მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?
16.03.2022
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ამოქმედდა კანონი „ფეიკების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ომის შესახებ კრემლის ნარატივის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა მოქალაქე 15 წლით დააპატიმრონ.

კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ 4 მარტს განიხილა და იმავე დღესვე დაამტკიცა.

რას ამბობს კანონი?


რუსეთში იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, რუსეთის მოქალაქე დაისჯება ჯარიმით ან 15 წლამდე პატიმრობით.

  • რუსეთში იკრძალება ჯარის შესახებ ნებისმიერი მადისკრედიტებელი და „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ომის წამოწყება უნდა მოიხსენიონ, როგორც „სპეციალური ოპერაცია“ და არა „ომი“.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო, „ტასის“ ინფორმაციით, პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე თქვა: „მიღებული კანონები საჭიროა, რათა ობიექტური ინფორმაცია გავრცელდეს და დაიცვან მოქალაქეები და ქვეყანა სიცრუისგან, რომელიც ძირითადად უცხოური საინფორმაციო წყაროებიდან მოდის“.

უფრო დეტალურად:


რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს 207.3 მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ მიზანმიმართულად „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელება ისჯება:

  • ჯარიმით 700 000-დან 1,5 მილიონამდე რუბლის ოდენობით (7200$-დან 15500$-მდე).
  • ან მსჯავრდებულის ხელფასის ან სხვა შემოსავლის დაქვეთა 12-დან 18 თვემდე პერიოდის განმავლობაში.
  • ან გამასწორებელი შრომით ერთ წლამდე ვადით.
  • ან იძულებითი შრომით სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლის ვადით.
კანონის მიხედვით, ეს „რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას“ ემსახურება.

იგივე ქმედება ჩადენილი:


  • პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
  • ჩადენილი ჯგუფურად;
  • ბრალდების მხარისათვის ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით
  • ეგოისტური მოტივებით
  • პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილის ან მტრობის, ან რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის ან მტრობის გამო

ისჯება:

  • ჯარიმით 3 მილიონიდან 5 მილიონ რუბლამდე (31 000$-დან 52 000$-მდე) • ან მსჯავრდებულის ხელფასი ან სხვა შემოსავლის ოდენობით 3-დან 5 წლამდე.
  • ან 5 წლამდე სავალდებულო შრომით, ან გარკვეული თანამდებობის/საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 5 წლამდე ვადით.
  • ან თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე.

თუ ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულმა ქმედებებმა, "მძიმე შედეგები გამოიწვია", სასჯელი შემდეგია:

  • თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე და გარკვეული თანამდებობის/საქმიანობის უფლების ჩამორთმევია 5 წლამდე ვადით.

ვლადიმერ პუტინის მთავრობამ „ყალბი ამბების“ შესახებ კანონი 2019 წელსაც მიიღო, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებსა და პატიმრობას რუსეთის მთავრობის უპატივცემულობისთვის, მაგრამ სასჯელი გაცილებით მსუბუქი იყო - 15-დღიანი პატიმრობა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ