10 მნიშვნელოვანი ამბავი მსოფლიო მედიაში 2021 წელს
31.12.2021
2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით მედიასივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. „მედიაჩეკერი“ საინტერესო შემთხვევებს მთელი წლის განმავლობაში აშუქებდა. გთავაზოობთ 2021 წლის 10 მნიშვნელოვან ამბავს მედიის სფეროში.

ტრამპის დაბლოკვა Twitter-ზე, შეფასებები და Twitter-ის ახალი, საპილოტე პროექტი

2021 წლის 8 იანვარს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და კომპანია Twitter-მაამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ანგარიში - @realDonaldTrump სამუდამოდ დაბლოკა.

გადაწყვეტილებას წინ ორი დღით ადრე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი და პრეზიდენტის Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული ძალადობის წამქეზებელი შინაარსის განცხადებები უძღოდა.

უნდა ჰქონოდა თუ არა პრეზიდენტს სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლებისგან განსხვავებით პრივილეგიები? და ვინ უნდა აკონტროლებდეს სოციალური მედიის კომპანიებს? - ამ თემაზე ვრცლად ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

გარდაიცვალა ლარი კინგი

ლეგენდარულ ამერიკელი ტელეწამყვანი 2021 წლის 23 იანვარს, 87 წლის ასაკში, ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წამყვანს კარიერის განმავლობაში 50 000-მდე ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. მის რესპონდენტებს შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები ჯერალდ ფორდიდან ბარაკ ობამამდე. სხვა ცნობილ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ - დალაი ლამა, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი და სხვები. კინგის ცხივრების შესახებ მეტს ამ ბმულზე გაიგებთ.

პრესის თავისუფლების შეზღუდვა პანდემიის საბაბით

Thomson Reuters Foundation-ის კვლევის მიხედვით, კოვიდ კრიზისი და პანდემია ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობამ მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა.

ეს კი რამდენიმე ფორმით, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, მედია ორგანიზაციების დახურვითა და პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღებით გამოიხატა. მეტ დეტალს ამ თემაზე ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.

დახურული გამოცემები, უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტები - პანდემიის გავლენა მედიაზე

კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა შეამცირა მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავალი, რამაც საკადრო ცვლილებები, ანაზღაურების შემცირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორგანიზაციების დახურვა გამოიწვია. ამის შესახებ ვრცლად 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში წაიკითხავთ.

ბელორუსიაში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაუგეგმავად დაეშვა. ბელარუსელმა სამართალდამცავებმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. დეტალებს გაიგებთ აქ.

პულიცერის პრემია 18 წლის მოქალაქეს

18 წლის დარნელა ფრეიზერს, რომელმაც 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო, ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - პულიცერის პრემია გადასცეს. ფრეიზერი ჟურნალისტი არაა და არც მედიაში მუშაობს. წაიკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჟურნალისტიკა.

ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს ნობელის პრემია გადაეცათ მშვიდობის დარგში

ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს: მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიანიჭეს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ჟურნალისტებს ჯილდოს ფილიპინებსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის გადასცემს.

ეს ჟურნალისტებისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების პირველი ფაქტია 1935 წლის შემდეგ.

"ფეისბუქის" ბნელი მხარე - რა წერია "ფეისბუქის ქაღალდებში"

ფინანსური მოგება მომხმარებლების უსაფრთხოებაზე წინ, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციასთან არასაკმარისად ბრძოლა, ვიეტნამში ანტი სამთავრობო პოსტების ცენზურა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტას“ (ძველი სახელით „ფეისბუქი“) მედია პროექტი The Facebook Papers (“ფეისბუქის ქაღალდები“) ამხელს.

ეს 17 ამერიკულ მედიასაშუალების საერთო პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციის ჟურნალისტებმა ერთობლივი მუშაობით „ფეისბუქის“ შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვეს. წაიკითხეთ აქ, თუ რაში ამხელს გაჟონილი დოკუმენტები „ფეისბუქს“.

რა არის მეტავერსი?

მარკ ცუკერბერგმა 2021 წლის 28 ოქტომბერს “ფეისბუქს“ სახელი შეუცვალა, „მეტა“ დაარქვა და დააანონსა, რომ ის ახალ ეტაპზე გადადის და მეტავერსის განვითარებაზე იწყებს მუშაობას. გაიგეთ ყვლელაფერი მეტავერსის შესახებ ამ სტატიაში.

რატომ გაათავისუფლა რეიტინგული ტელეწამყვანი CNN-მა?

წლის ერთ-ერთი გახმაურებული მოვლენა CNN-ის ცნობილი წამყვანის, კრის კუომოს გათავისუფლება იყო. ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ წამყვანი სკანდალში გახვეული პოლიტიკოსი ძმის დასახმარებლად თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა. წაიკითხეთ დეტალები ამ ბმულზე.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ