თურქული მედიის თავისუფლების ხარისხი რიცხვებში
03.02.2021
3 თებერვალს, თურქეთში ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) ადგილობრივი წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. RSF-ის ინფორმაციით, თურქეთში მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

რას ედავებიან ონდეროღლუს


ეროლ ონდეროღლუს  და მის ორ თანამოაზრეს, 2016 წელს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის დახურვის შემდეგ მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობას,  „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდას“, „ დანაშაულის ღიად წახალისებასა“ და „დანაშაულების და კრიმინალის მხარდაჭერას“ ედავებოდნენ.

თავდაპირველად, 2019 წლის ივლისში, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში სამივე მათგანი გაამართლა. თუმცა, 2020 წლის 3 ნოემბერს, თურქეთის სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საქმე წარმოებაში დააბრუნა.

სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 17-მა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, დღეს 3 თებერვალს, ერთობლივი განხცადებით დაგმო ონდეროღლუსს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა და ხაზი გაუსვა, რომ მას „პატიმრობა მედიაპლურალიზმის დაცვისთვის გაწეული საქმიანობის გამო ემუქრება“.

თურქული მედიის თავისუფლების ხარისხი რიცხვებში
 
ადგილზე RSF-ის პარტნიორი ორგანიზაციის Bianet-ის დახმარებით მოპოვებული და დამუშავებული მონაცემები იმ რეპრესიების მასშტაბს აჩვენებს, რაც თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.


⇒ 200

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში 200-მდე ჟურნალისტი და მედიის სფეროში დასაქმებული პირი დააკავეს. დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით, თურქეთი მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.

⇒ 48

2020 წლის განმავლობაში თურქეთში 48 ჟურნალისტმა სულ მცირე ერთი დღე მაინც გაატარა საპატიმროში. ჟურნალისტების დაპატიმრები მიზეზებს შორის მათი მხრიდან სირიელი ლტოლვილების ბედზე მითითება, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავების საკითხის გამოძიება ან ეთნიკური ქურთების შესახებ თემების გაშუქება იყო.

⇒ 27 წელი და 6 თვე

ოცდაშვიდი წელიწადი და 6 თვე - ეს ერთ-ერთი, ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობაა, რომელიც ოდესმე თურქეთში ჟურნალიტისთვის მიუსჯიათ. ეს სასჯელი 2020 წლის 23 დეკემბერს, ერთ-ერთი ადგილობრივი, ყოველდღიური გამოცემის უკვე ყოფილ რედაქტორს, ქენ დიუნდარს, ჯაშუშობისა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით მიუსაჯეს.

მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს, რადგანაც მას შემდეგ, რაც 2016 წელს მისი მოკვლა სცადეს, იგი გერმანიაში ცხოვრობს. დიუნდარს სასამართლო სისტემასთან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან თურქეთის მიერ სირიაში ისლამისტური დაჯგუფებებისთვის იარაღით მომარაგების შესახებ თემის გაშუქება დაიწყო. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმდა თქვა - „ამ ექსკლუზიური მასალის ავტორი ძვირად გადაიხდის. არ დავუშვებ, რომ მან მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს“.

⇒ 71

ეს თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმული პატიმარი ჟურნალისტის ასაკია. აჰმედ ალტენი ამ დრომდე სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ საპატიმროში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ სამუდამო პატიმრობა, რომელიც მას, მის ძმასა და კიდევ ერთ ჟურნალისტს 2018 წელს მიუსაჯეს, 2019 წლის ივლისში უზენაესმა სასამართლომ მოუხსნა. მათ ბრალი 2016 წლის გადატრიალების მიმართ თანაგრძნობაში ედებათ.

⇒ 63

ეს 2014 წლიდან, ერდოღანის არჩევიდან დღემდე თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვია.

⇒ 128 000 ევრო

სწორედ ეს თანხა დააკისრეს თურქეთს, იმ ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც 2016 წელს 8 ჟურნალისტის თვითნებურად, თითქმის ერთი წლის ვადით დაკავების გამო მიადგა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ თურქეთს ჟურნალისტებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ჯამში 234 760 ევროს გადახდა დააკისრა.

⇒ 154-ე

სწორედ ამ ადგილს იკავებს თურქეთი „რეპორტიორები საზღვრებს“ გარეშეს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის 2020 წლის ანგარიშში.

⇒ 139

თურქეთში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჟურნალისტები ფიზიკური თავდასხმის ობიექტები მინიმუმ 139-ჯერ გახდნენ.

⇒ 160

2016 წელს, სახელმწიფო გადატირალების მცდელობიდან დღემდე, რელიგიური ლიდერის ფეთჰულა გიულენისადმი თანაგრძნობის გამო თურქეთში მინიმუმ 160 მედიასაშუალება დაიხურა. ამასთან, მაუწყებლობის განახლების მოთხოვნით დღემდე იურიდიული დავა აქვს ორ პროთურქულ ტელევიზიასაც.

⇒ 90%

ეს იმ მედიასაშუალებების პროცენტული მაჩვენებელია, რომელთაც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ბიზნესმენები ფლობენ.

⇒ 1 358

ეს იმ ონლაინ სტატიების და სტატიების ბმულების რიცხვია, რომლებიც პრეზიდენტ ერდოღანის, მისი ვაჟის, მისი სიძის, ან მთავრობის მომხრე ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების მოთხოვნით წაიშალა.

⇒ 3 436

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თურქეთში სამსახურიდან სწორედ ამდენი ჟურნალისტი დაითხოვვეს.

⇒ 276

ეს იმ კრიტიკული მედიების რიცხვია, რომელთაც 2020 წელს სახელმწიფო უწყებებმა რეკლამაზე უარი უთხრეს, რაც მათი არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.


წყარო: rsf.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ