რუსეთში “ფეიკების” კიდევ ერთი კანონი მიიღეს
22.03.2022
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც დასჯადი ხდება “ყალბი” ინფორმაციის გავრცელება რუსეთის სამთავრობო უწყებების საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

დეტალები

კანონპროექტი, რომელსაც მხარი 340-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა (თავი შეიკავა 59-მა), ისეთივეა, როგორიც აქამდე მიღებული კანონი რუსეთის შეაიარაღებულ ძალების შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებაზე.

პასუხისმგებლობა “ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” ისეთ სახელმწიფო უწყებებზე, როგორებიცაა საელჩოები, პროკურატურა, რუსეთის გვარდია, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა დეპარტამენტები, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • “ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება, რომელიც მოიცავს მონაცემებს რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელების შესახებ ქვეყნის ტერიტორიის გარეთ რუსეთის ფედერაციის, მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად” - დაისჯება ჯარიმით 700 ათასი - 1.5 მილიონი რუბლამდე ან სამ წლამდე პატიმრობით.
  • იგივე ქმედება სამსახური მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, “ბრალდების მტკიცებულებათა ხელოვნური შექმნით”, “მოტივიებული პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილით ან მტრობით“ - დაისჯება ჯარმით 3 მილიონიდან -5 მილიონ რუბლამდე ან 5-დან 10 წლამდე პატიმრობით.
  • მძიმე შედეგების შემთხვევაში - სასჯელი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
  • “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ასევე, კანონი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების „დისკრედიტაციისთვის“, რაც გამოიწვევს - ჯარიმას 300 ათას რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე.
რუსეთში ასეთივე კანონი, ოღონდ, რუსული არმიის შესახებ 4 მარტს მიიღეს. ომის შესახებ კრემლის ნარატივის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა მოქალაქე 15 წლით დააპატიმრონ. მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ