30.03.2020
ამჯერად "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" კომპანია Microsoft-ის პოპულარული ვიდეოთამაში Minecraft-ი გამოიყენეს. ცენზურის მქონე ქვეყნების ძირითად ნაწილში აკრძალულია ან შეზღუდულია ისეთი სოციალური ქსელების მოხმარება, როგორებიცაა Facebook-ი, Snapchat-ი და სხვ. თუმცა, კომპიუტერული თამაში Minecraft-ი ამ ეტაპზე არცერთ ქვეყანაში არაა დაბლოკილი. თამაშს მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად 145 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ამ ვირტუალურ სივრცეში გაკეთდა ბიბლიოთეკა, რომელშიც რუსეთში, ეგვიპტეში, მექსიკაში, საუდის არაბეთსა და ვიეტნამში აკრძალული სტატიებია თავმოყრილი. ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია იმ ჟურნალისტების მასალებიც, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამო მოკლეს ან დააკავეს.
“მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას არ აქვს თავისუფალი წვდომა ინფორმაციაზე. დაბლოკილია ვებგვერდები, აკრძალულია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა და პრესას მთავრობა აკონტროლებს. ახალგაზრდები ისე იზრდებიან, რომ არ აქვთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის Minecraft-ის გამოყენებით, ჩვენ მათ დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომას ვაძლევთ", - აცხადებს გერმანიაში "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ხელმძღვანელი კრისტიან მირი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ცენზურის დასაძლევად ციფრულ ბიბლიოთეკას დროთა განმავლობაში უფრო მეტი მასალა დაემატება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით განსხვავებულ ფორმატს იყენებს. 2018 წელს ორგანიზაციამ ზოგიერთ ქვეყანაში დაბლოკილი რამდენიმე სტატია სიმღერებად აქცია, შეკრიბა და ცენზურის მქონე ქვეყნების უმრავლესობაში ხელმისაწვდომ პლატფორმებზე: Spotify-ზე, Amazon-სა და Apple Music-ზე გამოუშვა.