რუსეთი ჟურნალისტ დმიტრი გორდონს ძებნილთა სიაში დაამატებს
22.03.2022
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რა მოხდა?

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს “ომის დაწყების შესახებ საჯარო მოწოდებების, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში” ედავება.

რუსეთის საგამოძიებო დეპარტამენტი ამბობს:
  • “გორდონმა უკრაინული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოუწოდა რუსეთის ფედერაციაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით მის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისკენ.”
  • “გორდონმა განზრახ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შესახებ. “
რუსული საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ უკრაინულ მედიას ჟურნალისტიკის საბაზისო პრინციპები და კანონის ნორმები “დაავიწყდა” და ექსტრემისტული მოწოდებების პლატფორმად იქცა. რაც რუსული მხარის განმარტებით, აჩვენებს “უკრაინული ნაციონალიზმის არსს, რაც უფრო და უფრო რადიკალურ ფორმას იღებს”.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შესაბამის ზომებს მიმართავს, რათა დმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში დაამატონ.

გორდონის პასუხი

ჟურნალისტი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.

“ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რუსეთის ფედერაციისგან ახლა სისხლის სამართლის საქმის მიღება. ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას”, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.

დმიტრი გორდონი ამბობს:
  • პუტინის ჯარები განაგრძობენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას და მშვიდობიანი მოქალაქეების, მატ შორის ბავშვების, ქალებისა და პენსიონერების დახოცვას.
  • გორდონი ამბობს, რომ არავის ემალება, არავის ეშინია და კიევში საკუთარ სახლშია.
  • ის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება პესონალურად ვლადიმერ პუტინმა გასცა.
  • “ვერც უკრაინას და ვერც მე დამაშინებ. პუტინო, მე არ ვარ დამნაშავე, ნაცისტი დამნაშავე შენ ხარ და შენ წარსდგები ახალ ტრიბუნალზე იმავე ადგილას, სადაც ნაცისტები ისხდნენ”, - ამბობს დმიტრი გორდონი.
დმიტრი გორდონი უკრაინელი მწერალი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. ის გადაცემის "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" წამყვანი, გაზეთ "გორდონის ბულვარის" მთავარი რედაქტორი და ონლაინ გამოცემა "GORDON"-ის დამფუძნებელია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს სისხლის სამართლის საქმე კიდევ რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტის მიმართ აქვს აღძრული.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ