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო მედიის განმარტებით, რუსეთის მთავრობა შეეძლებს დაბლოკოს "უცხოელი აგენტების" ვებგვერდები ან მათი იურიდიული წარმომადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსულ რეგულაციებს დაარღვევს. ამავე კანონის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ გავრცელებულ ნებისმიერ მასალაზე, რომელიც უცხოეთის დაფინანსებით მომზადდება აღნიშნული უნდა იყოს, რომ "უცხოელი აგენტის" მიერაა გავრცელებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები Human Rights Watch-ი და "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" რუსეთში ამოქმედებულ კანონს ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან და მას კრიტიკული პოზიციის ჩახშობისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი ისედაც შემზღუდველ გარემოში ზიანის მომტანი იქნება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის.

"კანონი სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთთან საერთაშორისო მედიის თანამშრომლობაზე, რადგან უცხოურ მედიასაშუალებაში ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებს "უცხოელ აგენტებად" შეფასების რისკის წინაშე დააყენებს. ასევე, ეს იქცევა ოპოზიციური ხმების გაჩუმების ინსტრუმენტად. რუსეთში ბლოგერები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დიდი როლს ასრულებენ, ეს კანონი კი ამ ინფორმაციის წყაროს კონტროლის მცდელობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონდარღვევის შემთხვევაში მედიასაშუალებებს ფულადი ჯარიმები ეკისრებათ. მაგალითად, გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციურ ჟურნალს The New Times-ს ჯარიმის სახით $338,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გამოცემამ "პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდიდან" მიღებული თანხის დახარჯვის შესახებ ანგარიში შესაბამისად ვერ წარადგინა. ჯარიმის გამო ჟურნალს გაკოტრების საფრთხე შეექმნა. საბოლოოდ დაკისრებული სანქციის დასაფარად თანხა მედიასაშუალების მხარდამჭერების დახმარებით შეგროვდა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ