28.09.2021
33-წუთიანი მასალა 51 წლის წინ, „ბითლზის“ დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე თინეიჯერებმა სკოლის ჟურნალისთვის ჩაწერეს. ძველ კასეტაზე შემორჩენილია ჯონ ლენონის გამოუქვეყნებელი სიმღერის ჩანაწერიც.
უცნობი ინტერვიუს ისტორია
როგორც BBC წერს, დანიელი კარსტენ ჰოჯენი 16 წლის იყო, როდესაც სამ მეგობართან ერთად ჩაწერა ჯონ ლენონთან ინტერვიუ. ეს 1970 წელს მოხდა, როდესაც ჯონ ლენონი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად დანიის ერთ-ერთ რეგიონში ჩავიდა.
ლენონი და ონო დანიაში ერთ თვეს დარჩნენ, მათი ჩასვლიდან ერთ კვირაში მუსიკოსის დანიაში ყოფნის შესახებ ადგილობრივმა გაზეთმა გააშუქა, ამის შემდეგ კი დანიური პრესა წყვილთან ინტერვიუს ჩაწერას აქტიურად ცდილობდა. საბოლოოდ 1970 წლის 5 იანვარს პრეკონფერენციის გამართვა გადაწყდა.
ინტერვიუს მსურველებს შორის 16 წლის ბიჭებიც იყვნენ, ოთხმა დანიელმა თინეიჯერმა მასწავლებელი დაითანხმეს სკოლის გაზეთისთვის პრესკონფერენციაზე წასულიყვნენ, მაგრამ გზაში თოვლიანი ქარბუქის გამო შეყოვნდნენ და ღონისძიებაზე დააგვიანეს. თუმცა, ლენონმა და ონომ თინეიჯერები და რამდენიმე დაგვიანებული ჟურნალისტი მაინც მიიღეს.
სკოლის 4 მოსწავლეს შორის ერთ-ერთი კარსტენ ჰოჯენი იხსენებს, რომ პერსკონფერენციისთვის ხმის ჩამწერი და კასეტა ითხოვეს. მუსიკოსთან შეხვედრის ფოტოებს მისი მეგობარი იესპერ იუნგერსენი იღებდა, ინტერვიუს კი თავად იწერდა.
„ჯონმა მკითხა „საიდან ხართ? რადიოდან?“ – „არა, სკოლის ჟურნალიდან“, - ვუპასუხე მე - ამბობს ჰოჯენი და ჰყვება, რომ შეხვედრა მყუდრო და თავისუფალი იყო. ლენონი, ონო, იოკო ონოს შვილი კიოკო, ონოს ყოფილი ქმარი ენტონი ქოქსი და მისი იმჟამინდელი ცოლი მელინდა სავარძელზე ისხდნენ და ფეხები მაგიდაზე ჰქონდათ შემოწყობილი.
მოზარდი ჟურნალისტები ლენონისა და ონოს მშვიდობის კამპანიით იყვნენ დაინტერესებულები ვიეტნამისა და ცივი ომის პერიოდში.
ჩანაწერში ჯონ ლენონს ეკითხებიან: „როგორ ფიქრობთ, ადამიანები, მაგალითად როგორიც მე ვარ, როგორ შეიძლება დაგეხმარონ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში?“
- „მოგვბაძე იმაში, რასაც ვაკეთებთ, დაფიქრდი რისი გაკეთება შეგიძლია შენ თვითონ“, - ასე პასუხობს მუსიკოსი.
ინტერვიუს ჩაწერის დროს წყვილი დანიურ ტრადიციას შეუერთდა და ნაძვის ხის გარშემო იცეკვა, შემდეგ ჯონ ლენონმა სიმღერა Give Peace A Chance შეასრულა. მან იოკო ონოსთან ერთად იმღერა ერთ-ერთი რადიო სადგურისთვის დაწერილი სიმღერაც Radio Peace. ჩანაწერის ავტორი ამბობს, რომ რადიო სადგური არასდროს გახსნილა და ეს სიმღერაც არასდროს გამოქვეყნებულა.
დღეს, კასეტაზე ჩაწერილი 33-წუთიანი მასალა, 23 ფოტო და სკოლის ჟურნალი კოპენჰაგენში, Bruun Rasmussen-ის აუქციონზე გაიყიდება.