რუსეთის პირველი არხი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა
23.03.2022
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო პროტესტის ნიშნად რუსეთის სამთავრობო “პირველი არხი” დატოვა ტელეწამყვანმა და კორესპონდენტმა ჟანნა აგალაკოვამ.

რა მოხდა?

ჟანნა აგალაკოვა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში, “პირველ არხზე” 20 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა. ის ბოლო წლებში არხის კორესპონდენტი იყო ნიუ-იორკსა და პარიზში.

აგალაკოვამ არხის დატოვების შესახებ პარიზში ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მანამდე კი “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სიმბოლურად რუსეთის “პირველი არხის” ლოგოიან სამაჯურს მაკრატლით ჭრის.

არხიდან წასვლის მიზეზები:

რუსი ჟურნალისტი ჟანნა აგალაკოვა ამბობს, რომ:

  • აღარ შეეძლო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტყუილებსა და მანიპულაციებში მონაწილეობა.
  • ის კარიერის განმავლობაში ბევრს “კომპრომისზე” წავიდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა “წითელი ხაზი” იყო.
  • ის ყოყმანობდა საჯაროდ საუბარზე, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
  • “ვფიქრობდი, რომ პარიზში მოვლენების გაშუქებით თავს ავარიდებდი პროპაგანდისტობას. მე არ მომიტყუებია. ყველა ფაქტი [რასაც ვაშუქებდი] რეალური იყო, მაგრამ აიღეთ ფაქტები, არიეთ ერთმანეთში და დიდ ტყუილს მიიღებთ"
  • “მინდა რუსეთმა მომისმინოს, ადამიანებმა ისწავლონ პროპაგანდის ცნობა, მინდა, ეძებონ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები და აღარ იყვნენ დაზომბებულები”
  • “ვიცი, რუსეთში ჯაშუშობაში დამადანაშაულებენ, იტყვიან, რომ ბევრს მიხდიან ამის თქმისთვის. არავინ მიხდის, მე არავისთვის ვმუშაობ, უბრალოდ ჩემს ქვეყანას ვემსახურები.”

რუსმა ჟურნალისტმა სახელმწიფო მედია პროპაგანდის გავრცელებაში ამხილა. მედია გააკრიტიკა რუსეთის ოპონენტების მუდმივად “ნაცისტებად” მოხსენიების გამოც.

  • “როცა რუსეთში სიტყვა “ნაცისტი” გვესმის, ჩვენი ერთადერთი რეაქციაა - განადგურება. ეს [მედიის ნარატივი] მანიპულაცია და დიდი ტყუილია.”
  • “რუსეთში მთავრობა ახშობს დამოუკიდებელ მედიას და ვრჩებით სიტუაციაში, როცა მედიაში მხოლოდ ერთ - მთავრობის, ერთ ადამიანის ნარატივს ვხედავთ, ჩვენი ახალი ამბები რეალობას არ აჩვენებს.”
  • “ეს პარადოქსია. ჩვენ მხოლოდ ქვეყნის პირველ პირს ვხედავთ, რა შეჭამა, ვის ჩამოართვა ხელი, წელს ზემოთ შიშველიც კი ვნახეთ, მაგრამ არ ვიცით ის დაქორწინებულია თუ არა, ჰყავს თუ არა შვილები. ეს უცნაური დისბალანსია”

“ვითარების მძევლებად” - მოიხსენიებს აგალაკოვა იმ კოლეგებს, რომლებიც რუსეთში სამთავრობო მედიაში მუშაობენ.
  • "ბევრი ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს ჩემსავით ფიქრობს, მარტივია მათი დადანაშაულება, ჰკითხოთ რატომ არ ტოვებენ სამსახურს, რატომ არ აპროტესტებენ, მაგრამ ვინც [სახელმწიფო მედიაში] რჩება, მათ ოჯახები, მოხუცი მშობლები, ბავშვები ჰყავთ და გადასახადები აქვთ. ისინი ვითარების მძევლები არიან”, - ამბობს რუსი ჟურნალისტი.

ჟანნა აგალაკოვამ სამსახურიდან წასვლის წერილი 3 მარტს დაწერა. ის პირველი არაა, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული სამთავრობო არხი დატოვა.

“პირველ არხზე” პირდაპირ ეთერში პროტესტის შემდეგ სამსახური დატოვა რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ.

ჯერ ქვეყნიდან წავიდა და შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული არხი НТВ დატოვა ტელეწამყვანმა ლილია გილდეევამ. ამავე არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ბრიუსელის კორესპონდენტმა ვადიმ გულკსერმაც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ