როგორ გააორმაგა ერთ წელიწადში Instagram-ზე გამომწერების რაოდენობა ბრიტანულმა გაზეთმა
15.10.2020

წლიდან წლამდე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, Instagram სულ უფრო პოპულარულიი ხდება და აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვიც მატულობს. Reuters-ის ციფრული ახალი ამბების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც აპლიკაციას ახალი ამბების გასაცნობად იყენებენ. თავის მხრივ Instagram მომხმარებლებს კონტენტის შესაქმნელად მუდმივად ახალ ფუნქციებს სთავაზობს, შესაბამისად, მედიაგამოცემების ნაწილი ცდილობს სიახლეებს არ ჩამორჩეს და აუდიტორიის გასაზრდელად მასალები Instagram-ის პლატფორმას მოარგოს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბრიტანული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა i-ის გუნდმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში Instagram-ზე მათი გამომწერების რიცხვი გაორმაგდა და 10,000-მდე გაიზარდა. Journalism.co.uk გაზეთის Instagram-ის სტრატეგიის გასარკვევად გამოცემის სოციალურ მედია მენეჯერს ტაშ სალმენს დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი მიდგომების შესახებ ისაუბრა.

⇒ მთავარია თანმიმდევრულობა

სალმენის განმარტებით, რადგანაც გაზეთისთვის Instagram აქამდე პრიორიტეტული არ ყოფილა, მისი პირველი დავალება პლატფორმაზე მასალების სტაბილურად და თანმიმდევრულად გამოქვეყნება იყო. Metro.co.uk-ში მიღებული გამოცდილებით იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა ერთ დღეში ბევრი პოსტის განთავსებას და დანარჩენ დღეებში არაფრის გამოქვეყნებას.

"საჭიროა დღეში სულ მცირე ერთხელ დაპოსტვა, რათა აუდიტორიას ჩვევები და მოლოდინები ჩამოუყალიბდეს. მთავარია მიჰყვეთ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს Instagram-ის ანგარიში, იმ კვირებშიც კი, როდესაც ჩართულობა და აქტივობა დაბალია“.

⇒ კონტენტი

მნიშვნელოვანია პოსტები თქვენი საინფორმაციოს ბრენდს შეესაბამებოდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მასალები Instagram-ის ფორმატზე იყოს მორგებული. სალმენის თქმით, Instagram უფრო პოზიტიური პლატფორმაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული მასალები ინფორმაციული შინაარის არ იყოს.

alt"ჩვენი Instagram-ის ანგარიში ბევრად უფრო მხიარულია, ვიდრე Twitter-ის. i-ის აქვს ციფრული და ბეჭდური გამოცემა, ყოველთვის მინდოდა ჩვენს Instargam-ზე ორივე ასახულიყო. ასე რომ, შესაძლოა გამოსაქვეყნებლად ვებგვერდიდან ავიღო მასალა, მაგრამ ასევე, ყოველ დილით ვამოწმებ ბეჭდურ გაზეთსაც, რათა ვნახო რომელი ფოტოებია მასში გამოქვეყნებული", - ამბობს ტაშ სალმენი.

⇒ ყველა საზომი მნიშვნელოვანია

გამომწერების რიცხვის 10,000-მდე გაზრდა სწორი მიმართულების ნიშანია. სალმენი ამის მთავარ საფუძელს სტაბილურობასა და თანმიმდევრულობაში ხედავს. მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ თემებზეც, რომლებსაც აუდიტორია კარგად იღებს. სალმენის განმარტებით, i-ის აუდიტორიას პოლიტიკასთან ერთად აინტერესებს ისტორიული აღმოჩენები და უყვარს ცხოველები, შესაბამისად, მათი ყველაზე პოპულარული პოსტებიც ამ თემების გარშემოა შექმნილი.

⇒ "სთორები" ზრდის ჩართულობას

 

alt2019 წლის დეკემბერში i-ის სოციალურმა მედია მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ Instagram-ის "სთორების" სტრატეგია გამოეცადა. გამომწერებს საშუალება ჰქონდათ გაეგზავნათ შეკითხვები, რომლებსაც "სთორებში" გამოცემის ჟურნალისტები პასუხობდნენ.

გარდა ამისა, i-ის Instagram-ის გვერდზე დაიწყეს სერიები სახელწოდებით #iexplained რომლის ფარგლებშიც რეპორტიორები ახალ ამბებს Insragram "სთორის" ფორმატში ჰყვებიან.

⇒ სახლიდან მუშაობა

პანდემიის დროს #iexplained სერიების სახლიდან ჩაწერას თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა.

"სახლში მყოფი აუდიტორიისთვის იმის მოყოლამ და ჩვენებამ, რომ ჩვენც სახლში ვართ, შეინარჩუნა ავთენტურობის დონე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Instagram-ზე", - ამბობს გაზეთის სოციალური მედიის მენეჯერი ტაშ სალმენი.

⇒ რამდენად მნიშვნელოვანია Reels-ი?

i-ის გუნდში ჯერ-ჯერობით არ იციან რა ფორმით გამოიყენებენ ახალ ფუნქციას, რომელიც 15-წამიანი ვიდეოების შექმნისა და დამუშავების საშუალებას იძლევა, თუმცა Buzzfeed-ის მაგალითი აჩვენებს, რომ უკვე არსებული ვრცელი ვიდეო კონტენტის Instagram Reels-ების ფორმატზე მორგება წარმატებითაა შესაძლებელი. გამოცემის ზოგიერთ 15-წამიან ვიდეოს 3 მილიონამდე ნახვა აქვს.

წყარო: journalism.co.uk

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ