რატომ გაათავისუფლა რეიტინგული ტელეწამყვანი CNN-მა?
06.12.2021
CNN-ის ცნობილი წამყვანი კრის კუომო არხმა ჯერ საქმიანობას განსუსაზღვრელი დროით ჩამოაშორა, 4 დეკემბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლა. ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ წამყვანი სკანდალში გახვეული პოლიტიკოსი ძმის დასახმარებლად თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა.
___________________________________________________________________________________________________________

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ 29 ნოემბერს გასაჯაროვებულ მასალებში ჩანს, რომ CNN-ის ერთ-ერთი მთავარი გადაცემის, Cuomo Prime Time-ის წამყვანი, ჟურნალისტი კრის კუომო ძმას, პოლიტიკოს ენდრიუ კუომოს, სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებისგან დაცვაში ეხმარებოდა.

ჟურნალისტი პოლიტიკოსების ოჯახიდანაა. მის ძმას, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს, 11 ქალის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. დემოკრატიული პარტიის წევრი იყო მათი მამა, მარიო მეთიუ კუომოც - ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი 1983-94 წლებში.

ჟურნალისტისა და გუბერნატორი ძმის თანაშემწეს შორის მიმოწერებითა და მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ კრის კუომო გუბერნატორს საჯარო განცხადებებისა და პრესკონფერენციებისთვის მზადებაში ეხმარებოდა, იყენებდა თავის კავშირებს პრესაში, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო ბრალმდებელი ქალების შესახებ, არკვევდა კიდევ ვინ აპირებდა ძმის დადანაშაულებას, მუშაობდნენ თუ არა სხვა გამოცემები ახალი ბრალდებების შესახებ სტატიებზე და გუბერნატორის გუნდს სთხოვდა უფრო მეტად ჩართულიყო თავისი ძმის დაცვისთვის მზადებაში.

ძმები CNN-ის ეთერში - გამონაკლისი კრის კუომოსთვის

ენდრიუ კუომო განსაკუთრებით პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში იქცა, როდესაც, ნიუ-იორკის გუბერნატორის რანგში, ბრიფინგებს ყოველდღიურად ატარებდა.

2020 წელს კოვიდ პანდემიის დასაწყისში კრიტიკა გამოიწვია კრის კუომოს ინტერვიუმ ძმასთან, რომლის დროსაც ძმები კორონავირუსზე საუბრობდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. მას შემდეგ ძმები ერთად ეთერში კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც CNN-მა გამონაკლისი დაუშვა და ჟურნალისტს უფლება მისცა ინტერვიუ აეღო გუბერნატორი ძმისგან. ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მას ეს 2003 წლიდან [დასაქმების პერიოდიდან] აკრძალული ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას „სი ენ ენი“ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებით ხსნიდა.



 “კრისის საუბარი თავის ძმასთან იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მილიონობით ამერიკული ოჯახი იყო, მნიშვნელოვან ადამიანურ ინტერესს წარმოადგენდა”,- განმარტავდა CNN-ის წარმომადგენელი.

ამ გამონაკლისმა პირდაპირ იმოქმედა გადაცემის რეიტინგებზე, ძმების საერთო ეთერის დროს Cuomo Prime Time-ის მაყურებლების რაოდენობა იზრდებოდა.

ძმები CNN-ის ეთერში ერთად ბოლოს 2020 წლის მაისში გამოჩნდნენ. 2021 წლის თებერვალში კი, მას შემდეგ, რაც კრის კუომომ გუბერნატორის მიმართ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ბრალდებები არ გააშუქა, არხმა განმარტა, რომ ჟურნალისტს კვლავაც არ მისცემდა პოლიტიკოს ძმასთან ინტერვიუს ჩატარების უფლებას.

ბოდიში

2021 წლის მაისში გავრცელდა ცნობები, რომ ჟურნალისტი კუომო, გუბერნატორი ძმის პიარ კამპანიაში იყო ჩართული. ამის გამო კუომო კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის თანამშრომლების მხრიდან. წამყვანს ჟურნალისტური პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

საპასუხოდ კუომომ მაყურებელს პირდაპირ ეთერში მოუხადა ბოდიში: „შემიძლია ობიექტური ვიყო ნებისმიერი თემის მიმართ, გარდა ჩემი ოჯახისა. მე მიყვარს ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და მე მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს CNN-ში“.

კუომოს მხრიდან ძმის პიარ კამპანიაში მონაწილეობა CNN-მა „შეუფერებლად“ შეაფასა, თუმცა მაშინ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.

ჟურნალისტმა ძმის შესახებ დუმილი კიდევ ერთხელ აგვისტოში, ენდრიუ კუომოს, ნიუ-იორკის გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაარღვია. სატელევიზიო მიმართვის დროს მან გაიმეორა, რომ ის პოლიტიკოსი ოჯახის წევრისთვის არა „მრჩეველი“, არამედ „ძმა“ იყო. აღიარა, რომ ძმის თანაშემწეებს ესაუბრა და თავისი აზრი გაუზიარა, მაგრამ ეს ყველაფერი მაისში შეწყვიტა, როდესაც ამისკენ CNN-მა მოუწოდა.



„თავს არასდროს დავსხმივარ და არც არავინ წამიხალისებია თავს დასხმოდნენ იმ ქალებს, რომლებმაც ჩვენებები მისცეს. არასდროს დავკავშირებულვარ პრესის წარმომადგენლებს ჩემი ძმის ვითარებასთან დაკავშირებით“,- ამბობდა კუომო აგვისტოში.

თუმცა მის ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მასალები.

კუომოს გათავისუფლება

„კრისმა ჩვენთან აღიარა, რომ თავისი ძმის გუნდს რჩევები მისცა, გაირკვა, რომ მან ჩვენი წესები დაარღვია და ეს საჯაროდ ვაღიარეთ. მაგრამ ასევე ვაფასებდით მის უჩვეულო პოზიციას, გვესმოდა, რომ ის პირველ ადგილზე ოჯახს აყენებდა, მეორეზე კი სამსახურს.“ - წერია CNN-ის მიერ 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში - „თუმცა ეს დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროვებამდე ინფორმაცია არ გვქონდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს და თავისი ძმის საქმეში იმაზე დიდ ჩართულობაზე მიუთითებს, ვიდრე აქამდე ვიცოდით.“

ამ განცხადების პარალელურად, CNN-მა კრის კუომო საქმიანობას განუსაზღვრელი ვადით, საქმის შემდგომ შეფასებამდე ჩამოაშორა.

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას არხის განცხადებიდან მეორე დღეს, პირველ დეკემბერს, რადიო SiriusXM-ის ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ არხის გადაწყვეტილების ესმის, პატივს სცემს მისი ქცევის შეფასების პროცესს და ამ თემაზე აღარ ისაუბრებს.

მას შემდეგ კი, რაც არხის მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმა კუომოს შესახებ გავრცელებულილ დოკუმენტები შეაფასეს, CNN Worldwide-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა ტელეწამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა. არხის განცხადების მიხედვით, გამოძიება დღემდე გრძელდება.

კუომოს სექსუალურ შევიწროვებაშიც სდებენ ბრალს

CNN-დან კრის კუომოს დათხოვნის შემდეგ რამდენიმე საათში, New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს მისი ყოფილი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ქალი ანონიმურობას იცავს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასთან ერთად ტელეარხ ABC-ზე წლების წინ მუშაობდა. შევიწროვების ბრალდების შესახებ ქალის ადვოკატმა CNN-ს პირველ დეკემბერს შეატყობინა.

ჟურნალისტის წარმომადგენლები პრესასთან აცხადებენ, რომ ეს ბრალდება ტყუილია.

„არ მინდოდა ჩემი მუშაობა CNN-თან ასე დასრულებულიყო, მაგრამ მე უკვე გითხარით რატომ და როგორ დავეხმარე ჩემს ძმას“, - დაწერა კუომომ და მადლიერება გამოხატა თავისი გადაცემის გუნდის მიმართ „ტვიტერზე“, თუმცა სექსუალური შევიწროვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი უთქვამს.

კრის კუომოს ეს შემთხვევა ამერიკული მედიისთვის შესაძლოა პრეცდენტულიც იყოს. ეს აჩენს ახალ შეკითხვებსაც, დაკარგა თუ არა ნდობა არხმა და შეილახა თუ არა მისი იმიჯი ან რამდენად დროული იყო CNN-ის გადაწყვეტილება? რა შეიცვლება მედიასაშუალებების პოლიტიკაში, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების ნაწილს პირადი კავშირები აქვს პოლიტიკოსებთან.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ