რუსები უკრაინელ ფიქსერს 9 დღეს აწამებდნენ - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
23.03.2022
რუსმა სამხედროება უკრანაში Radio France-ისთვის მომუშავე “ფიქსერი” 9 დღის განმავლობაში აწამეს. ორგანიზაცია “რეპორტიორები საღვრებს გარეშე” (RSF) წერს, რომ მას ელექტროშოკით აწამებდნენ, რკინის ფილებით სცემდნენ და აშიმშილებდნენ.

ორგანიზაცია ამ ინფორმაციას სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს გადასცემს.

რა მოხდა?

RSF-მა უსაფრთხოების მიზნით 32 წლის უკრაინელ ფიქსერს სახელი შეუცვალა და თავის განცხადებაში მას ”ნიკიტად” მოიხსენიებს.

ნიკიტა იურისტი და მენეჯერია, თუმცა 2013 წლიდან, როგორც ფიქსერი, ეხმარება სხვადასხვა საერთაშორისო მედიას, უკრაინაში მუშაობის დროს. მას უთანამშრომლია ისეთ უცხოურ მედიებთან, როგორებიცაა France 2, BFMTV და RFI.

მეტი მათ შესახებ: ფიქსერები - ჟურნალისტები, უსახელოდ

RSF-ის ცნობით, ნიკიტა რუსმა სამხედროებმა უკარინის ცენტრალური ნაწილიდან აიყვანეს და 9 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. მოგვიანებით, მასთან ერთად დაატყვევეს კიდევ სამი ადამიანი.

ნიკიტას ამბავი მოიცავს:
  • მისი ავტომობილის ჩაცხრილვას
  • დანითა და ელექტროშოკით წამებას
  • სახისა და სხეულის არეში მეტალის ფილებით და თოფის კონდახებით მუდმივ ცემას
  • სიკვდილით დასჯის ინსცენირებასა
  • 48-საათიან შიმშილობას.

“რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე” ნიკიტას ძებნა 8 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც Radio France-ისგან მისი გაუჩინარების შესახებ შეიტყო. ორგანიზაცია ნიკიტას მისი გათავისუფლების შემდეგ ლვოვში გახსნილი “პრესის თავისუფლების ცენტრის” საშუალებით დაუკავშირდა.

RSF-მა გამოკითხა ნიკიტას ოჯახის წევრები, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ტყვე და Radio France-ის ორი ჟურნალისტი. ნიკიტას სამედიცინო ექსპერტიზის დროს თან ახლდნენ RSF-ის თანამშრომლებიც. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა უკრაინელი ფიქსერისადმი არასათანადო ფიზიკური მოპყრობა.

რას ჰყვება უკრაინელი ფიქსერი? (გაფრთხილება: შეიცავს მძიმე დეტალებს)

5 მარტს ნიკიტა Radio France-ის ჯგუფთან ერთად უკრაინის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. ის იმ სოფელთან ახლოს იყო, სადაც ნიკიტას ოჯახის წევრები აფარებდნენ თავს.

ნიკიტამ შეიტყო, რომ სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილი იყო. რადგან რეგიონში ინტენსიურად იბომბებოდა, გადაწყვიტა ცოტახნით სოფელში გამგზავრებულიყო, რათა გაერკვია ოჯახის მდგომარეობა და ისინი ადგილიდან გაეყვანა.

ნიკიტამ უცხოელი რეპორტიორების ავტომობილი ითხოვა, მათი აღჭურვილობა ამოალაგა და დანიშნულების ადგილისკენ დაიძრა. მას სამი სოფელი უნდა გაევლო.

  • ნიკიტას, რომელიც პრესის ნიშინიანი ავტომობილით გადაადგილდებოდა ტყის პირას გზაზე რუსეთის სადაზვერვო ქვედანაყოფი დაესხა თავს. მის მანქანას დაახლოებით 30-40-ჯერ ესროლეს.
  • ფიქსერი თავის დაღწევას შეეცადა, თუმცა ხეს შეეჯახა, ის უსაფრთხოების ბალიშმა გადაარჩინა. კაცმა ყვირილი დაიწყო, რომ მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ხელები ასწია, რათა სამხედროები დაერწმუნებინა, რომ შეუიარაღებელი იყო და ავტომობილიდან გადავიდა.
  • ექვსმა სამხედრომ ნიკიტა დაიჭირა, მიწაზე დააგდო, გაჩხრიკა და ფიზიკურად გაუსწორდა. უკრაინელი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქე იყო, თუმცა, როგორც ჩანს, რუსები ფიქრობდნენ, რომ ნიკიტა სამხედრო მზვერავი იყო.
  • რუსმა სამხედროებმა ნიკიტას თვალები აუკრეს და რამდენიმე წუთის სავალ გზაზე ერთ-ერთ სახლში მიიყვანეს. რუსებმა მისი მობილურის დათვალიერებით შეიტყვეს ნიკიტას სამსახურის შესახებ ინფორმაცია - რომ ის ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს ეძებდა და მარშრუტებს გეგმავდა, რაზეც დაეჭვდნენ.
  • ნიკიტა გარეთ გაიყვაანეს, კედელს მიანარცხეს და სახესთან დანის პირის მიტანით დაჭრით დაემუქრნენ. მან სამხედროებს უთხრა, რომ უცხოელი ჟურნალისტების ფიქსერი და თარჯიმანი იყო, თუმცა რუსებმა სახესა და სხეულზე კონდახები ურტყეს.
  • შემდეგ ფიქსერი თხრილში მკვდარ ძაღლთან ჩააგდეს და მისი მოკვლის სცენა გაითამაშეს - ერთმა სამხედრომ თავი მოაჩვენა, თითქოს თავისი იარაღის გამართულობის შემოწმება სურდა და გაისროლა.
  • შემდეგ ნიკიტა სამხედროებმა 10 წუთის სავალ გზაზე, ტყეში თავიანთ ბანაკში წაიყვანეს, მას თვალები კვლავ აკრული ჰქონდა და ვერ ხედავდა, თუმცა ფიქრობს, რომ ადგილზე 100-მდე ჯარისკაცი იქნებოდა ჯავშანტექნიკითა და არტილერიით.
  • სამხედროებმა ის ხეზე მიაბეს, მოიპარეს მისი ქორწინების ბეჭედი და გახადეს ფეხსაცმელები. იმ საღამოს რუსებმა ნიკიტა კვლავ კონდახებითა და ლითონის ფილებით სცემეს ფეხებში. უკრაინელმა ფიქსერმა გონება რამდენჯერმე დაკარგა.
  • თვალებაკრული ნიკიტა ამის შემდეგ კიდევ ორ ხეზე მიაბეს. მან ასეთ თითქმის სამი დღე გაატარა ტყეში. 6 მარტს კი ის, სავარაუდოდ, პოლკოვნიკმა დაკითხა თავისი საქმიანობის შესახებ.
  • მომდევნო 2 დღე ნიკიტამ ტყეში დაბმულმა გაატარა. აღარ სცემდნენ. მის გვერდით დააბეს სხვა მოქალაქეებიც.
  • 8 მარტს ნიკიტა და კიდევ ორი ტყვე მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე გადაიყვანეს. მისვლისას სამხედროებმა ნიკიტა ავტომობილიდან გადმოსვეს, მიწაზე დააგდეს, მის ზურგზე სამხედრო დაჯდა და იგივე შეკითხვები დაუსვა, რასაც ტყეში ეკითხებოდნენ. სამხედროები ფიქრობდნენ, რომ ნიკიტა ჯაშუში იყო და ამის დასაფარად ფიქსერის სამუშაოს იყენებდა.
  • ერთმა სამხედრომ შარვლის მარჯვენა ტოტი მუხლამდე აუწია, მეორემ კი ელექტროშოკი გამოიყენა. მიწეზე სახედადებული ნიკიტა ვერ ხედავდა რა ინსტრუმენტს იყენებდნენ ელექტრო დარტყმებისთვის, თუმცა 5-10 წამიანი ოთხი შოკი დაითვალა. აწამეს დანარჩენი ორი მოქალაქეც.
  • სამხედროებმა ნიკიტას რუსეთის არმიისა და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი წერილის დაწერა და ხელმოწერა აიძულეს.
  • თვალებაკრული ნიკიტა და ორი მოქალაქე სახლის სარდაფში გადაიყვანეს, რომლის იატაკიც წყლით იყო სავსე. სარდაფში ისინი 2 დღეს დატოვეს მანამ, სანამ ტყვეები მცველებს ნაკლებად ცივ ადგილას გადაყვანას არ შეეხვეწნენ.
  • 10 მარტს ტყვეები სხვა სახლის სარდაფში გადაიყვანეს, სადაც მათ კიდევ ერთი ტყვე, უკრაინელი ყოფილი საჯარო მოხელე შეუერთდა. იმ სახლში ოთხივე მათგანი სხვადასხვა სამხედრომ დაჰკითხა. ნიკიტას მხოლოდ მათი ფეხებისა და ფეხსაცმელების დანახვა შეეძლო, თუმცა ეს საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ ისინი საბრძოლო შეანაერთებიდან არ იყვნენ. სუფთა ფეხსაცმელები და დაუთოებული შარვლები მიანიშნებდა, რომ ისინი შესაძლოა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ან რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) წევრები ყოფილიყვნენ.
  • 12 მარტს ტყვეებს უთხრეს, რომ მომდევნო დღეს გაათავისუფლებდნენ. შესაბამისად, 13 მარტს ნიკიტა ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ტყეში გაუშვეს. უკრანელი ფიქსერი ფიქრობდა, რომ მოკლავდნენ და გაიქცა. თუმცა სროლის ხმა არ გაუგია და გზამდე გავიდა.
  • ნიკიტა გზაზე სხვა რუსმა სამხედროებმა გააჩერეს, მას ეგონა, რომ კიდევ ერთხელ გაიტაცებდნენ, თუმცა უკრაინელი მოქალაქეების ავტომობილში მოხვედრა მოახერხა. “თუ არ წაიყვანთ, აქვე ვესვრით”- ასე მიმართა უკრაინელ მოქალაქეებს რუსმა სამხედრომ.

ნიკიტას მთელს სხეულზე აქვს ჩალურჯებები, შეშუპებული აქვს ფეხი, ელექტროშოკის შედეგად უჭირს ხელების მოძრაობა. ექიმმა მის თავსა და ტანზე ჰემატომები ნახა. ფიქსერს ა დალურჯებული აქვს კიდურები. იმის გათვალისწინებით, რომ მას დაზიანებები რუსეთის არმიამ მიაყენა, ექიმმა დაასკვნა, რომ მან “კრიმინალური ტრავმა” მიიღო. უკრაინელი ფიქსერი ახლა გამოჯანმრთელების პროცესს გადის. მისმა ოჯახმა გაქცევა მოახერხა.

RSF ნიკიტას შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს აქამდე წარდგენილი ორი საჩივრის დამატებად გაუგზავნის.
  • „ნიკიტამ შემზარავი ჩვენება მოგვცა, რომელიც ადასტურებს რუსეთის არმიის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების სიმძიმეს. მისი ჩვენების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის გადაცემა ყველაზე ცოტაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მამაცი ახალგაზრდა ფიქსერისთვის”, - ამბობს RSF-ის გენერალური მდივანი კრისტოფ დელუა.

ნიკიტასთან ერთად დატყვევებულებიდან: ერთი მოქალაქე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია. უცნობია ყოფილი საჯარო მოხელის ბედი, მესამე მოქალაქე კი ამბობს, რომ რუსი სამხედორებისგან თავის დაღწევა ბევრი დაზიანების გარეშე შეძლო. როცა RSF-მა ჰკითხა, მისი აზრით, რატომ გაათავისუფლეს, მათი მოკვლის ნაცვლად, უკრაინელმა მოქალაქემ უპასუხა, რომ “არამგონია, გამბედაობა ჰქონოდათ საფლავების გათხრისთვისო”.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ