08.02.2020
AP-მ მასალა გამოაქვეყნა, რომლის ფოტოზეც გრეტა თუნბერგი და სხვა აქტივისტები იყვნენ გამოსახული, თუმცა სურათის ერთი მხარე, რომელზეც უგანდელი ეკოაქტივისტი ჩანდა მოჭრილი იყო.
ნაქათემ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის AP-მი რასიზმში დაადანაშაულა და გამოცემის მასალა Twitter-ზე გააზიარა წარწერით: რატომ ამომშალეთ ფოტოდან? მეც ჯგუფის ნაწილი ვიყავი"
მოგვიანებით, AP-მ iMediaEthics-ს განუმარტა, რომ სტატიის ფოტო მისი ორიგინალი ვერსიით ჩაანაცვლეს, რომელშიც უგანდელი აქტივისტიც ჩანდა, გარდა ამისა მასალას სხვა ფოტოებიც დაემატა, რომელზეც ასევე ვანესა ნაქათე იყო გამოსახული.
“ვნანობთ იმ ფოტოს გამოქვეყნებას, რომელზეც გამოსახული ერთადერთი ფერადკანიანი ადამიანი - ეკოაქტივისტი ვანესა ნაქათე ამოჭრილია. როგორც ახალი ამბების ორგანიზაციას, გვაღელვებს ზუსტად ავსახოთ მსოფლიო, რომელსაც ვაშუქებთ. ჩვენს ჟურნალისტებს ვასწავლით იყვნენ მგრძნობიარენი ინკლუზიური თემების გაშუქებისას. საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჟურნალისტებს და ამ შეცდომიდან გაკვეთილს ვისწავლით", - ნათქვამია AP-ის განცხადებაში .
გარდა ამისა, უგანდელ ეკოაქტივისტს უშუალოდ ბოდიში მოუხადა Associated Press-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა სალი ბაზბიმ.
“ვანესა, AP-ის სახელით მინდა გითხრა თუ როგორ ვწუხვარ, რომ ფოტოდან ამოგჭერით. ეს შეცდომა იყო, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამით შენი ხმა ჩავახშეთ და ბოდიშს გიხდით. ყველანი ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ შემთხვევიდან ვისწავლოთ", - წერს ბაზბი Twitter-ზე.
ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა AP-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა დევიდ ეიკმაც. მისი განმარტებით, ფოტოგრაფი დროში იყო შეზღუდული, ცდილობდა ფოტო სწრაფად გადაეღო, შემდეგ კი ის კომპოზიციიდან გამომდინარე, უკანა ფონზე არსებული შენობის გამო მოჭრა.
წყარო: https://www.imediaethics.org