კვლევა: COVID-19 ჟურნალისტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს
04.08.2020

The Reuters Institute-ისა და "ტორონტოს უნივერსიტეტის" ახალი კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, კორონავირუსის საკითხების გაშუქება ჟურნალისტების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. მკვლევრებმა 2020 წლის ივნისის თვეში ახალი ამბების საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული 73 ჟურნალისტი გამოკითხეს. The Reuters Institut-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები შფოთვისა და დეპრესიის ნიშნებს ამჟღავნებენ. მათ შორის საუბარია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებზეც, რომლებიც ფინანსურად ძლიერ მედია ორგანიზაციებში არიან დასაქმებული.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს თავიანთი სამუშაო პირობებისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ შეკითხვები 2020 წლის ივნისში დაუსვეს, ეს ის პერიოდია, როდესაც COVID-19-მა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე გავლენა სხვადასხვა კუთხით უკვე იქონია.

"გამოკითხულთა დაახლოებით 70%-ს ფსიქოლოგიური დისტრესის გარკვეულ დონე აღენიშნება. რესპონდენტების 26%-ი კი კლინიკურად მნიშვნელოვან შფოთვას განიცდის, რომელიც შეესაბამება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს, რაც ისეთ სიმპტომებს მოიცავს, როგორებიცაა წუხილი, უძილობა, "ზღვარზე ყოფნის“ შეგრძნება, კონცენტრაციის დარღვევა და გადაღლა.

რესპონდენტთა დაახლოებით 11%-ი კი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) სიმპტომების ქონას ასახელებს. ეს მოიცავს COVID-19-თან დაკავშირებული ტრავმული მოვლენის შესახებ დროდადრო აკვიატებულ ფიქრებსა და მოგონებებს, მოვლენის გახსენებისგან თავის არიდების სურვილს, დანაშაულის გრძნობას, შიშს, ბრაზსა და სირცხვილს", - ასეთია კვლევის პირველადი შედეგები.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პანდემიამ გავლენა იქონია დიდ მედიაკომპანიებში მომუშავე მრავალწლიანი სტაჟის მქონე ფიზიკურად ჯანმრთელ ჟურნალისტებზეც. შესაძლოა კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს ჟურნალისტური პროფესიის ნაკლებად პრივილეგირებულ ნაწილებში.

კვლევის მიხედვით, სტრესის გამომწვევი ერთ-ერთი ასპექტი ისიცაა, რომ ვირუსის გავრცელების ფართო მასშტაბებიდან გამომდინარე ყველა რეპორტიორს სწრაფად მოუწია შეესწავლა ჯანდაცვის საკითხების გაშუქება. ამის ფონზე კი კვლევაში მონაწილე რესპონდენტების მხოლოდ 4%-ი იყო თავიდანვე სპეციალიზებული რეპორტიორი ჯანდაცვის კუთხით, პანდემიის დროს კი რეპორტიორების 74%-ი აშუქებდა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ თემებს.

მკვლევრები ყურადღებას სტრესის გამომწვევ კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ:

ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტები შიშობენ იმაზეც, რომ სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო მათ არ შეუძლიათ თავიანთი საქმის სათანადოდ შესრულება და იძულებულები არიან მხოლოდ მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობებს დაეყრდნონ.

კორონავირუსის პანდემია პირდაპირ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე. გამოკითხულთა 45%-ი იცნობს ჟურნალისტს, რომელიც COVID-19-ით დაავადდა. კვლევაში მონაწილე ერთმა რესპონდენტმა თვითონვე გადაიტანა ვირუსი, ორმა რესპონდენტმა კი განაცხადა, რომ იცნობდნენ კოლეგა ჟურნალისტს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია რეპორტიორების სამუშაო საათებზეც. გამოკითხულთა 60%-ი აცხადებს, რომ პანდემიის გამოცხადების შემდეგ უფრო მეტხანს უწევთ მუშაობა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ჟურნალისტების საშუალო ასაკი 41 წელია. მათ ნახევარზე მეტს (55%) ჰყავს შვილები. რესპონდენტების 58%-ი ქალია. მკვლევრები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ ქალ ჟურნალისტებში უფრო მეტად ვლინდება შფოთვის, დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები.

ავტორები სამომავლოდ სრული კვლევისა და ანალიზის გამოქვეყნებას გეგმავენ, მანამდე კი ყურადღებას ნიუსრუმის ხელმძღვანელობის მხრიდან ჟურნალისტებისთვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამახვილებენ. კვლევა აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 52%-ს, რომელთაც პანდემიის პერიოდში შესაბამისი თერაპია გაიარეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შფოთვისა და პტსა-ს სიმპტომები აღენიშნებოდეთ.

გაეცანით სტატიებს:


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ