რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჟურნალისტიკა
15.06.2021
18 წლის დარნელა ფრეიზერს, რომელმაც გასულ წელს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო, ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - პულიცერის პრემია გადასცეს. ფრეიზერი ჟურნალისტი არაა, ის არც საინფორმაციო მედიასაშუალებაში მუშაობს.

თინეიჯერის გადაღებულმა ვიდეომ მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში. კადრები ძირითადი მტკიცებულება იყო, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზეც.

პულიცერის პრემიის კომიტეტმა ფრეიზერის დაჯილდოებისას ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების მნიშვნელოვან როლზე ჟურნალისტების მიერ სიმართლისა და სამართლიანობის ძიების პროცესში.

პულიცერის პრემია სპეციალურ კატეგორიაში

დარნელა ფრეიზერმა პულიცერის პრემია სპეციალურ კატეგორიაში მიიღო, (special citations - სპეციალური აღნიშვნა). ამ კატეგორიაში 1917 წელს, პულიცერის ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 44 ჯილდოა გაცემული. პულიცერის საბჭო ყოველწლიურად ლაურეატებს 16 ჟურნალისტურ კატეგორიაში ავლენს, თუმცა საპატიო კატეგორიაში გამარჯვებულები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ამას საბჭო მიიჩნევს საჭიროდ.

ამავე კატეგორიაში პულიცერის პრემია მიღებული აქვთ არეტა ფრანკლინის, ბობ დილანს, იდა უელსსა და სხვ.

სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი

სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მოქალაქე ჟურნალისტების როლი ინფორმაციის გავრცელებაში. ამას ცხადყოფს დარნელა ფრეიზერისთვის პულიცერის პრემიის გადაცემაც.

„მერილენდის უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი სუზან მოლერი წერს, რომ მოქალაქე ჟურნალისტები შესაძლოა ღია და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის, მხარდაჭერისა და შენების ყველაზე ძლიერ ძალად იქცნენ. მოქალაქე ჟურნალისტების როლი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მედიისადმი რეპრესიული რეჟიმის ქვეყნებში, სადაც ინფორმაციულ ვაკუუმს სწორედ მოქალაქე ჟურნალისტები ავსებენ.

„მოქალაქე ჟურნალისტები უპირატესობას ანიჭებენ პირად ინტერესებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებული ამბების შექმნას, პროფესიონალებისგან განსხვავებით ისინი უფრო ხშირად არიან თავიანთი ამბების ერთადერთი და პირველწყარო.“, - ასე ახასიათებს მოქალაქე ჟურნალისტებს „ანტვერპენის უნივერისტეტის“ ასოცირებული პროფესორი სტივ პოლესენი.

მოქალაქე ჟურნალისტები არ არიან პროფესიონალები - ისინი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან კონტენტს და აშუქებენ იმ თემებს, რომლებსაც თვითონ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. სამოქალაქო ჟურნალისტიკა ცდება ტრადიციულ მედიას და ის კონტენტის შექმნელებს საშუალებას აძლევს აუდიტორიის ყურადღება მიმართონ იმ საკითხებისკენ, რომლებსაც მასმედია ნაკლებად აშუქებს. დღეს ინფორმაციის შეგროვების პროცესში მოქალაქე ჟურნალისტებთან აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო მედიასაშუალებები და სააგენტოები.

თუმცა, მეორე მხრივ, პროფესიონალებისგან განსხვავებით მოქალაქე ჟურნალისტები თემებს შესაძლოა სუბიექტურად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების გაუთვალისწინებლად, საკუთარი ინტერესებით აშუქებდნენ. მედიის როლი კი ასეთი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებაა.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, 18 წლის დარნელა ფრეიზერისთვის ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს გადაცემა მოწმობს, რომ თანამედროვე, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დახმარებით რიგით მოქალაქესაც ისეთივე ძალაუფლება შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციაზე, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტებს.

რა გადაიღო დარნელა ფრეიზერმა?

2020 წლის 25 მაისს, მაშინ 17 წლის დარნელა ფრეიზერი თავის 9 წლის ბიძაშვილთან ერთად აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში ერთ-ერთ მაღაზიასთან იყო, როდესაც დაინახა, როგორ აკავებდნენ აფროამერიკელ კაცს სამართალდამცავები. ერთ-ერთი ოფიცერი ჯორჯ ფლოიდს 9 წუთისა და 29 წამის განმავლობაში კისერზე დაბჯენილი მუხლით აკავებდა ასფალტზე. ფლოიდი კი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ვეღარ სუნთქვდა.

დარნელა ფრეიზერის გადაღებული ინციდენტის ამსახველი 10-წუთიანი ვიდეო ჯერ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის საფუძველი გახდა, შემდეგ კი მთავარი მტკიცებულება სასამართლოზე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოფიცერი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ინციდენტში მონაწილე დარაჩენი სამი პოლიციელი კი სასამართლოს წინაშე 2022 წლის მარტს წარსდგება.

"რომ არა 17 წლის გოგონა დარნელა, [ჯორჯ ფლოიდი] პოლიციის მიერ მოკლული მორიგი შავკანიანი იქნებოდა", - ამბობდა CNN-თან ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრი.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ