ტაილანდელ ჟურნალისტს Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო პატიმრობა მიუსაჯეს
26.12.2019

ტაილანდური ტელეარხის Voice TV-ს ჟურნალისტს, სუჩანე კლოიტრეს, Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, ცილისწამებაში დასდეს ბრალი და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

როგორც reuters.com წერს,  ჟურნალისტის პოსტი ქათმის ფერმაში არსებული მძიმე სამუშაო პირობების შესახებ მიანმარელი მიგრანტების პრეტენზიას ეხებოდა. საუბარია 2016 წელს მომხდარ ამბავზე,  როდესაც მუშებმა მათი პრეტენზიები ტაილანდის ადამიანის უფლებათა ეროვნულ კომისიას განუცხადეს.  იმ პერიოდისაა ჟურნალისტის პოსტიც, რომელიც ახლა ტვიტერზე აღარ იძებნება. 

თავის დროზე ფერმის ხელმძღვანელებმა ცილისწამების შესახებ სასამართლო დავა 20 ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ დაიწყეს. პროცესები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ საქმეზე ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას ჟურნალისტი არ ელოდა: "გაოგნებული ვარ, არ ველოდი, რომ სასამართლო ასეთი მკაცრი იქნებოდა", - უთხრა როიტერს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტმა, რომელმაც დაამატა, რომ წუხს თავისი 8 თვის ჩვილის ბედის გამო.

სუჩანე კლოიტრე საქართველოში რამდენიმე კოლეგა ჟურნალისტის ნაცნობია. მათი საშუალებით "მედიაჩეკერი" ჟურნალისტს დუკავშირდა და დეტალების დაზუსტება სცადა.  სუჩანე კლოიტრემ, რომელიც ახლა საპატიმროში არ იმყოფება და გირაოს საფუძველზე არის გამოშვებული ციხიდან (ეს არის შესაძლებელი მათი კანონმდებლობის მიხედვით, ვიდრე საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი), "მედიაჩეკერს" უთხრა, რომ სასამართლოზე საუბარი მათ ქვეყანაში ძალიან საფრთხილოა, შესაძლოა კრიტიკად ჩათვალონ, ამიტომ, ბევრს ვერაფერს გვეტყვის.  ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ,  მან მხოლოდ ის დაგვიზუსტა, რომ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. 

მისი ადვოკატის ვარაპონ უთაირანგსის თქმით, „ცილისწამება არ არის მძიმე დანაშაული, მით უმეტეს, რომ მანამდე მას საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჰქონია ჩადენილი. ამიტომ თუ ყველა ინსტანციის სასამართლო მას საბოლოოდ დამნაშავედ სცნობს, გამოსაცდელი ვადა უნდა მისცენ”.

ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტთან ერთად მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე აპირებს ბრძოლას.




alt


"ლოპბურის პროვინციაში ბეტარგოს ყოფილ მეურნეობაში ფერმის მეპატრონეს უზენაესმა სასამართლომ 1.7 მილიონი ბატის (ფულის ერთეული ტაილანდში) გადახდა დაავალა 14  მიანმარელი მუშის მონობის საკომპენსაციოდ", - ეწერა სუჩანეს ამ ტვიტში,  რომლის გამოც მის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით საქმე აღძრეს..  ახლა ეს ტვიტი აღარ იძებნება, რადგან ჟურნალისტის ანგარიში ტვიტერზე დახურულია.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ