ანონიმური წყაროების როლი - გახმაურებული საქმეები საერთაშორისო პრაქტიკიდან
23.03.2021
ჟურნალისტური მასალები ხშირად ცვლიან პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას. ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული თემების უკან ანონიმური და კონფიდენციალური წყაროები არაერთხელ მდგარან. ღირებული ინფორმაციის მიმწოდებლების ანონიმურობას კი ჟურნალისტები ზოგჯერ თავისუფლების ფასადაც იცავენ. “უოტერგეიტის სკანდალის” მთავარი დეტალები არ გასაჯაროვდებოდა, “პენტაგონისა” და “პანამის” დოკუმენტებს კი საზოგადოება ვერ იხილავდა, რომ არა ანონიმური წყაროების მნიშვნელოვანი როლი მედიაში.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტის პირველად გადადგომაში ძირითადი როლი შეასრულა - "უოტერგეიტის საქმეა". კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანონიმური წყაროს ვინაობა კი 33 წლის განმავლობაში უცნობი იყო.

1972 წლის 17 ივნისს პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიების პერიოდში „უოტერგეიტის“ საოფისე კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში 5 მძარცველი დააკავეს. ისინი პრეზიდენტ ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პირები იყვნენ და ოფისში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებასა და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვას ცდილობდნენ.

"უოტერგეიტის" საქმეზე მნიშვნელოვანი მასალების მოპოვება The Washington Post-ის რეპორტიორებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა შეძლეს. გამოიკვეთა, რომ "უოტერგეიტის" ოფისში მომხდარ ინციდენტთან ხელისუფლების მაღალი რანგის პირები იყვნენ დაკავშირებული, პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაცია ოპონენტებს უკანონოდ უსმენდა და მისი მომხრეები დემოკრატების შტაბ-ბინაში მომხდარის გამოძიებას ხელს უშლიდნენ.

alt
FBI-ის აგენტი მარკ ფელტი, 1958წ. (AP Photo/Deseret Morning News, Howard Moore)

წლების განმავლობაში Post-ის ორ ახალგაზრდა ჟურნალისტთან Deep Throat-ის სახელით ცნობილი ანონიმური წყარო თანამშრომლობდა. ის დღემდე მედიის ისტორიაში ყველზე ცნობილ ანონიმურ წყაროდ მიიჩნევა. "უოტერგეიტის სკანდალი" საბოლოოდ პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომითა და მასთან დაახლოებული პირების დაპატიმრებით დასრულდა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ანონიმური წყაროს იდენტობა, რომელმაც ისტორიული როლი შეასრულა "უოტერგეიტის სკანდალში", ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო. მისი ვინაობის შესახებ კითხვებზე არასდროს პასუხობდნენ ვუდვორდი და ბერნშტაინი. მეტიც, მისი სახელი 1976 წლამდე არ იცოდა უშუალოდ The Washington Post-ის მაშინდელმა რედაქტორმა ბენ ბრადლიმ. სამი ათწლეულის განმავლობაში ანონიმური წყაროს ვინაობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 5 ადამიანს: ვოდვორდს, ბერნშტაინს, ბრადლის, თვითონ ანონიმურ წყაროს და ვოდვორდის ცოლს ელსა უოლშს ჰქონდა, რომელსაც ვუდვორდმა წყაროს ვინაობა 1980-იან წლებში გაუმხილა.

Deep Throat-მა საკუთარი ვინაობა 2005 წელს თავადვე გაასაჯაროვა. ის მაშინ უკვე 91 წელს მიღწეული უილიამ მარკ ფელტი იყო, რომელიც 1970-იან წლებში ​FBI-ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და ნიქსონის გადადგომამდე Post-ის რეპორტიორს საიდუმლოდ ხვდებოდა.



alt
Deep Throat-ის ვინაობის გამხელა ჟურნალ Vanity Fair-ში, 2005წ.

მართალია, რეპორტიორები წყაროს გაუთქმელობით ჟურნალისტურ პროტოკოლს მისდევდნენ, თუმცა მათმა გადაწყვეტილებამ და პირობის შესრულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არამხოლოდ მათს კარიერაზე, არამედ სხვა ჟურნალისტებისადმი წყაროების ნდობის განმტკიცებაზეც.

ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა “პენტაგონის ქაღალდების” სახელით გახმაურებული საქმე. 1971 წელს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა მასალები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებასა და კონგრესს ვიეტნამის ომის წარმოშობის, ასევე აშშ-ვიეტნამის ურთიერთობების შესახებ ფაქტებს უმალავდა და ცრუობდა. თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლები პენტაგონის თანამშრომელმა დენიელ ელსბერგმა The New York Times-ის კორესპონდენტს ნილ შიენს მიაწოდა, 1971 წლის 13 ივნისს კი გამოცემამ პენტაგონის დოკუმენტებიდან პირველი ნაწყვეტები გამოაქვეყნა.

Times-ს პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციამ უჩივლა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 15 დღის განმავლობაში გამოცემას პენტაგონის საქმეზე სტატიების გამოქვეყნების საშუალება არ მიეცა, ამ პერიოდში ელსბერგმა საიდუმლო მასალები The Washington Post-საც გადასცა. 30 ივნისს კი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხარი Times-ის გამოცემის თავისუფლად გაგრძელებას დაუჭირა. დენიელ ელსბერგი ანონიმური წყარო იყო, მედია მის ვინაობას არ ასახელებდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც თავად ელსბერგმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე საჯაროდ აღიარა საკუთარი როლი პენტაგონის დოკუმენტების პრესაში მოხვედრასთან დაკავშირებით.


alt
დენიელ ელსბერგი, 1971წ. (Donal F. Holway/The New York Times)
"გამარჯობა, მე ჯონ დო ვარ. გაინტერესებთ მონაცემები?" - ეს შეტყობინება მიიღო 2014 წელს მიუნხენში, გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის რეპორტიორმა ბასტიან ობერმაიერმა ანონიმური წყაროსგან, რომელმაც ჟურნალისტებს საერთო ჯამში 2.6 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემები გაუგზავნა. მასალების დამუშავების შემდეგ ეს მონაცემები "პანამის დოკუმენტების" სახელით გასაჯაროვდა. 11.5 მილიონი დოკუმენტი ასახავდა, 1977 წლიდან 2016 წლამდე როგორ იყენებდნენ გავლენიანი ადამიანები ოფშორულ ზონებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად.

"ჯონ დო" არასდროს შეხვედრია ჟურნალისტებს პირადად და არც მისი ვინაობა გაუმხელია მათთვის, ის მედიას მხოლოდ დაშიფრული მიმოწერით ეკონტაქტებოდა და პანამაში დარეგისტრირებული იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აწვდიდა. ანონიმურ წყაროს არასდროს მოუთხოვია ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი. მისი ვინაობა დღემდე უცნობია, თუმცა ცნობილია 39 წლის განმავლობაში ოფშორული ზონების საშუალებით კანონდარღვევით შესრულებული საქმიანობები. ანონიმური წყაროს ჟურნალისტებთან კონტაქტზე გასვლამ და მის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელმაც 2017 წელს ჟურნალისტიკის პრესტიჟული ჯილდო - პულიცერის პრემია დაიმსახურა.


alt
ჟურნალისტი ბასტიან ობერმაიერი, რომელსაც John Doe დაუკავშირდა. CC: Stefan Hobmaier / AP Images

სხვა ბევრი გახმაურებული საქმის მსგავსად, Cambridge Analytica-სა და Facebook-ის სკანდალის მთავარი წყაროც თავდაპირველად ანონიმური იყო. სანამ კომპანიის მიერ მილიონობით მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვებისა და მათი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ მეტი დეტალი გახდებოდა ცნობილი, Cambridge Analytica-ს სავარაუდო საქმიანობაზე ყურადღება 2017 წელს პირველად The Observer-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ მიიპყრო, რომელშიც მთავარი წყაროს ანონიმურობა იყო დაცული. მოგვიანებით, ცნობილი საქმის მამხილებელმა ვინაობა თავადვე გაამხილა. Cambridge Analytica სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა პოლიტიკური კამპანიებსთვის გამოყენებაში კრისტოფერ უაილიმ ამხილა. 2018 წელს, სკანდალის შემდეგ Cambridge Analytica -მ მუშაობა შეწყვიტა.


alt
კრისტოფერ უაილი. ფოტო: Antonio Olmos/The Observer

ანონიმური და კონფიდენციალური წყაროების დაცვა ჟურნალისტური სტანდარტია, რომლის შესრულება ზოგჯერ სასჯელით სრულდება. მიუხედავად ამისა, ანონიმურად მიღებული ინფორმაცია შესაძლოა ისეთი ღირებული იყოს, რომ არამხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ვითარება შეცვალოს, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჟურნალისტიკის ისტორიასა და პრაქტიკაზე.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ