როგორ შეცვალა მსოფლიო მედიის მუშაობა COVID-19-მა
19.03.2020
ახალი კორონავირუსის მსოფლიოს მაშტაბით გავრცელებამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებამ მედიის დღის წესრიგიც შეცვალა. ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი ამბების ძირითადი ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს ეთმობა. მედიაორგანიზაციები ცდილობენ საკითხი მრავალფეროვანი ფორმატით გააშუქონ, იქნება ეს ლაივ ბლოგინგი, პოდკასტები, გრაფიკული კონტენტი თუ სხვა. პანდემიამ გავლენა იქონია ნიუსრუმების დღის წესრიგზე. უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტებს განსხვავებულ გარემოში უწევთ მუშაობა.

როგორ მუშაობენ იტალიელი ჟურნალისტები


კორონავირუსის კრიზისის გაშუქებაში იტალიური მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ქვეყანა, ვირუსით ინფიცირების შემთხვევებით, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 მარტს კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა დაწესებულებების უმრავლესობა, თუმცა პრესის ჯიხურები "ძირითადი საჭიროებების" ჩამონათვალში შედის და იტალიის მასშტაბით აფთიაქებთან და სუპერმარკეტებთან ერთად მუშაობას განაგრძობს.


alt
მილანი, იტალია, 14 მარტი, 2020 წ. CC: Reuters

მოსახლეობისგან განსხვავებით, რეპორტიორებს სამუშაო მიზნებით ქვეყანაში გადაადგილების ნებართვა აქვთ, თუმცა ამისთვის თან შესაბამისი დოკუმენტების ტარება მოეთხოვებათ. The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიაში ინფიცირებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის გაზეთებში დასაქმებული რეპორტიორები დღეს უკვე სახლიდან მუშაობენ. დისტანციურ რეჟიმზეა გადასული იტალიის წამყვანი ყოველდღიური გაზეთი Corriere della Sera-ც.

შედარებით განსხვავებული ვითარებაა სატელევიზიო ჟურნალისტებისთვის. ტელეკომპანია Rai-ის თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსს რისკსაშიში ზონებიდან აშუქებდნენ და ე.წ წინა ხაზზე მუშაობდნენ ახლა თვითიზოლაციაში არიან. თანამშრომლების ნაწილი კი მუშაობას ოფისში ცვლებში განაგრძობს.

"ოფისში უსაფრთხოების წესებს ვიცავთ, ვატარებთ ნიღბებს და ვიყენებთ ხელთათმანებს, ასევე ვიცავთ 1-მეტრიან დისტანციას. მაგალითად, შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახში შესვლა, რომელიც მაქსიმუმ 6 ადამიანზეა გათვლილი, ახლა მხოლოდ 3 ადამიანს შეუძლია", - აცხადებს Rai News 24-ის ჟურნალისტის ანჯელო ამელიო.

კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა სხვადასხვა სფეროს ჟურნალისტების დღის წესრიგი.

მილანში მომუშავე ლუიჯი მასტროდონატო ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ჟურნალისტებს, რომლებიც სპორტის, კულტურისა და ღონისძიებების გაშუქებაზე მუშაობდნენ, შექმნილი სიტუაციის გამო დასაწერი, ფაქტობრივად, არაფერი აქვთ. მიმდინარე მოვლენების ჟურნალისტები კი მთლიანად Covid-19-ზე არიან ფოკუსირებული.

პანდემია მუშაობის პროცესს ურთულებს საგამოძიებო ჟურნალისტებსაც.

"იმ ტიპის ჟურნალისტიკისთვის, რომელზეც მე ვმუშაობ, კორონავირუსი კატასტროფაა. კონფიდენციალურ და საიდუმლო დოკუმენტებს გამომძიებლებისგან, პროკურორებისგან, ადვოკატებისგან, მოსამართლეებისა და იმ სხვა წყაროებისგან ვიღებ, რომელთა ანონიმურობა საჭიროა და, შესაბამისად, ტელეფონით ან ელ-ფოსტით არასდროს მეკონტაქტებიან. რადგან პირისპირი შეხვედრის დანიშვნის შესაძლებლობა არ მაქვს, თავს უფუნქციოდ ვგრძნობ", - აღნიშნავს ჟურნალ L'espresso-ს გამომძიებელი ჟურნალისტი პაოლო ბიონდანი.

alt
პაოლო ბიონდანი დისტანციურად მუშაობისას


ნიუსრუმების დღის წესრიგი მსოფლიოში
 

კორონავირუსის პანდემია მხოლოდ იტალიურ და ჩინურ მედიასაშუალებებს არ შეხებიათ. მსოფლიოში ცნობილი მედია ორგანიზაციების ნაწილი შესაძლებლობების ფარგლებში ონლაინ მუშაობის რეჟიმშია გადასული.

Conde Nast-ი, CBS News-ის ნიუ-იორკის ოფისი, The New York Times-ი, The Washington Post-ი, The Los Angeles Times-ი, BuzzFeed-ი, Business Insider-ი, Refinery29-ი, New York Magazine-ი, Politico-ი, Axios-ი, WarnerMedia და სხვა მედია კომპანიები თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოქშოუები, რომლებსაც აუდიტორია ჰყავდა, გადაცემების მათ გარეშე ჩაწერაზე გადადიან. მათ შორისაა, ABC-ის ცნობილი შოუები The View და Good Morning America.

მიუხედავად ამისა, ახალი ამბების გაშუქება ბოლომდე ონლაინ რეჟიმში შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში ნიუსრუმებში მკაცრადაა დაცული უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით, სოციალური დისტანცია.

" ჩვენი თანამშრომლების მცირე ნაწილს ჩვენს ოფისში არსებული შესაბამისი აპარატურისა და აღჭურვილობის გარეშე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია. ამიტომ, ეს თანამშრომლები ნიუსრუმიდან მუშაობენ, თუმცა იცავენ დისტანციას", - აცხადებს Washington Post-ის წარმომადგენელი.

San Francisco Chronicle-ის 155-წლიანი ისტორიის განმავლობაში კი გამოცემის ნიუსრუმი პირველად მთლიანად დაიხურა.

alt
cc: Jessica Christian / The Chronicle

"ჟურნალისტები ყოველთვის კრიზისისკენ მივრბივართ. როცა ხანძარია ვიცვამთ დამცავ აღჭურვილობას და მივიწევთ ცეცხლისკენ, მივრბივართ სროლის ადგილზე და ვუერთდებით ხალხის მსვლელობებს, რომლებიც შესაძლოა არაპროგნოზირებადი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კატასტროფაა, მნიშვნელოვანი ამბის დროს ჩვენი ნიუსრუმი უფრო ხალხმრავალი და ხმაურიანი ხდება, თუმცა ამ ერთი გამონაკლისის გარდა", - წერს The Chronicle-ის მთავარი რედაქტორი ოდრი კუპერი კორონავირუსის გამო კომპანიაში შექმნილ სიტუაციაზე.

რამდენიმე დღეა გაზეთის თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. თათბირები ვიდეო კონფერენციებით ეწყობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არიან დასაქმებულები, რომლებიც სახლიდან ვერ მუშაობენ. მათ შორის ფოტოგრაფები, ოპერატორები და რეპორტიორები, რომლებიც ჰოსპიტალებში, აეროპორტებსა და ქუჩებში არსებულ სიტუაციას აშუქებენ.


alt
ფოტოჟურნალისტი ჯესიკა კრისტიანი სამუშაო სივრცედ ავტომობილს იყენებს.
cc: Jessica Christian / The Chronicle

"ასეთ დროს ჟურნალისტები ჩვენს პირად მოთხოვნილებებს გვერდით ვდებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გაქვთ ახალი ამბების წყარო, რომელსაც ენდობით. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და ეს არასდროს შეიცვლება", - წერს კუპერი.

ამერიკელი ჟურნალისტის ალ ტომპინსის თქმით, კი ასეთ სიტუაციებში ჟურნალისტების ერთგვარ წესად იქცა ჯანმრთელობისთვის საშიშ ადგილებზე მისვლა ( იქნება ეს აეროპორტები, ხალხმრავალი ადგილები, კლინიკები და სხვ.) და ამავე დროს ხალხისთვის მოწოდება არ მივიდნენ იქ, სადაც თვითონ იმყოფებიან. საზოგადოებისთვის აუცილებელია იცოდეს სიმართლე, რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ვირუსი, მალავს თუ არა მთავრობა ინფორმაციას, როგორ უნდა მიხედონ ადამიანებმა თავს და ამავე დროს დაეხმარონ ჭორებით გამოწვეული უმიზეზო შიშებისგან დამშვიდებაში. აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის კი საჭიროა ჟურნალისტების ჯანმრთელობა. ყველა ნიუსრუმმა უნდა შეიმუშავოს უსაფრთხოების პრინციპები, რომელსაც თანამშრომლები მკაცრად დაიცავენ.

შეერთებულ შტატებში ქალაქი სიეტლი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ადგილზე მომუშავე NBC-ის ტელევიზია KING-TV-ი ჟურნალისტებისთვის შემდეგი უსაფრთხოების წესებით ხელმძღვანელობს:

• შეხვედრები/თათბირები ტარდება მცირე ჯგუფებში, ღია სივრცეში.
• ნიუსრუმში არ მიდის არცერთი თანამშრომელი, რომელსაც ვირუსის რაიმე სიმპტომი აქვს.
• თანამშრომლები ერთმანეთს არ ართმევენ ხელს და იცავენ დისტანციას.
• ყველა, ვისაც შეუძლია მუშაობს სახლიდან.
• თანამშრომლებს დაურიგდათ ანტიბაქტერიული გელები და ხელსახოცები.
• ნიუსრუმში მეტი დატვირთვით მუშაობს დასუფთავების სამსახური.
• ოპერატორები წმენდენ მიკროფონებს.
• გამოყენებამდე იწმინდება სამუშაო მაგიდა.
• ხელების დაბანა არის პრიორიტეტი.
• სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო შესაძლებლობების ფარგლებში იცვლება განრიგი სკოლის მოსწავლე მშობლებისთვის.
• კომპანია ითვალისწინებს უშუალოდ რისკჯგუფში შემავალ ან ასეთი ოჯახის წევრის მქონე თანამშრომლის თხოვნებს.

რა ფორმით აშუქებს სხვადასხვა მედიასაშუალება კორონავირუსს


ონლაინ გამოცემების ნაწილი კორონავირუსის თემაზე არსებულ ყველა სიახლესა და ვიზუალურ მასალას ერთად უყრის თავს.

მაგალითად, გამოცემა South China Morning Post-მა საკითხის გასაშუქებლად ვებგვერდზე კორონავირუსის ცალკე რუბრიკა გამოყო. მუდმივად განახლებად ინფორმაციას სპეციალურად შექმნილი ბიულეტენის სახით ავრცელებს The Washington Post-ი. მასალა მსოფლიოსა და აშშ-ში ვირუსის გავრცელების მონაცემების გარდა, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებსა და ინფოგრაფიკებს მოიცავს. ყოველდღიურად ლაივ რეჟიმში Covid-19-ის სიახლეებს აშუქებენ CNN-ი, BBC-ი და The Guardian-ი.

კორონავირუსის თემაზე ყოველდღიური პოდკასტი აქვს CNN-ს. მასალის ავტორი სამედიცინო კორესპონდენტი სანჯეი გუპტაა. პოდკასტი ვირუსთან დაკავშირებულ ფაქტებსა და გავრცელებულ მითებს ეხება. ჟურნალისტი პასუხებს სცემს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. მაგალითად, პოდკასტის თემები იყო სახის ნიღბების ეფექტურობა ვირუსთან ბრძოლაში, კორონავირუსის ტესტირების საკითხი, მოგზაურობისთვის მომზადება და სხვ. თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი 15 წუთია.

alt

ლატვიაში არსებულმა რუსულენოვანმა გამოცემა Meduza-მ კი თავის აუდიტორიას ქვიზები შესთავაზა.

alt

მკითხველს კორონავირუსის შესახებ სიმართლისა და სიცრუის დადგენა უწევთ. ხოლო ესპანურმა ონლაინ გაზეთმა Eldiario.es-მა თავის მკითხველს კორონავირუსის ინტერაქტიულ რუკაზე წვდომა მისცა. შესაბამისი პროგნოზირების მოდელის გამოყენებით რუკაზე ასახულია, რომელ უბნებში უფრო მეტადაა ვირუსით დაინფცირების შანსები.

alt


პარაგვაის გამოცემა El Surtidor-ი კი კორონავირუსის გასაშუქებლად კომიქსის სტილის ჟურნალისტიკას იყენებს.

 alt

 


სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ მედიაორგანიზაციები საქართველოშიც. ამ თემაზე წაიკითხეთ:

 


გარეკანის ფოტო: Photo: Jessica Christian, The Chronicle

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ