რეკლამიდან შემოსავლების კლების ფონზე The New York Times სარეკლამო სტრატეგიას ანახლებს
08.06.2020
მიუხედავად გამომწერების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლისა, The New York Times-ის ციფრულ და ბეჭდურ ვერსიებში რეკლამის დამკვეთებისგან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო. ამის გამო, გამოცემამ სარეკლამო ბიზნესის გადახალისების გადაწყვტილება მიიღო.

The New York Times-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით - 125 მლნ აშშ დოლარიდან 106 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ციფრულმა რეკლამამ იმავე პერიოდში 8%-ით, ბეჭდვურმა შემოსავლება კი - 21%-ით იკლო.

Times-მა აღნიშნა, რომ რეკლამაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ფუფუნების, მედიის, გასართობ და ფინანსურ კატეგორიებში შემცირდა. განსაკუთრებული დარტყმა კი პირველი კვარტლის ბოლო კვირაზე მოვიდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რეკლამის დამკვეთებმა ხარჯები საერთოდ შეწყვიტეს ან შეაჩერეს.

გასული თვის ტრენდზე დაყრდნობით, The New York Times Company-ს აღმასრულებებლი დირექტორი მარკ ტომპსონი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 50-55%-ით შემცირდება.

სარეკლამო ბიზნესიდან შემოსავლების სწრაფმა კლებამ კომპანიის საოპერაციო განყოფილების დირექტორს მერედიტ კოპიტ ლევიენს სარეკლამო ბიზნესის გაუმჯობესების მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმის დაჩქარებისკენ უბიძგა. ამიერიდან, საერთაშორისო მედიასაშუალების ქსელი რეკლამის დამკვეთების დიდი კონცენტრაციის ისეთ შედარებით მცირე კატეგორიებზე გაამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა - ტექნიკური, სატელეკომო და ფინანსური მომსახურება და დიდ დროს ციფრული პლატფორმის განვითარებას დაუთმობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პოდკასტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 30%-ით მოიმატა, რაც უპირველს ყოვლისა, The Daily-ს წარმატებამ განაპირობა, რომელიც, როგორც კომპანიის სოპერაციო დირექტორმა თქვა, რეკლამის დამკვეთებისთვის კიდევ უფრო სასურველი გახდა.

მიუხედავად სარეკლამო შემოსავლების შემცირებისა, მკითხველებისა და გამომწერების რაოდენობის სოლიდურმა მაჩვენებელმა ინვესტორებისთვის დადებითი სურათი შექმნა. კომპანიამ თებერვალი-აპრილის პერიოდში 587 000 ახალი ციფრული გამომწერი შეიძინა, რითაც მიმდინარე წლის პირველი კვარტალი გამომწერების ისტორიაში საუკეთოსო კვარტლად აქცია.

მოცემული მომენტისთვის, კომპანია ციფრულ და ბეჭდურ პლატფორმებზე ჯამში 6 მილიონზე მეტ გადამხდელ/ფასიან გამომწერს ითვლის. აქედან უდიდესი წილი სწორედ ციფრულ პლატფორმაზე მოდის.

„Times-ის ბიზნესმოდელი, რომელიც ციფრული გამომწერების რიცხვის ზრდას სულ უფრო დიდ დროს უთმობს და სარეკლამო შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს, ამ „ქარიშხლიდან“ გამოსვლისა და პოსტპანდემიურ სამყაროში განვითარების საუკეთესო გზაა“, - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ტომპსონმა.

„გვჯერა, რომ კომპანია ამ კრიზისს მაინც სათანადო სარეკლამო შემოსავლებით დაძლევს, რათა შეავსოს ციფრული პლატფორმის გამომწერების ბიზნესი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი და წარმატებულია. გამომწერებისგან მიღებული შემოსავალი და ჩვენი ძლიერი ბალანსი თავდაჯერებულობის საბაბს გვაძლევს, რომ არა მარტო ფინანსურად სტაბილურები დავრჩეთ პანდემიის შედეგად, არამედ გვექნება შესაძლებლობა, რომ ციფრული სტრატეგიის გაძლიერებისთვის სათანადო ინვესტიციები განვახორციელოთ და, ამის სისრულეში მოსაყვანად, ახალი ნიჭიერი ადამიანების დაქირავება განვაგრძოთ“, - აღნიშნა მარკ ტომპსონმა.


წყარო: thedrum.com

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ