დახურული გამოცემები, უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტები - პანდემიის გავლენა მედიაზე
22.02.2021

კოვიდ-19-ის პანდემია ჟურნალისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შეეხო. შეცვლილმა დღის წესრიგმა, სამუშაო გარემომ და ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გავლენა იქონია ნიუსრუმების მუშაობის სტილზე, ახალი ჟურნალისტური კონტენტის კონცეფციაზე, მედია ორგანიზაციების ფინანსურ მდგომარეობასა და ჟურნალისტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კოვიდ პანდემიის ჟურნალისტიკაზე გავლენის შესახებ კვლევა Thomson Reuters Foundation-მა ჩაატარა და მასში 26 განვითარებადი ქვეყნიდან 55 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

კვლევის თანახმად, კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა შეამცირა მედიაგამოცემების სარეკლამო შემოსავლები, რამაც თავის მხრივ საკადრო ცვლილებები, ანაზღაურების შემცირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ მედია ორგანიზაციების დახურვა გამოიწვია. მაგალითად, 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში ორი დიდი გამომცემლობის Caxton-ისა და Associated Media Publishing (AMP)-ის დახურვის შედეგად, შეწყდა 17 ჟურნალის გამოცემა. ორი თვის შემდეგ კი კომპანია Media24-მა 5 ჟურნალისა და 2 გაზეთის დახურვის შესახებ დააანონსა.

პანდემიის განმავლობაში სამსახური დაკარგა ათასობით ჟურნალისტმა, ამას ისიც ემატება, რომ ამ პერიოდში დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის შესაძლებლობები ბევრად ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში. გასულ წელს, ჟურნალისტებისთვის გაიზარდა სამუშაო დატვირთვაც. ზოგიერთ ქვეყანაში კი უფრო მეტად გახშირდა ხელფასის დაგვიანების შემთხვევები. Voice of America-სთან საუბრისას “ისლამაბადის ეროვნული პრესკლუბის” პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პაკისტანის ზოგიერთი ბეჭდური გამოცემა და ტელევიზია თანამშრომლებს ანაზღაურებას 10 თვით უგვიანებდა. თუმცა, პანდემიის დასაწყისში ბევრ მედია პლატფორმას გაეზარდა აუდიტორიის რიცხვი, მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ მაინც ვერ გადაწონა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული კრიზისი. ყველაზე რთულად კორონავირუსის პანდემია ფრილანსერ ჟურნალისტებს შეეხოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

ახალ გამოწვევებთან გამკლავება მოუწიათ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს. პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სოციალური დისტანციის დაცვა, სახლიდან მუშაობა, დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება "ახალ ნორმად" იქცა. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების უმრავლესობას მოუწია ვირუსისა და სამედიცინო საკითხების შესახებ მეტი ცოდნის მიღება. კვლევის თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ სამედიცინო და სამეცნიერო საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების არასაკმარისი რაოდენობა იყო.

სახლიდან მუშაობისას ჟურნალისტებისთვის გამოწვევას წარმოადგენდა ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ის გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯები, რაც თან ახლდა დისტანციურად მუშაობას. კვლევაში მონაწილე რეპორტიორების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სახლიდან მუშაობის დროს პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ბალანსის დარღვევაზეც.

პრობლემას წარმოადგენდა ჟურნალისტებისთვის არასაკმარისი დამცავი საშუალებების უზრუნველყოფაც. "ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის" (ICFJ) გამოკითხვის თანახმად, 125 ქვეყანაში მომუშავე 1,400 ჟურნალისტიდან 30% აცხადებდა, რომ მედია ორგანიზაციებმა პანდემიის პირველი ტალღის დროს რეპორტიორებს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა არ მიაწოდეს.

ჟურნალისტებისთვის სირთულე იყო წყაროებთან ურთიერთობაც, რომელთა დიდი ნაწილი უსაფრთხოების მიზნით უარს აცხადებდა ჟურნალისტთან პირადად შეხვედრაზე. მეორე მხრივ, პანდემიამ დადებითად იმოქმედა მედიაში დასაქმებულების ციფრული უნარების განვითარებაზე.

პანდემიის პერიოდში ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ფიზიკური ისე, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განცხადებით, ახალი რეალობის წინაშე ყოფნით, რაც სახლიდან მუშაობას, დროებით უმუშევრობას, ბავშვების სახლში მეცადინეობას, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან შემცირებულ ფიზიკურ კონტაქტს მოიცავს, მნიშვნელოვანია ადამიანებმა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც მიხედონ.

პანდემიამ გავლენა იქონია მედია გამოცემების კონტენტის ფორმატზეც. ბევრმა ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პოდკასტების, შეტყობინებებისა და სხვა ტიპის მასალების დამზადება დაიწყო. შეიცვალა ამბის თხრობის სტილიც. მაგალითად, ლატვიაში არსებულმა რუსულ და ინგლისურენოვანმა გამოცემა Meduza-მ ონლაინ თამაში შექმნა, რომელშიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია "ქვიზის სახით არის მოცემული და მკითხველმა უნდა აირჩიოს ინფორმაცია "სიცრუეა თუ სიმართლე".

Thomson Reuters Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პანდემიამ ხელი შეუწყო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ჟურნალისტების დაკავშირებასა და ახალ კოლაბორაციულ პროექტებსაც.

კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლებაზეც.


ამ თემაზე იხილეთ:   "პრესის თავისუფლების შეზღუდვა პანდემიის საბაბით"


გარეკანის ფოტო: Jose Luis Magana/AP/Shutterstock

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ