ლატვიამ რუსული ტელევიზია RT-ის მაუწყებლობა აკრძალა
02.07.2020
ლატვიამ რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის - RT-ის (Rossiya Segodnya) მაუწყებლობა აკრძალა და მიზეზად ტელევიზიის მმართველობაში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირის, რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის დიმიტრი კისილიოვს არსებობა დაასახელა.

ჯამში, ლატვიაში 7 მაუწყებლის (RT, RT HD, RT Arabic, RT Spanish, RT Documentary HD, RT Documentary და RT TV) ოპერირება აიკრძალა, რომელიც RT-ის მრავალენოვან ქსელში შედიოდა და ლატვიაში მაუწყებლობდა. ოფიციალური ლატვიის განმარტებით, მაუწყებლები ცდილობდნენ, რომ ლატვია წარმოეჩინათ, როგორც შეუმდგარი სახელმწიფო.

გადაწყვეტილების მიღება ლატვიის ელექტრონული მედიის შესახებ კანონში ერთი თვის წინ შეტანილი ცვილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი და იგი ვალიდური იქნება იქამდე, ვიდრე ევროკაშირის მიერ კისილიოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება ძალაში.

RT ლატვიაში, ლიეტუვასა და ბალტიისპირეთში, კრემლის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად აღიქმება, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად რუს მოქალაქეებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება.

გასულ წლებში ლატვიამ და ლიეტუვამ რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კიდევ რამდენიმე ტელევიზიის მაუწყებლობა აკრძალეს.

თავად დიმიტრი კისილიოვმა ლატვიის გადაწყვეტილება სასაცილოდ მიიჩნია და თქვა, რომ იგი RT-ზე პასუხისმგებელი არასდროს ყოფილა. კისილიოვი მიიჩნევს, რომ ლატვიამ ტელეკომპანიას ბოდიში უნდა მოუხადოს და მისი მაუწყებლობა აღადგინოს.

ევროკავშირმა კისილიოვის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს კრემლის პროპაგანდის წახალისების გამო აამოქმედა.

წყარო: apnews.com

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ