უკრაინაში ჟურნალისტი გაუჩინარდა
21.03.2022
რუსეთის უკრაინაში ომის გაშუქების დროს უკრაინული მედიასაშუალების, hromadske-ის ჟურნალისტი ვიკტორია როშჩინა გაუჩინარდა. გამოცემა ამბობს, რომ ჟურნალისტი რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს.

რა მოხდა?

ვიკტორია როშჩინასა და მის დამსაქმებელ მედია ორგანიზაციას შორის კავშირი 12 მარტს გაწყდა. მედიასაშუალების ინფორმაციით:
  • ომის დღეებში ვიკტორია როშჩინა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ცხელი წერტილებიდან ვიდეომასალებსა და სტატიებზე მუშაობდა.
  • 11 მარტს hromadske-მ მისი სტატია გამოაქვეყნა დროებით ოკუპირებული ქალაქის ენერგოდარის ცხოვრების შესახებ.
  • როშჩინა მასალებს ამზადებდა ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონებში სამხედრო ოპერაციების შესახებ, ის ქალაქ მარიუპოლში წასვლასა და იქ არსებული ვითარების გაშუქებას გეგმავდა.
  • 11 მარტის საღამოს როშჩინა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიედან მარიუპოლში მიემგზავრებოდა. ტელეფონზე ცუდი კავშირი ჰქონდა და, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მასთან საუბარი. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იმ დროისთვის ენერგოდარი უკვე დატოვა.
  • 12 მარტს რედაქცია ვიკტორია როსშჩინას ვერ დაუკავშირდა. მოწმის ინფორმაციით, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებენ, ჟურნალისტი დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში იმყოფებოდა.
  • 16 მარტს რედაქციამ შეიტყო, რომ წინა დღით ვიკტორია როშჩინა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაატყვევა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.
hromadske იუწყება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველანაირად ეცადნენ ჟურნალისტის გათავისუფლებას, ამბის გახმაურების გარეშე, თუმცა უშედეგოდ.

ჟურნალისტის, სავარაუდო, გატაცებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ. უწყება მომხდარში რუსულ მხარეს ადანაშაულებს.

გათავისუფლების მოწოდებები

  • ვიკტორია როშჩინას გაუჩინარებას გამოეხმაურა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაცია ჟურნალისტის ადგილსამყოფელისა და პირობების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
  • როსჩინას გათავისუფლებისკენ მოუწოდა რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უკრაინაში.
  • რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ჟურნალისტების, აქტივისტების, საჯარო მოხეელეებისა და მოქალაქეების გატაცებები დაგმო ევროკავშირმა.

ჟურნალისტების გატაცება უკრაინის ომში

20 მარტს გაათავისუფლეს უკრაინული გაზეთის Novyi Den-ის რედაქტორი ოლეგ ბატურინი. ჟურნალისტი 8 დღით მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ქალაქ კახოვკაში, თავის სახლთან ახლოს “20 წუთით” გავიდა.

  • “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ინფორმაციით, ბატურინის გათავისუფლების შესახებ “ფეისბუქზე” მისმა დამ ოლგა პერეპელიციამ დაწერა. მას არ დაუსახელებია ჟურნალისტის გამტაცებლების ვინაობა, თუმცა დაწერა, რომ ბატურინს დამამცირებლად ეპყრობოდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. მისივე ინფორმაციით, გამტაცებლებს სურდათ ეჩვენებინათ, რა მოუვა ყველა ჟურნალისტს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ