15.03.2021
Clubhouse მხოლოდ აუდიო კონტენტზე დაფუძნებული სოციალური ქსელია, მასში არ გვხვდება ვრცელი ტექსტები და მრავალფეროვანი ვიზუალური კონტენტი. ამ ეტაპზე აპლიკაცია ექსკლუზიურია და ის მხოლოდ iOS-ის იმ მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც Clubhouse-ზე დარეგისტრირებული პირისგან მიწვევა აქვთ. შესაბამისად, ამ დროისთვის Clubhouse-ზე რეგისტრაციისთვის მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა საკმარისი არაა.
ახალი პლატფორმა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაუძღვნენ, მოისმინონ ან ჩაერთონ დისკუსიებში. აპლიკაციის გახსნისას მომხმარებელს ხვდება "ოთახების" ჩამონათვალი და იმ ადამიანების სია, რომლებიც კონკრეტულ აუდიო ჩატებში ე.წ ოთახებში არიან შესული.
(Photo by Christoph Dernbach/picture alliance via Getty Images)
Clubhouse-ზე დარეგისტრირებულებს შეუძლიათ სხვადასხვა თემის შესახებ მიმდინარე live ოთახებში შევიდნენ, მოუსმინონ სპიკერებს, ხელის აწევის ღილაკით ითხოვონ თავიანთი აზრის დაფიქსირება, ან ნებისმიერ დროს დატოვონ ოთახი. გარდა ამისა, მომხმარებლებს აპლიკაციაში კალენდრის საშუალებით სამომავლოდ დაანონსებულ დისკუსიებში მონაწილეობის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.
რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს მისთვის საინტერესო თემებს მაგალითად, ტექნოლოგია, ბიზნესი, მედიცინა და სხვ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას გასცემს ადამიანი საკუთარი ინტერესების შესახებ, აპლიკაცია მით უფრო მეტ სასაუბრო "ოთახს" და ადამიანს შესათავაზებს რეკომენდაციის სახით. გარდა ამისა, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი "ოთახი", რომელიც სურვილისამებრ საჯარო ან დახურული იქნება.
Clubhouse-ს Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, WhatsApp-ისა და YouTube-ისგან ყველაზე მეტად ის განასხვავებს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება აუდიოა. როცა სხვა სოციალური ქსელების შემთხვევაში მომხმარებლებს ტექსტების, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება შეუძლიათ.
ბოლო თვეების განმავლობაში მედიაში ახალი პლატფორმის შესახებ საუბარი არ წყდება. გასული წლის მაისში, Clubhouse-ს, როგორც სტარტაპს, ჯერ მხოლოდ 1,500 მომხმარებელი ჰყავდა, უშუალოდ კომპანიის ღირებულება კი $100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
Clubhouse -ის მომხმარებელთა რიცხვის ზრდის პარალელურად, კომპანიას ახალ გამომწვევებთან გამკლავება უწევს. სხვა სოციალური ქსელების მსგავსად პრობლემას წარმოადგენს დეზინფორმაციის გავრცელება და მისი რეგულირება. კონტენტის მოდერაციის გარეშე ბევრად მარტივია კონსპირაციული თეორიების გავრცელება. ჟურნალისტები პლატფორმაზე ანტისემიტიზმის, სიძულვილის ენის, რასიზმისა და სხვა შემთხვევების შესახებ იუწყებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები Clubhouse-ის სახელმძღვანელო წესებს ეწინააღმდეგება.
Clubhouse-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამოწვევა კონფიდენციალობის დაცვა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაა. მომხმარებლების მხრიდან პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების ჩაწერა და აპლიკაციის გარეთ განთავსება აკრძალულია, თუმცა მსგავსი ფაქტები მაინც დაფიქსირდა.
აპლიკაციას დისკუსიების ჩაწერის ფუნქცია არ აქვს და მისი დასრულებისთანავე მთელი საუბარი ქრება. თუმცა, უშუალოდ Clubhouse-ის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ კომპანია საგამოძიებო ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევისთვის ჩანაწერს დროებით მაინც აკეთებს.
ამასთანავე, Stanford-ის Internet Observatory-მა მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე ნაკლი გამოავლინა, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ხელისუფლებას შესაძლოა წვდომა ჰქონოდა Clubhouse-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციაზე. BBC-ის ცნობით, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ზოგიერთი ექსპერტი მონაცემების უსაფრთხოებაზე საუბრისას ხაზს უსვამს აპლიკაციისთვის კონტაქტების გაზიარების საკითხს. ამ ეტაპზე იმისთვის, რომ მომხმარებელმა სხვა ადამიანები დასარეგისტრირებლად მიიწვიოს, საჭიროა Clubhouse-ს თავისი კონტაქტების სიაზე წვდომა მისცეს.
კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი Clubhouse-ის ანგარიშის წაშლაა. ეს ფუნქცია აპლიკაციას არ გააჩნია და ანგარიშის წასაშლელად მომხმარებელმა ელ.ფოსტით უშუალოდ კომპანიას უნდა მიმართოს.
ცნობილია, რომ Clubhouse-ის დამფუძნებლები როჰან სეთი და პოლ დევიდსონი აპლიკაციას სამომავლოდ ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომს გახდიან.
Clubhouse-ის დამფუძნებლები როჰან სეთი და პოლ დევიდსონი
Clubhouse-ის მცირე ხნით ხელმისწავდომი იყო ჩინეთშიც, თუმცა
ქვეყნის ხელისუფლებამ სხვა პოპულარული სოციალური ქსელების მსგავსად ის
8 თებერვალს უკვე დაბლოკა. ფაქტს წინ Clubhouse-ის
ერთ-ერთ ოთახში ტიანანმენის პროდემოკრატიული პროტესტის შესახებ
დისკუსია უძღოდა, რომელსაც 5,000-მდე მსმენელი ჰყავდა. დაბლოკვის
მიუხედავად ჩინეთში მცხოვრები ადამიანების ნაწილი აპლიკაციაზე წვდომას
VPN-ის საშუალებით ახერხებს.
Clubhouse-ს უშუალო კონკურენტები უკვე გამოუჩნდა Twitter Spaces-ისა და
Facebook-ის ახალი პროექტის სახით. The New York Times-ის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის
კომპანია Clubhouse-ის მსგავსი სერვისის შექმნაზე მუშაობს.