ვინ არის მინსკის აეროპორტში დაკავებული ჟურნალისტი?
24.05.2021
23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაუგეგმავად დაეშვა. ბელარუსელმა სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მგზავრი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ჟურნალისტს შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს. ევროკავშირის ქვეყნები მომხდარს "სახელმწიფოს ტერორიზმად" აფასებენ. სხვა სახელმწიფოებთან ერთად საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები.

რა მოხდა 23 მაისს?

რომან პროტასევიჩი ვილნიუსში ათენიდან ბრუნდებოდა. ის საბერძნეთში ეკონომიკის საკითხზე კონფერენციას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ციხონოვსკაიასთან, ერთად დაესწრო.

ჟურნალისტმა ათენის აეროპორტშივე შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. ათენი-ვილნიუსის რეისი კი, რომელზეც 170 მგზავრი იყო, 3 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის საზღვართან ახლოს პილოტებს მინსკიდან შეატყობინეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი იყო. ბელარუსის პრეზიდენტის ბრძანებით, თვითმფრინავი აეროპორტამდე რეაქტიულმა გამანადგურებელმა MiG-29-მ მიაცილა. მგზავრებს ბორტი დაატოვებინეს და ისინი თავიდან შეამოწმეს. თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. რომან პროტასევიჩი კი ადგილზე დააკავეს.

Nexta-ს რედაქტორის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბორტზე ბელარუსის უშიშროების სამსახურის (KGB) თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ეკიპაჟის წევრებთან ჩხუბი მოაწყვეს და აცხადებდნენ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ამის შემდეგ კი ეკიპაჟი იძულებული გახდა მინსკში დაშვებულიყო.

ვილნიუსში მდებარე "ევროპულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტში" ამბობენ, რომ დაკავებულია მათი სტუდენტი სოფია საპეგაც, რომელიც ჟურნალისტთან ერთად მგზავრობდა. 

ლიეტუვაში მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება თვითმფრინავის ტერორიზმის მიზნით გატაცების ბრალდებით. ევროკავშირში ბელარუსზე სანქციების შესაძლო დაწესებას განიხილავენ და ამბობენ, რომ პროტასევიჩის დაკავება ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური ხმის ჩახშობის მორიგი მცდელობაა.  

ლიეტუვას პრეზიდენტი კი დამატებით, ბელარუსის საჰაერო სივრცის სახიფათოდ გამოცხადებისა და ბელარუსული თვითმფრინავების ევროკავშირის აეროპორტებში არ მიღების ინიციატივით გამოდის. მსოფლიო ლიდერები ჟურნალისტის დაკავებას გმობენ.

მომხდარს გუშინ ღამით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“. მოგვიანებით ამავე პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დაწერა, რომ " ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ ასახავს შექმნილი ვითარების სიმწვავეს და მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდეს სათანადო რეაქცია და დაგმოს ჟურნალისტის დაკავება.

ვინ არის რომან პროტასევიჩი?

პროტასევიჩი 26 წლის ბელარუსელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის ამჟამად Telegram-ზე ბელარუსული პოლიტიკური გამოცემის Belarus of the Brain-ის მთავარი რედაქტორია.

რომან პროტასევიჩი გასულ წელს Telegram-ზე არსებული არხის NEXTA-ს მთავარ რედაქტორად მუშაობდა. NEXTA-ს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ანტისამთავრობო გამოსვლებს აქტიურად აშუქებს. ასევე მონაწილეობს აქციების ორგანიზებაში. ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არხის მიერ გავრცელებული კადრებს ფართოდ იყენებდა საერთაშორისო მედია.

რომან პროტასევიჩმა ბელარუსი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო 2019 წელს დატოვა, მშობლები პოლონეთში მას შემდეგ გადაიყვანა, რაც მათ თვალთვალი დაუწყეს. მოგვიანებით კი საცხოვრებლად ვილნიუსში გადავიდა და თავისი საქმიანობა იქიდან განაგრძო.

ჟურნალისტმა ნოემბერში Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ის ბელარუსიის ტერორისტების სიაშია შეყვანილი. მას ბელარუსში არეულობებისა და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში დასდეს ბრალი.

პროტასევიჩმა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყურადღება პირველად თინეიჯერობის დროს დისიდენტობით მიიპყრო. ის 2011 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სკოლიდან, მოგვიანებით კი მინსკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამიდან გარიცხეს.

რა ემუქრება დაკავებულ ჟურნალისტს?

ბელარუსის უშიშროების სამსახურს რომან პროტასევიჩი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. თუ მას ტერორიზმში დაადანაშაულებენ, შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს. ამჟამად ჟურნალისტისთვის წარდგენილი ბრალდებები კი თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ