29.10.2021
რა არის „ფეისბუქის ქაღალდები“?
ეს 17 ამერიკულ მედიასაშუალებას შორის კოლაბორაციული პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციის ჟურნალისტებმა ერთობლივი მუშაობით „ფეისბუქის“ შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვეს. ათასობით ფაილი მედიას “ფეისბუქის“ ყოფილმა თანამშრომელმა და მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა მიაწოდა. ამავე დოკუმენტებზე წვდომა აქვს ევროპული ახალი ამბების ორგანზაციების ცალკე ჯგუფსაც.
ჰაუგენის იურისტი დოკუმენტებს თვეების განმავლობაში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასა და კონგრესს აწვდიდა. სწორედ კონგრესისთვის გადაცემული დარედაქტირებული მასალები (ფაილებში დაფარულია დაბალ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების სახელები) შეისწავლეს 17 ორგანიზაციის ჟურნალისტებმა.
მანამდე, მამხილებელმა სექტემბერში კონფიდენციალურად დოკუმენტების ნაწილი Wall Street Journal-საც გადასცა. გამოცემამ კი მათზე დაყრდნობით მრავალნაწილიანი საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება - The Facebook Files-ის სახელით დაიწყო.
The Facebook Files-ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში მამხილებელის ვინაობა გადაცემა „60 წუთში“ გახდა ცნობილი. ფრენსის ჰაუგენი კონგრესის ერთ-ერთი ქვეკომიტეტში „ინსტაგრამის ახალგაზრდა ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ“ საკითხზე მოწმედაც წარსდგა.
„ფეისბუქის ქაღალდების“ გაშუქება კი მედიამ 2021 წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო.
„ფეისბუქის ქაღალდები“ მოიცავს: ჰაუგენის მიერ თავისი კომპიუტერის ეკრანზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია:
• კომპანიის კვლევები
• შიდა მიმოწერები
• ელ.ფოსტები
• პროექტების შესახებ ინფორმაცია
• სტრატეგიული გეგმები
• პრეზენტაციები
„სი-ენ-ენი“, „პოლიტიკო“, „ვაშინგტონ პოსტი“ და კიდევ სხვა 15 მედიასაშუალება შეთანხმდა, რომ ამ მასალებს ერთდროულად, 24 ოქტომბერს გამოაქვეყნებდა, რათა ყველას ჰქონოდა დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის შანსი, ასევე დრო მიეცათ „ფეისბუქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან პასუხის მისაღებად. შეთანხმების მიუხედავად მასალების მცირე ნაწილი დათქმულ დროზე ადრე მაინც გავრცელდა.
დოკუმენტებზე წვდომის მქონე მედიასაშუალებების რიცხვი დროდადრო იმატებს. გამოცემები გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს რეგულარულად ავრცელებენ და ეს პროცესი, სავარაუდოდ, დღეებსა და თვეებს გასტანს.
რაში ამხელს გაჟონილი დოკუმენტები „ფეისბუქს“ ?
ფაილების მიხედვით, „ფეისბუქის“ მიმართ მრავალი ბრალდება იკვეთება და ყოველი ახალი სტატია კომპანიის აქამდე უცნობ, ახალ პრობლემას ავლენს.
გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ, სავარაუდოდ:
• მარკ ცუკერბერგის საჯარო განცხადებები ეწინააღმდეგებოდა კომპანიის შიდა კვლევებს.
• „ფეისბუქი“ პრიორიტეტს ანიჭებდა პოსტებს, რომლებსაც „გაბრაზების“ ბევრი რეაქცია ჰქონდა. .
• „ფეისბუქი“ ვერ ახერხებს კონტენტის ეფექტურად მართვას.
• კომპანია მომხმარებელის უსაფრთხოებაზე მეტად მაქსიმალურ ჩართულობას (ინგეიჯმენთს) ანიჭებს უპირატესობას.
• „ფეისბუქმა“ იცის, რომ მისი კუთვნილ პლატფორმას „ინსტაგრამს“ უარყოფითი გავლენა აქვს თინეიჯერ გოგონებზე, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად ბევრს არაფერს აკეთებს.
• კომპანიის თანამშრომლები ზოგიერთ ქვეყანაში „ფეისბუქის“ პლატფორმის ტრეფიკინგის, ორგანოების გაყიდვის, უმცირესობების მიმართ ძალადობის წახალისების, პორნოგრაფიის გავრცელების მიზნებით გამოყენების შესახებ მიუთითებდნენ, თუმცა კომპანიის მხრიდან პასუხი ხშირად არაადეკვატური იყო ან საერთოდ არ რეაგირებდა.
• კომპანიის მკვლევრები „ფეისბუქის“ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა მათ ყურადღებას არ აქცევდა.
• 2020 წლის მაისში „ფეისბუქის“ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა 90%-ით ივარაუდა, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი ძალადობას ახალისებდა, თუმცა „ფეისბუქს“ მასზე რეაგირება მაშინვე არ ჰქონია.
• ვიეტნამის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ „ფეისბუქს“ ულტიმატუმი წაუყენა: ან ეთანამშრომლა მთავრობასთან და დახმარებოდა ანტისამთავრობო პოსტების ცენზურაში ან ქვეყანაში „ფეისბუქს“ გათიშავდნენ. მარკ ცუკერბერგის პირადი გადაწყვეტილებით, კომპანია „ანტისახელმწიფოებრივი პოსტების“ ნაწილობრივ ცენზურას დათანხმდა. ცუკერბერგი მიიჩნევდა, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვიეტნამში სოციალური ქსელის მთლიანად გათიშვა უფრო დააზიანებდა, ვიდრე მთავრობასთან შეთანხმება. მედია ვარაუდობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ფინანსურ მოგებას უკავშირდებოდა, რადგან „ფეისბუქი“ ვიეტნამიდან ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს.
• „ფეისბუქს“ უჭირს იმ მომხმარებლების ამოცნობა, რომლებიც რამდენიმე ანგარიშს ქმნიან.
• „ფეისბუქი“ გადაწყვეტილებების დროს პოლიტიკურ შეხედულებებს ითვალისწინებს.
• „ფეისბუქი“ ვერ ახერხებს არაბულად დაწერილი სიძულვილის ენის შემცველი პოსტების უმრავლესობის ამოცნობას.
• კომპანია დროულად არ რეაგირებდა კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე.
• ახლო აღმოსავლეთში „ფეისბუქის“ პლატფორმის ადამიანებით ვაჭრობისთვის გამოყენების გამო კომპანია „ეფლი“ „ფეისბუქს“ 2019 წელს Apple Store-დან „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ წაშლით დაემუქრა.
• „ფეისბუქს“ ჰყავს ე.წ VIP მომხმარებლები, რომლებზეც სოციალური ქსელის ზოგიერთი წესი არ ვრცელდება.
“ფეისბუქის” შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ გაჟონილი დოკუმენტები შერჩევითადაა გამოყენებული, რათა კომპანიის შესახებ ყალბი სურათი შექმნას. ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქში“ წახალისებულია ღია დისკუსია და კვლევები, რათა კომპლექსური საკითხები მოგვარდეს.
ამ ბრალდებების ფონზე მარკ ცუკერბერგის კომპანიამ 28 ოქტომბერს მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. „ფეისბუქს“ სახელი შეეცვალა და META დაერქვა. ეს გულისმობს, რომ შეიცვალა არა აპლიკაცია „ფეისბუქის“, არამედ კომპანიის სახელი, რომელიც „ფეისბუქთან“ ერთად „მესენჯერს“, „ინსტაგრამს“, „ვოტსაპსა“ „ოკულუს VR-ს“ ფლობს.